რა საერთო აქვთ ჰიტლერის გერმანიას და პუტინის რუსეთს?

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააცოცხლა მეორე მსოფლიო ომის ტერმინოლოგია. სამხედრო ანალიტიკოსების ლექსიკაში კვლავ გაჩნდა სიტყვა „ბლიცკრიგი“ და ელვისებური ომის დოქტრინა. ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ცნობილია, თუ რა ვადებში აპირებდა ადოლფ ჰიტლერი ომის დასრულებას. მართალია, ჯერ ოფიციალურად უცნობია, როგორი ომი დაგეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი რამე მიუთითებს იმაზე, რომ პუტინიც ბლიცკრიგისა და ელვისებური ომის იმედად იყო. არგუმენტად გამოდგება თუნდაც 26 თებერვალს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ საიტზე გამოქვეყნებული და მალევე წაშლილი სტატია („რუსეთისა და ახალი სამყაროს იერიში“), რომელიც ასე იწყებოდა: „ახალი სამყარო იბადება ჩვენ თვალწინ“. და შემდეგ გრძელდება: „...ეს პრობლემა აღარ არსებობს - უკრაინა დაუბრუნდა რუსეთს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი სახელმწიფოებრიობის ლიკვიდირება მოხდება, მაგრამ ის გადაეწყობა, გადაფუძნდება და დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას რუსული სამყაროს ნაწილის სახით“.

ცნობილია, რომ ასეთი ტექსტები გამარჯვების შემდეგ იწერება ან როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ელვისებური ომის დოქტრინის ჩავარდნის გარდა სხვაც ბევრი აქვთ საერთო 1941 წლის ჰიტლერის გერმანიას და 2022 წლის პუტინის რუსეთს.

Deutschland-1941 = Россия-2022?

„1941 და 2022 წლებს შორის იმაზე მეტი პარალელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დავიწყოთ ფაქტის კონსტატაციით. თითქოს აშკარაა, მაგრამ მაინც: ამ ომში რუსეთი აგრესორია. ისევე, როგორც გერმანია იყო აგრესორი 1941 წელს, - ამბობს მესამე რაიხის სამხედრო ისტორიის სპეციალისტი, იგორ პეტროვი, რომელიც წლებია მიუნხენში ცხოვრობს, - ყოველთვის საბჭოთა ისტორიოგრაფიაში და ახლაც რუსულ ისტორიოგრაფიაში ცნება „აგრესორი“ უარყოფითი შინაარსის მატარებელი იყო. ცნობილი მედინსკიც, პუტინის თანაშემწე და კულტურის ყოფილი მინისტრი, თავის წიგნებში ამბობს: 1941-1945 წლებში საბჭოთა კავშირი ნაცისტური გერმანიის აგრესიას დაექვემდებარა“.

თუმცა, ასევე საინტერესოა, რა იყო ომამდე, როგორც 1941-ში, ასევე 2022-ში.

1941 წელს, ომის დაწყებას წინ უძღოდა ნოტა, რომელიც 21 ივნისს გვიან ღამით თუ 22 ივნისს ადრიანი დილით ჰიტლერის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა ბერლინში გადასცა საბჭოთა კავშირის ელჩ დეკანოზოვს ფაქტობრივად ომის დაწყების პარალელურად.

