ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მედიის შესახებ ანგარიშში შეიტანა ევროპის საბჭომაც

ლექსო ლაშქარავას ფოტო და დამსხვრეული კამერის ფრაგმენტები მისი დაკრძალვის დღეს, 2021 წლის 13 ივლისს

ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ჟურნალისტიკის დაცვის და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშესაწყობად შექმნილი პლატფორმის ანგარიში, რომელიც ასახავს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში 2021 წელს მომხდარ ფაქტებს. დღეს, 27 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში: „პრესის თავისუფლების დაცვა დაძაბულობის და კონფლიქტების დროს“, პლატფორმის 15-მა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა.

საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 11 ივლისს, საკუთარ სალხში გარდაცვლილი ნახეს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 37 წლის ლექსო ლაშქარავა. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ლექსო ლაშქარავა ერთ-ერთი იყო მედიის 50-მდე წარმომადგენელს შორის, რომლებსაც ლგბტქ+ თემის მოწინააღმდეგე, ძალადობრივი ბრბო დაესხა თავს 5 ივლისს, თბილისში პრაიდის მარშის გაშუქებისას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიასაშუალებების ინფორმაციით, ლაშქარავას დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ოთხი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ. ნათქვამია ისიც, რომ პრესის თავისუფლების დამცველები მკაცრად აკრიტიკებდნენ ჟურნალისტის სიკვდილის ფაქტის გამოძიებას, მათ შორის იმას, რომ ექსპერტიზის შედეგები ხელმისაწვდომი არ იყო ხუთი თვის შემდეგაც. ასევე, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად ძალისხმევის არარსებობას.

ასევე ნახეთ ლექსო ლაშქარავას ცემაში ბრალდებული ყველა პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

2021 წლის ივლისის მოვლენები მოხვდა სხვა არაერთ ანგარიშშიც. მათ შორის მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა, რომელმაც დამაჯერებლად არ გამოიძია და არ დასაჯა 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემდეგ სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს უშუალოდ თავდასხმებში მონაწილე 27 პირი, თუმცა, ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა.