საფლავზე გასვლა

აღდგომის მეორე დღე მიცვალებულთა ხსოვნისაა. შარშანდელისა და შარშანწინდელისგან განსხვავებით, პანდემიის დაწყებიდან პირველად გარდაცვლილების ახლობლებმა ამ დღეს საფლავებზე გასვლა შეძლეს.

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოში მანქანების ხერგილია, დილიდან ყველა სასაფლაოზე მოდის. მიდიან ოჯახებით, ბავშვებით, ძაღლებითაც კი. მიაქვთ ღვინო და საჭმელი, კვერცხი, პასკა, ყვავილები.

ეს დღე მოგონებებისთვისაცაა, ოჯახის ერთად შეყრის, ერთმანეთის მოკითხვის. საფლავის დალაგების და დაფიქრების.

არის საფლავები, რომლის დასახედად წლების განმავლობაში არავინ ამოდის.

არის საფლავები, რომლებსაც ყველა დღესასწაულზე აკითხავენ.

ერთ საფლავთან ქალი ზის. ველოდები, წყალი უნდა მომიტანონ და მარმარილო გადავწმინდოო. მეუღლეზე ჰყვება.

„ახალი მკვდარი რომ იყო ჩემი ქმარი, კვირაში 3-4 დღე აქ ვიჯექი. რვა წელია, რაც გარდაიცვალა, 75 წლის იყო. მოვიდა სახლში, რაღაც არ ვარ კარგადო, წაიყვანეს და ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. რვა წელია მარტო ვარ. რა არის ახლა ჩემი ცხოვრება?! ერთი შვილი საფრანგეთში ცხოვრობს, მეორე - გერმანიაში, მესამემ მე დიდ დიღომში არ მინდა, სოფელია ეგო. დილით ავდგები და ვისთვის გავაკეთო სადილი, ვისთვის ვიცხოვრო. ქმარს თავისი ადგილი აქვს. 51 წელი ერთად ვიყავით, ქმარს რომ ეტყვი და დაელაპარაკები, ისე შვილებს ვერა“.

კიდევ ერთ საფლავზე დედა-შვილი არიან ამოსულები. ქალი ამბობს, რომ ქმარი 18 წლის წინ გარდაეცვალა.

„პასკა და კვერცხი მოვიტანე, ყვავილები. ქვაბებით რომ მოაქვთ საფლავებზე საჭმელი, ის არ ვიცი რა არის. მიცვალებულის ლოცვებს წავუკითხავ, მე ლოცვის ძალის მჯერა.

სიმსივნე ჰქონდა ჩემს ქმარს. რომ კვდებოდა, მიშველე, მიშველეო, მეუბნებოდა. ტკივილები ტანჯავდა. სულთამბრძოლის ლოცვების კითხვა დავიწყე. თან ჩუმად ვკითხულობდი, რომ სიტყვები არ გაეგო. ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ გადარჩებოდა. ისე ჩაეძინა, თითქოს არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. როგორც კი დავამთავრე ლოცვა, მაშინვე გარდაიცვალა“.

რამდენიმე საფლავზე სასულიერო პირები ჩანან, ზოგი ფსალმუნს კითხულობს, ზოგი პანაშვიდს იხდის.

„მათ სულებს ყველაფერი ესმით. გვხედავენ, ლოცვას ელიან ჩვენგან. ზოგის სულისთვის შვებაა ეს ლოცვა, ზოგი - ვისი სულიც სამოთხეშია - კიდევ უფრო ძლიერდება და თავადაც ლოცულობს ჩვენთვის“, - ამბობს მამა ლევანი.

ეთერ აბულაშვილი შვილის საფლავთან

13 წლის ბიჭის საფლავზე ოჯახთან ერთად თანაკლასელებიც მოვიდნენ, ოღონდ თანაკლასელები ახლა დიდები არიან, 26 წლისები.

„ჩემი შვილი ბაჩი ხორბალაძე, 2009 წელს დაიღუპა, მანქანამ დაარტყა. სულ ვგრძნობ მის არსებობას. მე კი არა, მისი თანაკლასელი გოგო მეუბნებოდა, რაღაც რომ მიჭირს, თითქოს ბაჩი იქიდან მანიშნებს, როგორ უნდა მოვიქცეო.

კი, მესმის, რომ იქ ნათელში არის, მაგრამ ყველა დედას თავისი შვილი გვერდით უნდა. ამხელა ბედნიერებას გაძლევს უფალი, დედა ხდები, ამაყობ შენი შვილით და მერე ასე გამწარებს, გართმევს... ვინც ჩემზე უფრო ეკლესიურია, იმათაც ვეუბნები, თქვენ ხომ არ ეხვეწებით უფალს თქვენს შვილებზე, შენთან წაიყვანეო. რატომ? რატომ? მაგ კითხვაზე ვერავინ გაგცემს პასუხსო, მეუბნებიან, არ უნდა დასვა ეს კითხვაო“, - ამბობს გარდაცვლილის დედა ეთერ აბულაშვილი.

83 წლის ელეონორა ტაბიძემ დედის და დის საფლავს მოაკითხა. ყოველ წელს ამოვდივარო, ამბობს.

„ვარა ერქვა დედას. მე ორი ბინა მაქვს, ჩემი და დედის და დღემდე დედის ბინაში ვცხოვრობ. მგონია, მისი სული იქ ტრიალებს. ჩემი ოჯახი არ მაქვს. ყველაფერში ისეთი გამართლებული ვიყავი, სწავლაშიც, მუშაობაშიც, მაგრამ გათხოვება არ გამომივიდა. ვერ ვიტყვი, რომ ყურადღებას არ მაქცევდნენ, მაგრამ... სხვათა შორის ჩემი თაობის ბიჭებს ქონება უფრო აინტერესებდათ. ერთხელ ერთმა კავალერმა მითხრა, სხვა გოგოზე, იმას „შუბა“ აქვსო. სულ ღრიალ-ღრიალით წამოვედი. ახლა ორი „შუბა“ მაქვს და რა, არც მაცვია, მიდევს სახლში.

წიგნის კითხვა მიყვარს, ამან გადამარჩინა. იქით სასიხარულო არაფერი არ არის, მიწა დაგეყრება და მორჩა. ერთი ახლობელი მყავს, სულ იმას იძახის, ჩემი კალო უკვე გავლეწეო. ასე არასდროს მიფიქრია, სიცოცხლე მომწონს, მზე მომწონს, მზე რომ მაცხუნებს“.