"შემთხვევით არაფერი ხდება"- უბედური შემთხვევები რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე 

უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდან რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სოფლებს, ანადგურებს ინფრასტრუქტურულ, სამედიცინო, სასწავლო ობიექტებს და საცხოვრებელ სახლებს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. ბოლო დროს კი რუსეთიდანაც, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე რაიონებიდან, გახშირდა ცნობები სარკინიგზო კვანძების მწყობრიდან გამოყვანის, იარაღის საწყობების აფეთქებებისა და ნავთობის მსხვილ საცავებზე გაჩენილი ხანძრების შესახებ. ამ „უბედური შემთხვევების“ სიხშირემ გააჩინა ეჭვი, ხომ არ იკრებს ძალას იკრებს უკრაინული პარტიზანული მოძრაობა, რომლის წევრები რუსეთის საოკუპაციო არმიის მოქმედების საპასუხოდ დივერსიულ აქტებს ახორციელებენ?

ეს ეჭვები გააძლიერა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ორაზროვანმა ნათქვამმაც.

ოლექსი არესტოვიჩი

„გაურკვეველია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვიან, სამხედრო უმაღლესი სასწავლებლები იწვიან, რაღაც საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, - ეს განცხადება ოლექსი არესტოვიჩმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას გააკეთა.

რა მოხდა ბრიანსკში?

26 აპრილს ღამით, უკრაინიდან 110 კილომეტრში, ბრიანსკში მდებარე „ტრანსნეფტის“ ნავთობსაცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ხანძარმა მოიცვა 10 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი. ტელეკომპანია „როსია 24“-ის ცნობით, ცეცხლი გაჩნდა კიდევ ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე - სამხედრო ნაწილის დიზელის საწვავის საცავზე.

ხანძარი ბრიანსკში

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი ირწმუნებოდა, რომ ორი კვირის წინაც, უკრაინის მხრიდან მიტანილი იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა და 100-მდე სახლი დაზიანდა, თუმცა, ბრიანსკამდე, ანალოგიური მიზეზებით, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის ოლქები:

  • ბელგოროდის მახლობლად, სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან ცეცხლი გაუჩნდა საბრძოლო მასალის საცავს. აფეთქებები ისმოდა კურსკსა და ვორონეჟში. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამში დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სოფელში ცეცხლი გაუჩნდა საბრძოლო მასალის საწყობს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ძლიერი აალების ამსახველი ვიდეო.
  • 27 აპრილს გამთენიისას აფეთქების ხმები გაიგონეს კურსკის მცხოვრებლებმაც. ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ საჰაერო იერიშს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. კურსკსა და უკრაიანის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში მოქმედებს ტერორისტული საფრთხის „ყვითელი“ დონე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება „უკრაინული მხარის შესაძლო პროვოკაციებით“ ხსნის.
  • ვორონეჟში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს, ორი აფეთქება მოხდა. 27 აპრილს ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა თქვა, რომ ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც ჩამოაგდო სადაზვერვო დრონი. „რეგიონის მცხოვრებთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება“, - დაწერა მან ტელეგრამში.
  • 21 აპრილს ქალაქ ტვერში თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
  • 12 აპრილს ბელგოროდთან სარკინიგზო ლიანდაგი დაზიანდა, რამაც შეაფერხა რუსეთის არმიის ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების გადატანა.
  • 1 აპრილს ბელგოროდში ნავთობის საცავზე განხორციელდა ავიაიერიში, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
  • 19 მარტს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის მცხოვრებლებმა რუსი ჯარისკაცები საკვებით მოწამლეს: 2 სამხედრო დაიღუპა, 30-მდე კი საავადმყოფოში მოხვდა.

