რუსეთმა უკრაინის სიღრმეში მიზანში ამოიღო რკინიგზის და საწვავის ობიექტები

იძულებით გადაადგილებული პირები მარიუპოლიდან

25 აპრილს რუსეთმა თავდასხმების სერია განახორციელა უკრაინის რკინიგზის და საწვავის ობიექტების წინააღმდეგ და მიზანში ამოიღო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოშორებულია აღმოსავლეთით მისი შეტევის ფრონტის ხაზს.

პარალელურად, ვრცელდება ცნობები ორ ხანძარზე დასავლეთ რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან არცთუ მოშორებით. ხანძრების მიზეზი უცნობია.

უკრაინის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ კამიშინის თქმით, ორშაბათს დილით დარტყმები განხორციელდა რკინიგზის ხუთ ობიექტზე უკრაინის ცენტრსა და დასავლეთში, მათ შორის სარაკეტო თავდასხმით დასავლეთის ქალაქ ლვოვთან.

უკრაინის წარმომადგენლების თქმით, სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის შეტევას ვინიცის ცენტრალურ რეგიონში.

რუსეთმა ასევე გაანადგურა ცენტრალურ უკრაინაში, კრემენჩუკში მოქმედი ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო და ნავთობის დეპოები - ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკო. მისი თქმით, საერთო ჯამში წუხელ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა 56 სამიზნე გაანადგურეს უკრაინაში.

ორივე მხარე აცხადებს, რომ საომარი კამპანიის სამიზნეა ქვეყნის აღმოსავლეთი, დონბასის რეგიონი, თუმცა რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეტევა და არც მნიშვნელოვანი გარღვევისთვის მიუღწევია.

უკრაინის სამხედროები, რომლებიც მარიუპოლში, მეტალურგიული ქარხნის შენობაში არიან გამაგრებული, რუსეთის ძალების დაღლას იწვევენ და, როგორც ჩანს, მათ არ აძლევენ საშუალებას, შეუერთდნენ დონბასის სხვა ადგილებში მიმდინარე შეტევას.

შაბათ-კვირას რუსეთის ძალებმა ახალი საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ქარხანაზე, სადაც, როგორც ვარაუდობენ, იმყოფება 2000-მდე მეომარი. ქარხნის შენობას თავს აფარებდა 1000-მდე სამოქალაქო პირიც და რუსეთის არმია ორშაბათს გამოვიდა ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების პირობით, რათა მათ წასვლის საშუალება მისცემოდათ.

თუმცა რუსეთის შეთავაზებას უკრაინის მხარე სკეპტიკურად მოეკიდა. ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა "ტელეგრამით" დაწერა, რომ უკრაინა დერეფანს არ მიიჩნევს უსაფრთხოდ და დასძინა, რომ რუსეთმა წარსულში დაარღვია შეთანხმებები ამგვარ საევაკუაციო დერეფნებზე. ვერეშჩუკმა გაეროს მოუწოდა უხელმძღვანელოს ევაკუაციის პროცესს.

მარიუპოლი უკრაინაში ორი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში ბრძოლის ერთ-ერთი ეპიცენტრია, აზოვის ზღვასთან მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო - რუსეთის ძალების მიერ მისი დაპყრობა უკრაინას წაართმევს მნიშვნელოვან პორტს, მოსკოვს კი საშუალებას მისცემს, სახმელეთო დერეფანი შექმნას ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომლის უკრაინისგან ანექსირებაც მან 2014 წელს განახორციელა.