რუსეთი დაიმუქრა, რომ დაარტყამს „კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ბრიტანულ ცენტრებს“

დიდი ბრიტანეთის საელჩო კიევში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაიმუქრა, რომ დაარტყამს „კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ბრიტანულ ცენტრებს“, თუკი მათი პროვოკაციების შედეგად უკრაინა რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ დაიწყებს იერიშებს.

ასეთი განცხადება გაჩნდა პასუხად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის სიტყვებზე, რომ კანონიერი იქნება, თუკი უკრაინა რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე მიიტანს იერიშს დასავლეთის იარაღით.

ჰიპიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა ასეთ დარტყმებს ახორციელებს იმისთვის, რომ „დაარღვიოს (რუსული) მომარაგების ჯაჭვები, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ შეუწყობს ხელს სიკვდილსა და სისხლისღვრას უკრაინის მიწაზე“. მინისტრის მოადგილის სიტყვებით, სამიზნეებს თავად უკრაინელები არჩევენ და არა იარაღის მწარმოებლები და მიმწოდებლები.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ასევე ლეგიტიმურია ანალოგიურ სამიზნეებზე დარტყმები დასავლეთ უკრაინაში. „ეს ომის ნაწილია,“ თქვა ჰიპიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს სიტყვები პროვოკაციად შეაფასა და დაიმუქრა დაუყოვნებლივი პროპორციული პასუხით, თუკი კიევის რეჟიმი მსგავს მოქმედებებზე წავა.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სადღეღამისო მზადყოფნაში არიან შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით საპასუხო დარტყმებისთვის კიევში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრების წინააღმდეგ,“ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

სამინისტრომ დასძინა, რომ ასეთი დარტყმების შემთხვევაში „პრობლემას არ წარმოადგენენ“ კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის (იგულისხმება დიდი ბრიტანეთი) მოქალაქეების ყოფნა.

რუსეთი ადრეც იმუქრებოდა უკრაინაში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ დარტყმებით. მართლა არიან თუ არა ასეთ „ცენტრებში“ უცხოელი მრჩევლები, დანამდვილებით არ არის ცნობილი.

უკრაინას იარაღით, საბრძოლო მასალითა და უსაფრთხოების სფეროში სხვა სახით ეხმარებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რეგულარულად ითხოვს დახმარების მოცულობის გაზრდას.

15 აპრილს რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა დიპლომატიური ნატა, რომელშიც ის „გაუთვალისწინებელი შედეგებით“ გააფრთხილა იმ შემთხვევისთვის, თუკი ნატო გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ მსგავსი ნოტები დაეგზავნა „ყველა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს“.