ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კვლევას აქვეყნებს

ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კვლავ აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს კვლავ აქვს გავლენა საქართვლოს ხელისუფლებაზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა საქართველო რუსეთთან ეკონომიკურად დამოკიდებულია და ეს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია დადგინდეს რამდენად ძლიერია ქართული მმართველი ელიტის წარმომადგენელთა ინტერესები რუსეთში. სწორედ ამ კონტექსტში აქვს "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნეს საქმიანობა შესწავლილი.

კვლევაში გახსენებულია ივანიშვილის 2011 წლის დაპირება, როცა ის ამბობდა, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე "ქართულ საზოგადოებაში ზედმეტი კითხვების არგასაჩენად" გაყიდდა რუსეთში კუთვნილ ბიზნესებს.

"რუსეთში მის სახელზე პირდაპირ რიცხული აქტივები ივანიშვილმა მართლაც გაყიდა, თუმცა, იგი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა, რაც შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. დღეის მდგომარეობით კი, მას იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში. ამით დგინდება, რომ მან ფაქტობრივად საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა", - წერია კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან აქვთ. კერძოდ, კვლევაში საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუნტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალს და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ გუბერნატორ როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ ავტორი ანნა კუვიჩკოა.

"ეს თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებად შეიძლება განვიხილოთ", - აღნიშნავენ მკვლევრები.

რა გზებით ფლობს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს რუსეთში

კვლევაში მოყვანილია სამი გზა, რომლითაც ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს ფლობს: ოფშორული კომპანიები, ნათესავები და წარმომადგენლები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" აღმოაჩინა სამი ოფშორული კომპანია (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში. ორგანიზაცია აგრძელებს მსგავსი კომპანიების გამოვლენას და აცხადებს:

"ეს სრული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20-ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა".

ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია. სწორედ მსგავსი მაგალითების გამო, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნათესავების სამეწარმეო საქმიანობა რუსეთში ასევე უნდა განიხილებოდეს მის ბიზნესინტერესად.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიები რუსეთში

კვლევაში მოყვანილია სამი რუსული ოფშორული კომპანიის მაგალითი და ახსნილია, როგორ დაადგინეს, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან აქვს კავშირი. ერთ-ერთი კომპანიაა შპს "აკვა-სფეისი".

"ბიძინა ივანიშვილი, მისი ოფშორული კომპანია „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის“ (Vanity Overseas Limited) მეშვეობით რუსეთში ფლობს შპს „აკვა-სფეისს“ (ООО Аква-Спейс). შპს „აკვა-სფეისი“ Vanity Overseas Limited-მა 1997 წელს დააფუძნა და 2015 წლიდან 100%-იანი წილის მფლობელია. შპს „აკვა-სფეისი“ დღემდე აქტიურია და მისი საქმიანობის სფეროებს შორისაა: არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-მართვა, ასევე ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწესდებო კაპიტალში, არასაცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ეტაპზე სხვადასხვა საშუამავლო მომსახურება და ა.შ.

2015 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორია ოლგა ბოროვიკოვა (Боровикова Ольга Анатольевна), რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში მისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანია „უნიკორის“ (Уникор) სამართალმემკვიდრის, შპს „დოლგოვოე აგენსტვოს" (ООО Долговое Агентство) დირექტორიცაა.

2013 წლის ივნისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრი იყო, შპს „აკვა-სფეისს" რუსეთში ორი კომპანია შეერწყა: შპს „ენტერპრაიზის სერვისი" (ООО Энтерпрайзис Сервис) და შპს „პრესტიჟ მარკეტი" (ООО Престиж Маркет), ხოლო 2014 წელს კიდევ ერთი კომპანია – შპს „ტრანსფორმინგ ჯგუფი" (ООО Группа Трансформинг) შეუერთდა.

საინტერესოა, რომ Vanity Overseas Limited რუსეთის პარალელურად, საქართველოშიც ფლობს ანალოგიური საქმიანობისა და სახელწოდების კომპანია შპს „კვა ცენტრს“, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია. კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია", - წერია კვლევაში.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების ბიზნესინტერესები

კვლევის მიხედვით:

  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს საერთო ბიზნესი აქვს სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორთან (2011-2018 წწ.) და სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან;
  • უჩა მამაცაშვილის და ალექსანდრე ივანიშვილის საერთო ბიზნესი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ (2016-2021 წწ.) ანნა კუვიჩკოსთან და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესინტერესების შესწავლის შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" საქართველოს უსაფრთხოებასა და საგარეო კურსთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობენ.

"სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნეს-ინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, ეს გარკვეულ საფრთხეს აჩენს ქვეყნის უსაფრთხოებასა და საგარეო კურსთან დაკავშირებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.