გაეროს გენერალური მდივანი პუტინს მოსკოვში შეხვდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 აპრილს

გუტერეში პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის შეხვდება

გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს დღეს ვლადიმირ პუტინთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. მოსკოვში ის თურქეთიდან ჩავიდა, სადაც გუშინ ანკარაში რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდა.

გუტერეშს სამუშაო შეხვედრა და ლანჩი ექნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც. მოსკოვის შემდეგ კი გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში გაემგზავრება.

23 აპრილს ზელენსკიმ გააკრიტიკა გუტერეში მისი გადაწყვეტილების გამო, კიევში ვიზიტამდე გაემგზავროს მოსკოვში. ზელენსკის თქმით, „ამ თანმიმდევრობაში არ არის სამართალი და არ არის ლოგიკა“.

„ომი უკრაინაშია, მოსკოვის ქუჩებში არ არის გვამები. ლოგიკური იქნებოდა ჯერ უკრაინაში ჩასვლა, იქ ხალხთან შეხვედრა და ოკუპაციების შედეგების ნახვა“, - თქვა ზელენსკიმ.

სიახლეები ამ თემაზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა Youtube-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც მომხმარებლის, Cyber Kmara-ს აღწერის თანახმად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება, სავარაუდოდ, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვლადიმირ ევტუშენკოვს. აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა დაუდგენელია.

არახამია „ტელეგრამის" არხზე თავდაპირველად წერს უკრაინელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე. როგორც ის აღნიშნავს, ისინი იყვნენ და იქნებიან მოძმეები. პარლამენტარი აცხადებს, რომ ქართველები იბრძვიან ომში უკრაინისთვის, ხოლო საქართველოს ცნობილმა ადამიანებმა 24 თებერვლამდე ვიდეორგოლი გადაიღეს - ისინი მხარს უჭერენ ომში უკრაინის გამარჯვებას. მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება, - განაგრძობს არახამია და შემდეგ მიზეზს ასახელებს, - მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. ამ კავშირს ადასტურებს ივანიშვილის ახლახან გამოქვეყნებული ჩანაწერები".

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება, რომელშიც ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი თავის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გამარჯვებას ულოცავენ არა მხოლოდ მაკრონს, მთელ ევროპას

2002 წლის შემდეგ პირველად საფრანგეთმა პრეზიდენტი ზედიზედ მეორე ვადით აირჩია. ემანუელ მაკრონმა თავისი კონკურენტი მეორე ტურში, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი 58%-ით დაამარცხა.

მას მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის სახელმწიფოთა მეთაურებმა, იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ „ევროპისთვის შესანიშნავი ახალი ამბავი“ უწოდა მაკრონის გამარჯვებას.

უახლოეს ხანებში რა არის მოსალოდნელი საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაკრონის პოსტზე დარჩენით? სავარაუდოდ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გადადგება. მან ამის პირობა დადო მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში. მაკრონს სურს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვის პოლიტიკაზე იყოს პასუხისმგებელი, რადგან პირველი ვადით პრეზიდენტობის პერიოდში მის მიმართ ისმოდა კრიტიკა, რომ გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროს სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო.

საფრანგეთი უკან არ წაიღებს გადაწყვეტილებებს რუსეთის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამ არჩევნებში მარინ ლე პენს რომ გაემარჯვა, რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების გატარება გაჭირდებოდა. ის წინააღმდეგია რუსეთის გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მიმართ ემბარგოს დაწესებისა.

რა მნიშვნელობის მატარებელია ევროპისთვის მაკრონის გამარჯვება? წაიკითხე აქ.

ვითარება უკრაინაში: „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანა ისევ ვერ ხერხდება

უკრაინა სკეპტიკურად მოეკიდა რუსეთის შეთავაზებას, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, "აზოვსტალიდან" გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი, რათა სამოქალაქო პირებმა ტერიტორიის დატოვება შეძლონ. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა "ტელეგრამით" დაწერა, რომ უკრაინა დერეფანს არ მიიჩნევს უსაფრთხოდ და დასძინა, რომ რუსეთმა წარსულში დაარღვია შეთანხმებები ამგვარ საევაკუაციო დერეფნებზე. ვერეშჩუკმა გაეროს მოუწოდა, უხელმძღვანელოს ევაკუაციის პროცესს.

25 აპრილს რუსეთმა თავდასხმების სერია განახორციელა უკრაინის რკინიგზის და საწვავის ობიექტების წინააღმდეგ და მიზანში ამოიღო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოშორებულია აღმოსავლეთით მისი შეტევის ფრონტის ხაზს.

პარალელურად, გუშინ ვრცელდებოდა ცნობები ორ ხანძარზე დასავლეთ რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან არცთუ მოშორებით. ხანძრების მიზეზი უცნობია.