„ამ ნოტის მიხედვითაც, რაც საინტერესოა, ომი პირდაპირი ტექსტით არ გამოცხადებულა. ტექსტის დიდი ნაწილი დათმობილი ჰქონდა გრძელ ისტორიულ ექსკურსს, მაგრამ ომის გამოცხადებაზე არაფერი იყო ნათქვამი. ნოტა სრულდებოდა შემდეგნაირად: „გერმანია არ აპირებს უყუროს ამ საფრთხეს თავის აღმოსავლეთ საზღვრებზე და არაფერი აკეთოს. ამიტომ ფიურერმა უბრძანა ვერმახტს, მოიგერიოს ეს საფრთხე მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“. მეორე დღეს, 23 ივნისს, გაზეთი „ფელკიშერ ბეობახტერი“ (Völkischer Beobachter) გამოვიდა არა ქუდით „ომი“, როგორც შეიძლება ახლა გვეგონოს, არამედ სუპერდიდი ასოებით აწყობილი სათაურით: „მოსკოვის ღალატის პასუხად“. აშკარაა პარალელი 2022 წელთან. უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე ჩვენ ყველას შეგვეძლო მოგვესმინა რუსეთის პრეზიდენტის ლექცია, რომელიც ასევე ვრცელ ისტორიულ ექსკურსს (ნაწილობრივ გაუგებარს) წარმოადგენდა, მაგრამ არაფერი თქმულა ომის გამოცხადებაზე. არა, ომის ნაცვლად ჩვენ გვაქვს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - ამბობს იგორ პეტროვი.

საბჭოთა კავშირთან ომის პირველი დღის გერმანული ქრონიკა. ადრიანი დილა ბერლინში. დილის 5:30 საათი. პროპაგანდის რაიხმინისტრი იოზეფ გებელსი რადიოში კითხულობს ადოლფ ჰიტლერის მიმართვას გერმანელი ხალხისადმი. საგარეო საქმეთა რაიხმინისტრი იოაჰიმ ფონ რიბენტროპი კითხულობს ნოტას, რომლის ადრესატი საბჭოთა ხელისუფლებაა, უცხოელი კორესპონდენტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. (აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ მოვლენების დეტალური რეკონსტრუქცია).

მსგავსება მკაფიოა მოწინააღმდეგეების შეფასებაშიც. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა 1939 წელს პოლონეთს უწოდა „ვერსალის ხელშეკრულების მახინჯი ნაშიერი“, რაც თითქმის ანალოგიურია უკრაინისადმი ვლადიმირ პუტინის დამოკიდებულებისა. პუტინსაც მიაჩნია, რომ უკრაიანა ბელოვეჟის შეთანხმების ან რუსეთის ხალხთა უფლებების დეკლარაციის მახინჯი ქმნილებაა.

როგორ იგორ პეტროვი ამბობს, რასობრივი ნაცისტური თეორიის მიხედვით, რუსეთის სახელმწიფოდ არსებობა აიხსნებოდა მხოლოდ იმით, რომ მონღოლური და სხვა აზიური გავლენების ქვეშ მყოფი რუსეთის უმაღლესი არისტოკრატია მუდმივად იღებდა გერმანულ კეთილშობილურ სისხლს, თუმცა ოკუპაციის შემდეგ ჰიტლერი არ აპირებდა რუსული სახელმწიფოებრიობის რაიმე ფორმით შენარჩუნებას:

„რუსეთის ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტი, შესაძლოა, არ მიჰყვება ნაციზმის რასობრივ დოგმებს, მაგრამ, იმ თავისი ცნობილი ლექციებით, პირდაპირ უარყოფს უკრაინის სახელმწიფოებრიობას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არასაკმარისი არგუმენტია, მათთვის არსებობს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ გულმოდგინე სამთავრობო პროპაგანდისტი, რომელმაც პირდაპირ დაწერა განზრახვაზე, არ დაეტოვებინათ უკრაინის საკითხის გადაჭრა მომავალი თაობებისთვის, რითაც აჩვენა, რომ ახალ რუსულ რეალობაში ნაცისტური ლოზუნგების პირდაპირი კოპირებაც მოსულა“.

რაც შეეხება უშუალოდ სიტყვა „ბლიცკრიგს“. ეს სიტყვა გერმანულ სამხედრო ჟურნალებში გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა და ხშირად გამოიყენებოდა პოლონეთსა და საფრანგეთზე თავდასხმის კონტექსტში, მართალია, ჰიტლერმა 1941 წლის ნოემბერში ამ სიტყვას „იდიოტური“ უწოდა და თვითონ არც არასოდეს გამოუყენებია, თუმცა ოპერაცია „ბარბაროსას“ დოკუმენტებიდან აშკარაა, რომ საუბარი იყო სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც უნდა დასრულებულიყო რაც შეიძლება სწრაფად.

