„იმედია, ჩემი ყველაზე ცუდი კრიტიკოსებიც კი დარჩებიან ტვიტერზე. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება”, - დატვიტა ილონ მასკმა ორშაბათს. 25 აპრილს. მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა, სოციალური ქსელი ტვიტერი 44 მილიარდ დოლარად იყიდა.
იქამდე 3 კვირით ადრე იგი ჯერ კომპანიის მეწილე გახდა და მისი აქციების თითქმის 10% შეიძინა.
რად უნდა?
თავად მასკის თქმით, „სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად”. 14 აპრილს, მან უთხრა გამოცემა TED-ს, რომ აპირებს, ტვიტერი გამოხატვის „ინკლუზიურ ასპარეზად” აქციოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს მივცეთ ასეთი რეალობა და იმის აღქმა, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ისაუბრონ, კანონის ჩარჩოებში”, - განაცხადა მან.
მასკი დიდი ხანია აკრიტიკებს სხვადასხვა სოციალურ ქსელს, მათ შორის ტვიტერს, მოდერაციის „მეტისმეტად მკაცრი” წესების და ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის შეზღუდვის გამო.
სანამ სოციალურ ქსელს შეიძენდა, საკუთარ გვერდზე გამოკითხვა მოაწყო.
„სიტყვის თავისუფლება აუცილებელია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ფიქრობთ თუ არა, რომ ტვიტერი საგულდაგულოდ მისდევს ამ პრინციპს?”
გამოკითხვაში ორ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობამ, 70%-მა თქვა, არ მისდევსო.
ტვიტერი საგრძნობლად ჩამორჩება ფეისბუკსა და ტიკ-ტოკს მომხმარებლების რაოდენობით. ამერიკულმა კომპანიამ, Emarketer-მა გამოთვალა, რომ 2021 წელს ტვიტერს 339 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ეს მაშინ, როდესაც ფეისბუკს ყოველთვიურად 2 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს.
ტვიტერი მოწინავე პოზიციებზე არც ფულის კეთების მხრივაა. იმავე Emarketer-ის თანახმად, 2021 წელს ფეისბუკის შემოსავალი თითქმის 17-ჯერ მეტი იყო.
თუმცა მასკი იმასაც აღნიშნავს, რომ ტვიტერი გასამდიდრებლად არ უყიდია.
„ინტუიცია მკარნახობს, რომ საჯარო პლატფორმის არსებობა, რომელსაც მაქსიმალურად ენდობიან და რომელიც ფართოდ ინკლუზიურია, ძალიან მნიშვნელოვანია ცივილიზაციის მომავლისთვის. ეკონომიკა საერთოდ არ მადარდებს”, - ამბობს იგი.
ვინ არის ილონ მასკი?
ილონ მასკი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, ტესლას და კოსმოსის საკვლევი კომპანიის, SpaceX-ის დირექტორია.
ცოტა ხნის წინ Space X-მა ორბიტაზე თანამგზავრები გაუშვა. პროექტ „სტარლინკის“ მიზანია რამდენიმე წელიწადში მთელი მსოფლიო უფასო ინტერნეტით მოამარაგონ. პირველი ბენეფიციარი უკრაინა გახდა.
ომის დაწყების შემდეგ, ილონ მასკის კომპანიამ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს რამდენიმე ათასი თეფში მიაწოდა.
მასკი მონაწილეობდა ონლაინგადახდების კომპანიის, PayPal-ის შექმნაში.
არაერთი რეიტინგის თანახმად, იგი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში წერია, რომ 260 მილიარდ დოლარს ფლობს. ფორბსის ინფორმაციით კი - 270 მილიარდს.
მასკი ტვიტერის ყველაზე პოპულარული მომხმარებლების ათეულშია. თავადაც აქტიურად პოსტავს. ხშირად - მიმებს. ასევე ხუმრობებს ორალურ სექსსა და მოსაწევზე. საკუთარ თავს „ტესლას ტექნომეფეს” უწოდებს. მას 84 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
მასკი საკუთარი პოსტებისა და მიმდევრების გამო, არაერთ სკანდალში გახვეულა.
მაგალითად, 2018 წელს. 23 ივნისს ტაილანდის პროვინცია ჩანგ რაიში 12 მოზარდი დატბორილ გამოქვაბულში გაიჭედა. მაშინ ილონ მასკმა მაშველებს პატარა წყალქვეშა ნავი შესთავაზა. ერთ-ერთმა მყვინთავმა, ვერნონ ანსვორთმა ამას „უსარგებლო პიარსვლა” უწოდა. საპასუხოდ, ტრაპმა მყვინთავი აბუჩად აიგდო და ტვიტერზე „პედო ტიპად” მოიხსენია. მისი ტვიტის კვალდაკვალ ათასობით მიმდევარმა ვერნონ ანსვორთს შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მისწერა. მასკმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და ტვიტი წაშალა.
რას აპირებს?
სწორედ მასკის „ექსცენტრიკულობის” გამო, სოციალური ქსელების ბევრ მკვლევარს ეშინია, რომ თავისუფლების მისეული ინტერპრეტირება შეიძლება სახიფათო იყოს.
მაგალითად, რა მოხდება, თუკი ტვიტერზე პორნოგრაფიას დაუშვებს? სად გაავლებს ზღვარს სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის? დაცულები იქნებიან თუ არა ჩაგრული ჯგუფები, მაგალითად, ქვიარები ან შავკანიანები? დააბრუნებს დონალ ტრამპს და შეთქმულების თეორიების მიმდევრებს?
ტრამპის დაბრუნებაზე მასკს პირადპირ არ უპასუხია, თუმცა თქვა, რომ მომხმარებლების სამუდამოდ დაბლოკვა არასწორია და ეს მხოლოდ დროებით უნდა ხდებოდეს.
თავად ტრამპი კი ტვიტერზე დაბრუნებას არ აპირებს. მისი თქმით, ბანი სულ რომ მოხსნან, მაინც საკუთარ სოციალურ ქსელს, Truth Social-ს მიანიჭებს უპირატესობას.
ასევე ნახეთ ტრამპის სოციალური ქსელი ტვიტერის “ბიძაშვილია”ილონ მასკის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია, გამჭვირვალე გახადოს ტვიტერის ალგორითმი, რათა მომხმარებლებმა ნახონ, რომელ პოსტებს ანიჭებს ის უპირატესობას.
თუმცა ზოგი ამაშიც საფრთხეს ხედავს. გამოცემა ბლუმბერგის რედაქტორი მაქს ჩაფკინი წერს, რომ ალგორითმზე წვდომა გაუმარტივებს საქმეს სპამერებსა და კიბერდამნაშავეებს.
„თაღლითების შესაჩერებლად, საჭიროა სწორედ ის, რისაც ასე ძალიან ეშინია [მასკს]: კონტენტის მოდერაცია. იგი ბოლომდე გამჭვირვალე არ უნდა იყოს, რათა თაღლითები ცვლილებებს ვერ მოერგონ. სწორედ ამის წყალობითაა რთული სოციალური ქსელების “გათავისუფლება”, - მიაჩნია ჩაფკინს.
ბევრისთვის ისიც პრობლემაა, რომ სოციალური ქსელის ფლობა კიდევ უფრო გაზრდის მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ძალაუფლებას.
„ტვიტერი მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მას ერთი ადამიანი აკონტროლებდეს” - დატვიტა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა, ფრედ უილსონმა.