წაიკითხე მეტი.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმი დასკვნას ამზადებს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს, მუშაობა დაიწყო კიდევ ერთ დასკვნაზე. ის მზად რამდენიმე დღეში იქნება. დასკვნა მზადდება პარასკევს, 22 აპრილს ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე.

კონსილიუმის ერთ-ერთ წევრი გიორგი გრიგოლია, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ამბობს, რომ სააკაშვილთან ნევროპათოლოგი და კარდიოლოგი იყვნენ შესული.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ: „ძალიან მიკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს იცის, პუტინის ტყვე არის ის ადამიანი, ვისზეც ვსაუბრობთ და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს.

იმედი მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, მხოლოდ იმედს არ ეფუძნება ჩემი მოსაზრებები, საერთაშორისო მეგობრები ქმედით ნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ დრო არ ითმენს“, - თქვა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.

სიახლეები ამ თემაზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

"ალტ-ინფოს" პარტიის თავმჯდომარე შეიცვალა

პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" (საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" სახელითაა ცნობილი) თავმჯდომარე შეიცვალა. ზურა მახარაძემ ეს თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, გიორგი ქარდავა დაინიშნა.

საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ამ ცვლილებების დასარეგისტრირებლად პარტიამ ოფიციალური განაცხადი 28 მარტს შეავსო. შევსებულ დოკუმენტებში ხარვეზები აღმოჩნდა და ცვლილებები საბოლოოდ 11 აპრილს აისახა.

ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პარტიის გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო გახდა.

წაიკითხე მეტი.

ილონ მასკმა ტვიტერი იყიდა

ტვიტერმა მიიღო მილიარდერ ილონ მასკის წინადადება და მას კომპანია 44 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. "ტესლას" მფლობელმა ტვიტერზე სრული კონტროლი მიიღო. მასკმა პირველი შეთავაზება ამავე ფასით კომპანიას 14 აპრილს გაუკეთა, თუმცა შეთანხმება მხოლოდ ახლა შედგა.

"სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საძირკველია და ტვიტერი არის ციფრული სივრციის შუაგული, სადაც კაცობრობის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება", - აცხადებს ილონ მასკი ტვიტერის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მისი თქმით, სოციალურ ქსელს გააძლიერებს ახალი მახასიათებლებით და ნდობის გაზრდის მიზნით მის ალგორითმს ღია წყაროდ გარდაქმნის.

გუშინ მასკმა ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოკლე კომენტარი დატვიტა, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ მისი ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი დარჩებიან ტვიტერში, იმიტომ, რომ სწორედ ამას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება.

ახალი პავლიკ მოროზოვები - რუსეთში ჩაშვების ინსტიტუტი დაბრუნდა

კრემლი ადუმებს ყველას, ვინც არ ეთანხმება უკრაინაში გაჩაღებულ ომს. კრიტიკოსების დასჯაში მას „არაგულგრილი” მოქალაქეებიც ეხმარებიან. სპეციალურად ამისთვის მაბეზღარა ბოტებიც კი შექმნეს.

მამამ საკუთარი ქალიშვილი პოლიციაში დააბეზღა ომის გაპროტესტებისთვის; მოსკოვის ერთ-ერთ უბანში კაცმა ფანჯარაში გამოფინა ნათურები უკრაინის დროშის ფერებში. მეზობელმა პოლიციაში დარეკა; ინგლისურის მასწავლებელი მერვეკლასელებს უხსნიდა, რომ უკრაინაში ომია. ბავშვებმა მისი საუბარი ჩაიწერეს და პოლიციაში დააბეზღეს.

ეს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა იმ ასეულობით საქმიდან, რომელიც რუსეთში ბოლო 2 თვეში აღიძრა.

ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოავლინონ „ნაციონალ-მოღალატეები” ქვეყნის შიგნით. მისი თქმით, „ხალხი გაარჩევს პატრიოტებს ნაძირლებისა და მოღალატეებისგან და უბრალოდ გადმოაფურთხებს [პირში] შემთხვევით შეფრენილი ქინქლივით”.

ომის დაწყებიდან 2 თვის თავზე, უფლებადამცველები ამბობენ - როგორც ჩანს, ბევრმა პუტინის მოწოდება გულთან ახლოს მიიტანა.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

ნანკა კალატოზიშვილისთვის სცენური ცხოვრება და ტელევიზიის ვარსკვლავობა საკმარისი აღარაა. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი დარწმუნებულია, რომ არა მარტო თეატრია ცხოვრება, არამედ ცხოვრებაც თეატრია, რომელიც ხელოვანისგან სამოქალაქო აქტიურობას მოითხოვს. თუმცა თავისი ბიოგრაფიის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდზე ნანკა იშვიათად საუბრობს - ერიდება იმის თქმა, რომ გმირის შვილია. 13 წლის იყო, როცა მამა, ვლადიმერ კალატოზიშვილი აფხაზეთში გმირულად დაიღუპა.