„როგორც ჩანს, ანალოგიური იყო რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების გეგმაც - სწრაფი გამარჯვების მოპოვება. საელჩოები ევაკუირებული იყო, ელოდნენ კიევიდან უკრაინის მთავრობის გაქცევას, დედაქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგ კი დაიწყებდნენ საკუთარი პირობების კარნახს მათ მიერვე შექმნილ ახალ ფაქტებზე დაყრდნობით. დაახლოებით ისეთივე ფანტასტიკური გეგმა ჰქონდათ, როგორიც იყო გერმანელების სწრაფი გასვლა არხანგელსკ-ვოლგის ხაზზე „ბარბაროსას“ გეგმის მიხედვით“, - ამბობს იგორ პეტროვი.

კიდევ ერთი მსგავსება 1941 და 2022 წლებს შორის: მოწინააღმდეგის ძალების სათანადოდ არდაფასება. 1941 წელს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ სოლისებური სატანკო იერიშით საბჭოთა არმიის გახლეჩა საკმარისი იქნებოდა წინააღმდეგობის შესაწყვეტად, რომ სატანკო ბრძოლაში განადგურებით ხერხემალში გადატყდებოდა ისედაც მყიფე საბჭოთა რეჟიმი. ზუსტად ანალოგიურ არასწორ გათვლასა და შეფასებას აკეთებდა მოსკოვი უკრაინაში შეჭრის წინაც. როგორც ჩანს, რუსეთში შეიქმნა ობიექტურისგან განსხვავებული საინფორმაციო რეალობა. არადა, ომის დაწყების წინ რუსეთის მედიაშიც კი ქვეყნდებოდა არაერთი სამხედრო ექსპერტის, მათ შორის რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, მიხაილ ხოდორიონოკის განსხვავებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც: უკრაინაში შექმნილია თვისებრივად ახალი არმია განსხვავებული იდეოლოგიური საფუძვლებითა და ნატოს სტანდარტებით. უკრაინის არმია იღებს საკმაოდ თანამედროვე იარაღსა და ტექნიკას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებიდან“.

ძნელი არ არის საერთოს პოვნა აგრესიის საინფორმაციო გამართლებებშიც: აგრესორი ყოველთვის „ათავისუფლებს“ მოსახლეობას. ჰიტლერის პოლონეთზე თავდასხმის საბაბი იყო გერმანული უმცირესობის ჩაგვრა პოლონური უმრავლესობის მიერ, სსრკ-ის ხალხებს კი „ათავისუფლებდა“ ებრაელებისა და კომისრების უღლისგან. სტალინმა, 1939 წელს, ჰიტლერთან შეთანხმებით, დაიპყრო პოლონეთის აღმოსავლეთი მიწები, 1940 წელს კი ბესარაბია და, საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, ეს გააკეთა უკრაინელი და ბელორუსი ძმების გადასარჩენად, რომლებიც იტანჯებოდნენ პოლონელი პანებისა და რუმინელი ბოიარების მმართველობის ქვეშ. 1940-1941 წლებში სტალინი ფინელ პროლეტარიატს „ათავისუფლებდა“ „თეთრი ფინელებისგან“.

"მოძმე ერების გათავისუფლება. საბჭოთა საფოსტო მარკა. 1940 წ.

კიდევ ერთი საერთო ნიშანი: პრევენციული ომის თეზისი!

იგორ პეტროვის თქმით, ნოტაში, რომელიც რიბენტროპმა დეკანოზოვს გადასცა, ეს თეზისი უკვე გაჟღერებული იყო, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში გერმანული პროპაგანდა კიდევ უფრო აძლიერებდა მას:

„მაგალითად, ნაცისტურ გაზეთებში გამოქვეყნდა პუბლიკაციების სერია ლუცკში, ვითომ, ნაპოვნი საბჭოთა დოკუმენტების შესახებ, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე მზად იყო თავს დასხმოდა გერმანიას. დასახელებული იყო კონკრეტული თარიღი - 25 ივლისი. ამ ამბებიდან 80 წლის შემდეგ რუსეთმა თითქოს კალკით გადაიღოო, ერთი-ერთზე გაიმეორა პრევენციული დარტყმის გერმანული ამბავი: 9 მარტს გაიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესკონფერენცია, რომელზეც ითქვა, რომ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტები, საიდანაც აშკარად გამომდინარეობს უკრაინული მხარის სურვილი თავს დაესხას დონბასს, რის გამოც დაწყებული სპეცოპერაცია სხვა არაფერია, თუ არა პრევენციული დარტყმა“.

მიტინგი სტალინოში (ახლანდელი დონეცკი) წითელი არმიის შესვლის შემდეგ. 1943 წ.

აგრესიის გასამართლებლად და საკუთარი უკანონო ქმედებებიდან მტრის ქმედებებზე ყურადღების გადასატანად, რუსული სამხედრო პროპაგანდა ცდილობს დაადანაშაულოს უკრაინული მხარე პატიმრების მიმართ სასტიკ მოპყრობაში, აკრძალული იარაღის გამოყენებაში, მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებასა და ბაქტერიოლოგიური იარაღის შემუშავებაში. იგორ პეტროვის თქმით, ეს კიდევ ერთი, მორიგი მსგავსებაა 1941 წლის გერმანიასთან, როცა ეძებ მოწინააღმდეგის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს. ამას აკეთებდნენ ფაშისტებიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. შესაბამისი მითითებები მიეცა დივიზიების, კორპუსებისა და არმიების სადაზვერვო განყოფილებებს. დამატებით ამ საქმეში ჩართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებოდ, ინფორმაციის შესაგროვებლად, მივლენილი იყვნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეჭრილ სამხედრო ნაწილებში.

"ჰიტლერის მეომრები - ხალხის მეგობრები". გერმანული პლაკატი უკრაინულ ენაზე. 1942 წ.

„ინფორმაცია თავის იყრიდა სპეციალურ განყოფილებაში, ვერმახტის გამოძიების ბიუროში, რომლის არქივი შემონახულია და შეიცავს ასობით ტომს. რა თქმა უნდა, საბჭოთა მხარესაც იყო ომის დანაშაულებები ნაცისტური აგრესიის კონტექსტში. მაგალითად, დასტურდება 1941 წელს სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ფაქტები. ზოგიერთი უფრო რთული საქმე მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ნაცისტებმა ეს ყველაფერი მართლაც ჩაწერეს და ზუსტად დააფიქსირეს მათთვის დამახასიათებელი გერმანული სიზუსტით. როგორც ვხედავთ, რუსული მხარეც ასევე ცდილობს საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაციას, ცდილობს მოძებნოს მტრის სამხედრო დანაშაულები და ყველანაირად აღრიცხოს ისინი“, - ამბობს რუსი ისტორიკოსი.

გერმანული სამხედრო პროპაგანდაც ფართოდ იყენებდა სტალინური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების დამადასტურებელ ომამდელ ფაქტებს. 1943 წლის ზამთარში საოკუპაციო ხელისუფლებამ სმოლენსკის მახლობლად კატინის ტყეში გახსნა სიკვდილით დასჯილი პოლონელი ოფიცრების მასობრივი საფლავი, იმავე წლის გაზაფხულზე კი - რეპრესიების მსხვერპლთა სამარხი ვინიცაში. ორივე შემთხვევაში შეიქმნა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიები ამ დანაშაულებების გამოსაძიებლად. ორივე შემთხვევაში საბჭოთა კავშირი აცხადებდა, რომ დახვრეტილებს ოკუპანტები გაუსწორდნენ. ახლაც იგივე გვესმის: „ეს ან უკრაინული მხარის ფეიკებია, ან თავად უკრაინელი „ნაცისტები“ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას და პატიმრებს, რათა შემდეგ ხოცვა-ჟლეტა რუს ჯარისკაცებს დააბრალონ“.

