აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერას. მისი სიტყვებით, უკრაინას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგოს „სწორი აღჭურვილობითა და სწორი მხარდაჭერით“.
„ჩვენ გვსურს რუსეთის ისე დასუსტება, რომ ვერასოდეს შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრით გააკეთა. მან უკვე დაკარგა დიდი სამხედრო პოტენციალი და ჩვენ გვსურს, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად აღიდგინოს ეს პოტენციალი“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
ასევე ნახეთ უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს მადლობას უხდის უპრეცედენტო დახმარებისთვისაშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, „სანამ საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ”.
„არ ვიცით, რამდენად ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა ვლადიმირ პუტინზე გაცილებით დიდხანს იარსებებს და უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება, სანამ საბოლოოო წარმატებას არ დავინახავთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი კიევში 24 აპრილს იმყოფებოდნენ. სააგენტო AP-ს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობეს, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 322 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ასევე, შეატყობინეს, რომ უახლოეს ხანში პრეზიდენტი ბაიდენი ოფიციალურად წარადგენს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი უწოდა კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ვიზიტს.
მისი განცხადებით, განიხილეს თავდაცვის სფეროში დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გამკაცრება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები. ვოლოდიმირ ზელენსკი კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, თუმცა, აშშ-ს მადლობას უხდის უპრეცედენტო დახმარებისთვის.
სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დეტალები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებული იყო და დადასტურებული ინფორმაცია, რომ ბლინკენი და ოსტინი კიევში მართლაც იმყოფებოდნენ, ამერიკულმა მხარემ მხოლოდ დღეს, 25 აპრილს გაავრცელა მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის დედაქალაქი დატოვეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შს-თა მინისტრებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები კიევში ჩავიდნენ.