მოლდოვის სეპარატისტული რეგიონიდან, დნესტრისპირეთიდან ვრცელდება ცნობები რადიოგადამცემ ხაზებსა და სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შესახებ.
სეპარატისტული რეგიონის ე.წ. შსს-ს თანახმად, დღეს, 26 აპრილს, დაუდგენელმა პირებმა დასახლებულ პუნქტ მაიაკში ააფეთქეს ანტენები, რომელთა მეშვეობით რუსული რადიოსადგურების მაუწყებლობა ვრცელდებოდა.
სოციალური ქსელებით ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ გვიან ღამით, რამდენმე აფეთქება მოხდა ტირასპოლის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე. რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური ამ ცნობების საკუთარი წყაროებით გადამოწმებას ცდილობს.
25 აპრილს, დნესტრისპირეთის ე.წ. შსს-მ განაცხადა, რომ ადგილობრივი უშიშროების სამინისტროს შენობაში მოხდა რამდენიმე აფეთქება, შენობა დაზიანებულია, თუმცა, მსხვერპლი არ არის. მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურომ სეპარატისტულ რეგიონში 25 აპრილს მომხდარი ინციდენტი შეაფასა სიტუაციის გამწვავების საბაბად. იმავე დღეს, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს მზადება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ორგანიზებული „აფეთქებებისთვის“, რათა გაამართლონ უკრაინის წინააღმდეგ ომი და სეპარატისტული რეგიონი საბრძოლო მოქმედებებში ჩაითრიონ.
ასევე ნახეთ რუსმა გენერალმა საჯაროდ დაასახელა მეორე მიზანიც - კონტროლი სამხრეთ უკრაინაზე22 აპრილს, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, გენერალმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ეტაპზე რუსეთის არმიამ სრული კონტროლი უნდა დაამყაროს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, დონბასზე კონტროლი უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ, ხოლო უკრაინის სამხრეთზე კონტროლი იქნება კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთზე, სადაც "ასევე, შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება".
მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი ადგილობრივმა სეპარატისტებმა "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამჟამად დნესტრისპირეთში იმყოფება 1400-მდე რუსი სამხედრო.