„მაგრამ კრემლის აგიტპროპი არ ითვალისწინებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაქტორს. დღეს უბრალოდ შეუძლებელია დანაშაულის დამალვა ან სხვაზე გადაბრალება“, - მიაჩნია იგორ პეტროვს.

რუსეთის მუქარას, რომ მოახდენს უკრაინის „დენაციფიკაციას“, ასევე აქვს გერმანული ანალოგი.

„1941 წლის ლოზუნგი ნათელია - ბრძოლა კომუნიზმისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგ, - ამბობს იგორ პეტროვი, - ჩემს თანაავტორ ოლეგ ბეიდასთან ერთად შარშან აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომელშიც ჩაწერილია ჰიტლერის სიტყვები, ნათქვამი 1941 წლის ივლისის დასაწყისში: "ნაციონალური რუსეთი ჩვენთვის უფრო საშიშია, ვიდრე ბოლშევიკური რუსეთი". აქედან ჩანს, რომ ფიურერს აზრადაც არ ჰქონია ბოლშევიკური ხელისუფლების ადგილზე სხვა ხელისუფლების დასმა, თუნდაც ყოფილიყვნენ ისინი ემიგრანტები ან სამხედროები. ვლასოვის აქცია ანუ 1944 წლის მანიფესტი, გაცილებით გვიან იყო, სრულიად განსხვავებულ პირობებში. 1941 წელს კი არ არსებობდა არანაირი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ბოლშევიკების შეცვლას რამე სახის ეროვნული წრეებით. მთავარი გეგმა, რა თქმა უნდა, იყო გერმანიისთვის საცხოვრებელი სივრცის დაპყრობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უკრაინა, მაგრამ ჰიტლერის გერმანია არც რუსეთის სხვა ნაწილებში აპირებდა რაიმე ალტერნატიული ან თუნდაც მარიონეტული მთავრობების შექმნას. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ომის გამართლებას ნაციზმთან ბრძოლით ცდილობს“.

იგორ პეტროვის თქმით, უკრაინის პოლიტიკაში მართლაც არიან მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციები, მაგრამ, მისი თქმით, მემარჯვენე რადიკალები არიან რუსეთის პოლიტიკაშიც:

„თუ გადავხედავთ, მაგალითად, დმიტრი როგოზინს, რომელიც არ არის უკანასკნელი ადამიანი რუსეთის პოლიტიკაში, მაშინ ადვილად შეიძლება ვნახოთ ვიდეო YouTube-ზე, რომელშიც ის "რუსული მარშის" მსვლელობისას აკეთებს დამახასიათებელ მოძრაობას გულიდან მზისკენ. ანუ თუ მიმდინარეობს ნაციზმთან ბრძოლა, მაშინ ლოგიკური იქნება, პირველ რიგში საკუთარ ნაცისტებს მიხედო. ამ მიდგომით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა ისტორიული კონსენსუსი. ისტორიული კონსენსუსი არ შეიძლება შეიქმნას ერთ ქვეყანაში. უამრავი მაგალითია. დავუშვათ, 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლება ყველას უბრალოდ ფაშისტებს უწოდებდა, გერმანელ სოციალ-დემოკრატებსაც კი. ასეა ახლაც. რუსეთს შეუძლია მიაწებოს რამდენიც უნდა იმდენი იარლიყი "ფაშისტი", "არაფაშისტი", როგორც მოესურვება, მაგრამ მსოფლიო ისტორიული კონსენსუსის გარეშე, ეს ყველაფერი იქნება ცალკეული ქმედებები, რომლებსაც არანაირი აზრი არ აქვს“.

