უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი უწოდა კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ვიზიტს.
დღეს, 25 აპრილს ზელენსკი ტელეგრამზე წერს, რომ განიხილეს თავდაცვის სფეროში დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გამკაცრება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები. ვოლოდიმირ ზელენსკი კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, თუმცა, აშშ-ს მადლობას უხდის უპრეცედენტო დახმარებისთვის.
ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი კიევში 24 აპრილს იმყოფებოდნენ. სააგენტო AP-ს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობეს, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 322 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ასევე, შეატყობინეს, რომ უახლოეს ხანში პრეზიდენტი ბაიდენი ოფიციალურად წარადგენს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.
ასევე ნახეთ ბლინკენი და ოსტინი კიევში ზელენსკის შეხვდნენპრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 აპრილს განაცხადა, რომ 24-ში კიევში ელოდებოდნენ ბლინკენს და ოსტინს. სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დეტალები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებული იყო და დადასტურებული ინფორმაცია, რომ ბლინკენი და ოსტინი კიევში მართლაც იმყოფებოდნენ, ამერიკულმა მხარემ მხოლოდ დღეს, 25 აპრილს გაავრცელა მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის დედაქალაქი დატოვეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შს-თა მინისტრებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები კიევში ჩავიდნენ.