რუსეთმა აშშ-ში კოკაინის გადაზიდვისთვის გასამართლებული მფრინავი გაცვალა აშშ-ის საზღვაო ქვეითზე

აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეიტი ტრევორ რიდი, რომელიც რუს მფრინავ კონსტანტინ იაროშენკოში გაცვალეს.

რუსეთმა კოკაინის გადაზიდვის მომზადებისთვის აშშ-ში გასამართლებული მფრინავი კონსტანტინ იაროშენკო გაცვალა აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეით ტრევორ რიდზე, რომელიც მოსკოვში პოლიციელზე თავდასხმისთვის არის გასამართლებული. ამის შესახებ რუსეთის მედია იტყობინება 27 აპრილს.

გაცვლა შედგა მესამე ქვეყანაში, იტყობინება „ინტერფაქსი“ იაროშენკოს რუს ადვოკატზე დაყრდნობით. მან დააზუსტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ ჩასულა რუსეთში.

კონსტანტინ იაროშენკო აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა 2010 წელს დააკავეს დასავლეთ აფრიკაში, ლიბერიაში, და შემდეგ მოხდა აშშ-ში მისი ექსტრადიცია. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, რუსეთის მოქალაქემ ითავა ვენესუელიდან ლიბერიის გავლით აშშ-ში ოთხი ტონა კოკაინის ჩატანა. თავად მფრინავი უარყოფს დანაშაულს. 2011 წელს მას 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას შეეძლო 2027 წელს გამოსულიყო ციხიდან.

რუსეთი მის დაკავებას „მოტაცებას“ უწოდებს. იაროშენკოს ამერიკული დაცვა აცხადებდა, რომ ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. საქმის განხილვის მსვლელობისას იაროშენკოს უკავშირებდნენ აშშ-ში გასამართლებულ რუსეთის სხვა მოქალაქეს, ვიქტორ ბუტს, რომელსაც 25 წლით პატიმრობა მიესაჯა კოლუმბიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიყიდვის მომზადებისთვის.