გერმანელი მცველი ციტადელის ციხესიმაგრეში დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. კიევის პანორამა დამწვარი ხიდით. 1941 წლის 19 სექტემბერი. ბუნდესარქივი

რა ისტორიული პარალელის გავლება შეიძლება მეომარი ქვეყნების ლიდერების რეიტინგთან დაკავშირებით? ზელენსკის რეიტინგმა გადაუსწრო ბაიდენის, მაკრონისა და შოლცის რეიტინგებს. ზელენსკი იქცა თავისუფალი სამყაროს ფაქტობრივ ლიდერად, რომელსაც ყველა პატივისცემით ეპყრობა. ამ ფონზე პუტინის რეიტინგი საერთაშორისო მასშტაბით თითქმის განულდა. როგორ იყო გასული საუკუნის 40-იან წლებში?

„სტალინური რეჟიმი, უდავოდ, კრიმინალი იყო საკუთარ ხალხთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, ნაცისტების თავდასხმამ ბევრი რამ შეცვალა. მოხდა ერთგვარი საერთაშორისო ლეგიტიმაცია და სტალინურმა რეჟიმმა შეიძინა ძლიერი მოკავშირეები. დროთა განმავლობაში, ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, მან მოახერხა საკუთარი ხალხის შემოკრება, საბოლოოდ კი, გარიყული ქვეყნიდან, ომის გამარჯვებულად და გაეროს ერთ-ერთ დამფუძნებლად იქცა. რას ვხედავთ უკრაინაში? რა თქმა უნდა, არ ვადარებთ სტალინურ სსრკ-ს და დღევანდელ უკრაინას, მხოლოდ მიდგომას ვადარებთ. თუკი 2022 წლის 24 თებერვლამდე შესაძლებელი იყო უკრაინის პოლიტიკოსების მიმართ გარკვეული პრეტენზიების წამოყენება, ხოლო ქვეყნის შიგნით ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი უკეთესის სურვილს ტოვებდა, 24 თებერვლის შემდეგ ხალხი, ყოველ შემთხვევაში, ომის განმავლობაში, გაერთიანდა თავისი მთავრობისა და პრეზიდენტის გარშემო. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს ქვეყნები აწყობენ თანამედროვე ლენდ-ლიზს და ყოველმხრივ მხარს უჭერენ უკრაინას. გამოდის, რომ საბედისწერო, სრულიად კატასტროფული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავის თავს ჩაუსვა შამათი. ჭადრაკის წესებით ეს შეუძლებელია, შამათი მეტოქემ უნდა გამოაცხადოს, მაგრამ პოლიტიკა ჭადრაკზე უფრო მოქნილი აღმოჩნდა. მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, გვაიძულებს, კიდევ ერთხელ ყურადღებით დავაკვირდეთ წარსულს. აღმოვაჩენთ, რომ, მაგალითად, რუსოფობიამ, რომელიც უკრაინულ ნაციონალიზმში უხსოვარი დროიდან არსებობდა, 2022 წელს მოულოდნელად საფუძველი შეიძინა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იგორ პეტროვმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (ეკრანზე) პორტუგალიის პარლამენტთან ვიდეოზარის დროს. 2022 წლის 21 აპრილი

არსებობს ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის ტიმოთი სნაიდერის წიგნი „სისხლიანი მიწები“. ადრე შეიძლებოდა კამათი, არის თუ არა „სისხლიანი მიწების“ კონცეფცია მეცნიერულად დასაბუთებული თუ ის იყო ხელოვნური კონსტრუქტი, რომელიც თავად ავტორმა მოიფიქრა და რომელიც ვერ პოულობს დადასტურებას?

სნაიდერი აიგივებს ორ ტოტალიტარულ (გერმანულ და რუსულ) რეჟიმს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საქმეში. იგორ პეტროვის თქმით, ეს კითხვაც მოიხსნა, რადგან რუსულმა ტანკებმა „სისხლიანი მიწების“ კონცეფცია რეალობად აქციეს. ამის უარყოფა აღარ შეიძლება. მეტიც, თანამედროვე რუსეთის მთელი იდეოლოგიური კონსტრუქცია, როგორც 1945 წლის დიდი გამარჯვების მემკვიდრისა, ნაგავსაყრელზეა გადაგდებული, ის ახლა მხოლოდ საშინაო მოხმარებისთვის თუ გამოდგება და ისიც მხოლოდ პროპაგანდის წნეხის მუშაობის დროს.