დივერსიები რკინიგზაზე

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასევე მოიმატა ავარიების რაოდენობამ რუსეთისა და ბელარუსის რკინიგზებზე. მიზეზად, ხშირ შემთხვევაში, სახელდებოდა სტანდარტული „ნიადაგის გამორეცხვა“, თუმცა, როგორც 27 აპრილს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობიდან ირკვევა, რკინიგზაზეც დივერსანტები მოქმედებენ.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში „აღკვეთა დივერსია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე“ და დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც „უკრაინული ნაციზმის მხარდამჭერები“ არიან. რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, დაკავებულები აპირებდნენ დაეზიანებინათ რკინიგზა, რომლითაც რუსეთის სამხედრო ეშელონები მოძრაობენ. ФСБ-მ ასევე გაავრცელა დაკავებულთა ჩვენებები:

„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩვენ დავიკავეთ ანტირუსული პოზიცია და ვეძებდით ჩვენი რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების მეთოდებს, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული ვიდეოში, - დავიწყე რუკაზე რკინიგზის ხაზების მოძებნა, რათა გამეგო, რა მარშრუტით გადაადგილდებიან სამხედრო ეშელონები. ასევე შევისწავლე რკინიგზის სტრუქტურა და მისი მწყობრიდან გამოყვანის ხერხები“. კიდევ ერთი დაკავებული ამტკიცებს, რომ ისინი აპირებდნენ „რკინიგზის ლიანდაგის დაზიანებას ქანჩების ამოხრახნით“.

რუსეთის უშიშროება იმასაც ირწმუნება, რომ მის მიერ დაკავებული პირები უკრაინულ საიტ „მიროტვორეცს“ უგზავნიდნენ მონაცემებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე რუსი სამხედროების შესახებ.

პარტიზანები ოფიციალურად და არაოფიციალურად

25 აპრილს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ქალაქ კრემენაიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში სეპარატისტთა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა შეკრების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა.

„ისინი შეიკრიბნენ დიდ თათბირზე კრემენაიას მერიაში, ე.წ. ЛНР-ის ძალოვნები და რაღაც გაზი აფეთქდაო, ითქვა... მოკლედ, არავინ გადარჩა“, - განაცხადა სერგეი გაიდაიმ, უკრაინის ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დონბასში უკრაინული პარტიზანული რაზმის ყოფილი მეთაური, უკრაინის გმირი, ვოლოდიმირ ჟემჩუგოვი ინციდენტებს ადასტურებს. მისი თქმით, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პარტიზანული ომი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. თვითონ ჟემჩუგოვმა 2014-15 წლებში 30-მდე დივერსიული აქტი მოაწყო სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონბასის ტერიტორიებზე, თუმცა შემდეგ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. გამოიხსნეს 2016 წელს.

ვოლოდიმირ ჟემჩუგოვი

არის თუ არა ყველა ეს აფეთქება, ხანძარი თუ სატრანსპორტო კომუნიკაციების დაზიანება დივერსიული აქტიები და პარტიზანული ბრძოლის ელემენტები?

ამ კითხვის პასუხად ვოლოდიმირ ჟემჩუგოვი ამბობს, რომ ორგანიზებული პარტიზანული წინააღმდეგობა განახლდა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში:

„2019 წელს უკრაინის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანული წინააღმდეგობის დახმარება, რათა ყველა რესურსი მოხმარებოდა სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას. დღეს ეს ყველაფერი ახლდება“.

ჟემჩუგოვის თქმით, პარტიზანული მოძრაობის მხარდაჭერის კარგ საშუალებას იძლევა ხერსონის ოლქი, სადაც ფრონტის ხაზი არ არსებობს და შესაძლებელია იარაღის მიწოდება.