ტიმოთი სნაიდერი

რადიო თავისუფლების რესპონდენტის საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პუტინი და მისი გენერლები ომისთვის რომელიღაც გერმანული სახელმძღვანელოთი ემზადებოდნენ, უბრალოდ დაავიწყდათ ჩაეხედათ წიგნის ბოლოში, სადაც ამოცანის პასუხია, თუმცა ეს პასუხი საყოველთაოდ ცნობილია. ასეთ შემთხვევაში, რას ნიშნავს გამეორება? გაიმეორო ფიურერის სცენარი, მაგრამ მისი შეცდომების გარეშე?

„პუტინის საქციელს რაციონალური ახსნა არ აქვს. შევხედოთ პუტინის წინ დადებულ ჰიპოთეტურ ფურცელს. როდესაც ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი ხაზავენ ორ სვეტს. ერთ სვეტში წერენ გადაწყვეტილების დადებით მხარეებს, მეორეში კი უარყოფითს. უარყოფითი მხარეები აშკარაა: ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ეკონომიკური შედეგებიც საკმაოდ ნათელია. იდეოლოგიური შედეგები: ამ მოვლენამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ისტორიის გაგებას: პუტინის მიერ ჩამოყალიბებულ მთელ ამ რუსულ-უკრაინულ პრობლემას აზრი აღარ აქვს, ის ახლა საბოლოოდ მოგვარებულია და არა ისე, როგორც პუტინს მოეწონებოდა. რაც შეეხება პლუსებს. გარკვეული ტერიტორიების დროებით დაკავება, ყირიმს წყალი მიეწოდება. საკმარისია თუ არა ეს უპირატესობები, თუ გავითვალისწინებთ, რომ არა მხოლოდ ყირიმი, არა მხოლოდ წართმეული ობიექტები, არამედ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ინფრასტრუქტურა რუსეთის ტერიტორიაზე, მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება? ეს ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ზოგიერთი საეჭვო მონაპოვარი. ამიტომ ამ ქმედებებს ვერანაირ რაციონალურ ახსნას ვერ ვუძებნი“, - ამბობს იგორ პეტროვი, რომლის თქმითაც, ბოლო ორი თვის განმავლობაში ასევე სრულად ჩამოინგრა ჰუმანიზმის შენობა: რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები საერთაშორისო გამოძიების საგნად იქცა.

ვლადიმირ პუტინი, 2011 წ.

„სხვათა შორის, გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ რუსულმა პროპაგანდამ, მარია ზახაროვამ, ბუჩის მოვლენები შეადარა ნემერსდორფის მოვლენებს (ქალაქი აღმოსავლეთ პრუსიაში, ახლა მაიაკოვსკოე, კალინინგრადის ოლქი, სადაც 1944 წლის ოქტომბერში წითელარმიელებმა დახოცეს 19-დან 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე), - ამბობს რუსი ისტორიკოსი, - უდავოა, რომ საბჭოთა ჯარებმა იქ მართლაც ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა არა იმდენი, რამდენიც გებელსის პროპაგანდამ წარმოაჩინა. მოგვიანებით სიკვდილით დასჯილთა გვამებს დაუმატეს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულები, თანაც არა მხოლოდ ნემერსდორფიდან, არამედ მთელი ოლქის ტერიტორიიდან, მაგრამ რაც უნდა ვთქვათ, ნემერსდორფში მომხდარს საფუძვლად უდევს საბჭოთა ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაული... შემდეგ დავიწყე ბუჩის მკვიდრთა მოგონებების კითხვა. შეუძლებელი იყო ანალოგების ვერდანახვა. ნემერსდორფელი ქალი, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც მასთან ერთად მყოფები სარდაფში დახვრიტეს, იხსენებდა: რუსი სამხედროები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ერთი იყო სიმპათიური ჯარისკაცი, შემოვიდა, ეთამაშა პატარა ბავშვებს, იხუმრა, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ენა არავის ესმოდა, და წავიდა. შემდეგ მოვიდა ოფიცერი, უბრძანა ბავშვებს გარეთ გასულიყვნენ, რის შემდეგაც ყველა დახვრიტეს. თვითონ ქალი სასწაულებრივად გადარჩა. ბუჩაში ძალიან ბევრია მსგავსი ამბავი: ხალხი სარდაფშია ჩაკეტილი, ვიღაც მოდის მათთან, ერთი ასე იქცევა, მეორე - ისე. ომის დოლაბი ტრიალებს, ზღვარი სამხედრო აუცილებლობასა და არაადამიანობას შორის იშლება“.

კიევის მახლობლად რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ, მსოფლიომ შეიტყო მშვიდობიანი მოსახლეობის განუკითხავი დასჯის შესახებ. რასაკვირველია, კვლავ 1941 წლისა და ვერმახტის ჯარისკაცების სისასტიკის ანალოგია ჩნდება, მაგრამ უკრაინაში მაინც რაღაც განსხვავებული ხდება: ადამიანებმა არ იციან, რატომ კლავენ ან აწამებენ და ამ დანაშაულს სჩადიან რეგულარული ჯარები. რატომ აკეთებენ ამას, რატომ არ მალავენ დანაშაულს, რატომ არ აღკვეთენ ამ დანაშაულს მეთაურები?

ქალაქი ბუჩა. 2 აპრილი. 2022 წ.

„ბევრი ფაქტორი მოქმედებს. 1941 წელს გერმანელები ძარცვავდნენ და სჩადიოდნენ ვანდალიზმს. არსებობს, მაგალითად, საკმაოდ ცნობილი დოკუმენტი - მაიორი პაიერი, როგორც ჩანს, იმ ოფიცრის სახელია, რომელიც 1941 წლის ივლისში ეწვია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არმიის ჯგუფებს „ცენტრსა“ და „ჩრდილოეთს“. მას მოჰყავს გერმანელი ჯარისკაცების უაზრო ვანდალიზმის მაგალითები. მაგალითად, მინსკში, რომელიღაც სამეცნიერო დაწესებულებაში იპოვეს 200 მიკროსკოპი. გადაწყდა, რომ ეს მიკროსკოპები რაიმე სახით გამოეყენებინათ. აბსოლუტურად დადასტურებულია, რომ დაწესებულებაში აღარ მისულა არცერთი საბჭოთა მზვერავი ან ჯარისკაცი. არადა, როდესაც კომენდანტმა გადაწყვიტა მიკროსკოპების წაღება, აღმოჩნდა, რომ 200-დან მხოლოდ 20 იყო მთელი. დანარჩენი კი გატეხილი იყო, მათი გამოყენება არ შეიძლებოდა. ასე იყო ყველგან: უაზრო რეკვიზიცია, ცხოველების დახოცვა. დაინახეს რაღაც ნახირი, უაზროდ დაუწყეს სროლა. ანუ, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ, ალბათ, არის ერთი განსხვავება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 1941 წელს ნაცისტების არმია შებოჭილი იყო გარკვეული იდეოლოგიური საფუძვლებით, ამ იდეოლოგიას თავებში უტენიდნენ - შესაბამისად, ამ იდეოლოგიით მიიღწეოდა დისციპლინა. 1944 წელს საბჭოთა არმიას ჰქონდა იდეოლოგია, ჰყავდა პოლიტხელები, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს ძარცვასა და ვანდალიზმს გერმანიის მიწაზე შესვლის შემდეგ, აქ კი საერთოდ არანაირი იდეოლოგია არ არსებობს. ერთადერთი იდეოლოგია დაქირავებული ჯარის იდეოლოგიაა: მოვიდნენ, ნახეს, რომ სახეიროა, დაავლეს ხელი და წაიღეს. სხვა ახსნა არ აქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იგორ პეტროვმა, მესამე რაიხის სამხედრო ისტორიის სპეციალისტმა.