„ჩვენ ასევე ვცდილობთ საბოტაჟის პროპაგანდირებას ანუ მოქმედებისკენ მოვუწოდებთ და შესაბამისი ინსტრუმენტებით ვამარაგებთ უიარაღო ადამიანებს. საბოტაჟის ნაწილია პროკლამაციების გავრცელება-გაკვრა, მიტინგების მოწყობა, ოკუპანტების დაშინება, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა, კავშირგაბმულობის და ყველაფერ იმის დაზიანება, რაც შეიძლება გამოიყენოს საოკუპაციო ადამინისტრაციამ ან ჯარებმა. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ტრასებზე, დიდი რაოდენობით ყრია აუფეთქებელი ჭურვები და ნაღმები. არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს არც ხერსონის, არც ნიკოლაევის, არც ზაპოროჟიეს, არც დონეცკის ოლქებში იპოვო ნაღმი დეტონატორის გარეშე. ვცდილობთ, ინტერნეტით ავუხსნათ ხალხს, როგორ გამოიყენონ ეს მოწყობილობები, მაგალითად, ყირიმიდან მომავალი რკინიგზის მწყობრიდან გამოსაყვანად, რათა შეფერხდეს რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგება“, - ამბობს ვოლოდიმირ ჟემჩუგოვი.

რაც შეეხება უკრაინის საზღვრებს გარეთ მოქმედებას (ბელარუსის ტერიტორიაზე რკინიგზის იმ ხაზების აფეთქებას, რომელითაც რუსული სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ... ასევე ხანძრებსა და აფეთქებებს რუსეთის ტერიტორიაზე), ამასთან დაკავშირებით უკრაინის გმირი და პარტიზანული მოძრაობის გამოცდილი მებრძოლი ამბობს:

„ოფიციალურად ჩვენ არ გამოგვიცხადებია ომი რუსეთისთვის, ამიტომ არ გვაქვს უფლება, სამხედრო ოპერაციები ჩავატაროთ რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ვერაფერს ვიტყვი მტრის ტერიტორიაზე ჩვენი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების მოქმედების შესახებ. ვფიქრობ, ამას აკეთებენ პატრიოტულად განწყობილი ადამიანები რუსეთსა და ბელარუსში. ეს რომ ჩვენი სპეცსამსახურების გაკეთებული იყოს, მაინც ვერაფერს ვიტყოდი, რადგან არ მაქვს ამის უფლება“.

კიევის პოზიცია

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალებისა და საწვავის საცავების აფეთქებების (ხანძრების) მიზეზებზე საუბრისას, არაფერი თქვა უკრაინული დივერსიული ჯგუფებისა თუ პარტიზანების მონაწილეობის შესახებ, თუმცა ხაზგასმით ილაპარაკა იმაზე, რომ შემთხვევით არაფერი ხდება:

მიხაილო პოდოლიაკი

„ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის ოლქები იწყებენ სიტყვების: „დემილიტარიზაციის“, „განიარაღების“ შინაარსის აქტიურ შესწავლას. რუსეთის ამ ოლქებში პერიოდულად იწვის მსხვილი ნავთობსაცავები, რომლებიც საწვავით ამარაგებენ რუსეთის არმიის ჯავშანტექნიკას; პერიოდულად ფეთქდება საბრძოლო მასალების საწყობები. და ეს კეთდება სულ უფრო აქტიურად და სულ უფრო თავდაჯერებით“.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ამა თუ იმ ქვეყანას, ხალხს ან ქალაქს, რომელიც ადამიანების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობს, დაუსჯელობის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ხანძარი ბელგოროდში

„თუ თქვენ (რუსები) გადაწყვეტთ მასობრივ შეტევას სხვა ქვეყანაზე, გადაწყვეტთ მიყოლებით დახოცოთ ყველა, მასობრივად გაანადგუროთ მშვიდობიანი მოსახლეობა ტანკებით და ამ მკვლელობების უზრუნველსაყოფად გამოიყენებთ თქვენს რეგიონებში მდებარე საწყობებს, მაშინ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგიწევთ ვალების დაბრუნება. რუსული სამხედრო თავდასხმის ამგვარი ინტენსივობისა და მოცულობის პირობებში არანაირად არ გამოვა განზე გადგომა. ამიტომაც, ბელგოროდ-ვორონეჟის მკვლელი საწყობების განიარაღება აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. კარმა სასტიკი რამ არის“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.