აღდგომა ომში - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 აპრილს

აღდგომა დანგრეულ ტაძრებში

აღდგომას უკრაინაში ომის მე-60 დღე გათენდა. არც ამ დროს შეწყვეტილა ცეცხლი. მას მერე, რაც რუსეთის არმიამ შაბათს ქალაქ ოდესაზე მიიტანა იერიში, კვირას ღამით მიზანში ამოიღო ლუგანსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.

აღდგომას უკრაინა დანგრეული ტაძრებით შეხვდა. აპრილის დასაწყისში უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ თქვა, რომ რუსეთის ჯარმა 135 კულტურული ძეგლი დააზიანა, მათ შორის 59 რელიგიური. ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებია, მათ შორის მოსკოვის პატრიარქატს დაქვემდებარებულებიც.

ასევე აპრილის დასაწყისში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, იუნესკოს თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაზიანებულია კულტურისთვის მნიშვნელოვანი, სულ მცირე, 53 ობიექტი, აქედან 29 ეკლესია.

მიუხედავად ამისა, აღდგომის დღესასწაული გუშინ აღნიშნეს კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წმინდა სოფიის ტაძარში წარმოთქმულ სააღდგომო მიმართვაში თქვა, რომ უკრაინა დაძლევს სიბნელეს, რომელიც მოიტანა რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

უკრაინის ხელისუფლების თქმით, ორშაბათს კვლავ შეეცდებიან მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციას

უკრაინის ხელისუფლების თქმით, მას შემდეგ, რაც შაბათს ჩაიშალა მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნით, ხელახლა შეეცდებიან მის ორგანიზებას ორშაბათს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მანამდე ვერეშჩუკმა რუსეთს ბრალი დასდო საკუთარი პარალელური დერეფნის მოწყობაში, რომლის მეშვეობით მარიუპოლის მოსახლეობა რუსეთის ტერიტორიაზე გასვლას შეძლებდა. კრემლში ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მარიუპოლიდან გასულ კვირაში რამდენჯერმე სცადეს მოქალაქეების გამოყვანა, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო პროცესი გეგმის მიხედვით ვერცერთ ჯერზე ვერ წავიდა.

ცნობილია, რომ „აზოვსტალის“ ქვეშ მოთავსებულ გვირაბებს უკრაინის 2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი აფარებს თავს.

წაიკითხე მეტი.

საფრანგეთის არჩევნები - ვინ მოიგებს მეორე ტურს?

დილის 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები საფრანგეთში. ეგზიტპოლების მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმარჯვებს 58.2%-იანი მხარდაჭერით.

მის კონკურენტს, მემარჯვენე რადიკალ მარინ ლე პენს კი 41.8% აქვს. გამარჯვებული კანდიდატი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.

არჩევნებში თავიდანვე მაკრონი ითვლებოდა ფავორიტად. თუკი ის გაიმარჯვებს, ეს საფრანგეთში პრეზიდენტის ზედიზედ ორი ვადით გამარჯვების პირველი შემთხვევა იქნება უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

უკრაინის ომბუდსმენი: სამხედროების იძულება - ჩააბარონ სისხლი, ნაცისტური გერმანიის პრაქტიკის მსგავსია

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსეთის დუმაში წამოყენებულია წინადადება, რომ აიძულონ უკრაინელი სამხედროები გაიღონ სისხლი დაჭრილი რუსი სამხედროებისთვის.

„ეს ფაქტი მოწმობს ანალოგიურ მხეცობას, რასაც სჩადიოდნენ ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკებში მეორე მსოფლიო ომის დროს. იძულებითი დონორობის პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული. სიკვდილს გადარჩენილი ბუხენვალდის ტყვეები იხსენებდნენ, რომ მათ ძალით ართმევდნენ სისხლს ვერმახტის ჯარისკაცებისთვის, აშიმშილებდნენ და მუშაობას აიძულებდნენ“, - საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ომბუდსმენი გაეროსა და ეუთოს მიმართავს.

წაიკითხე მეტი.

8 ათასმა ძვირფასმა ავტომობილმა რუსეთამდე ვერ ჩააღწია

დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების გამო, რუსეთში ვერ ჩადის 8 ათასი ძვირფასი ავტომობილი. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი ბელგიაში, ზებრუგის პორტში შეაჩერეს.

გამოცემის თანახმად, ავტომობილების პარტია, რომელიც Lexus-ის, Cadillac-ისა и Mercedes-ის უახლეს მოდელებს მოიცავს, აზიიდან ევროპაში აპრილის დასაწყისში შევიდა და მას შემდეგ, ეს სანქცირებული ტვირთი გზას ვეღარ აგრძელებს.

„ავტომობილები ფუფუნების საგნებზე აკრძალვას დაექვემდებარა, მაგრამ აქ შეჩერებულია ასევე მთელი რიგი სხვა საქონელი. არ არის მოსალოდნელი, რომ ავტომობილები ახლო მომავალში დატოვებენ პორტს“, - ეუბნება WSJ-ს პორტის საავტომობილო ტერმინალის ხელმძღვანელი მარკ ადრიანსენსი. მისი ინფორმაციით, პორტში სულ 10 ათასი ავტომობილის ადგილია.

რა სურს თურქეთს? ერდოანის თამაშები უკრაინასთან, რუსეთსა და ომთან

იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებს, ათობით სახელმწიფო კვლავინდებურად გმობს რუსეთის აგრესიას და მოსკოვს სანქციებს უწესებს.

საერთაშორისო არენაზე კრემლს პირდაპირი მოკავშირეები დღეს თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც ჯერჯერობით არც ერთის მხარეს არ იჭერენ. ასეთებია ჩინეთი, სპარსეთის ყურის მონარქიები და თურქეთი.

24 თებერვლის შემდეგ, ანკარამ სიტყვიერად დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ არანაირ სანქციებს არ შეუერთდა. ნაცვლად ამისა, თურქეთი, რომელიც იმთავითვე ცდილობს გახდეს ძირითადი შუამავალი მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში, პარალელურად აკრიტიკებს, მართალია წარუმატებლად, ნატოს, იმ ორგანიზაციის მოქმედებას, რომლის წევრიც თავადაა.

ამ კვირაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ კვლავ განაცხადეს რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დიპლომატიურ გზებით გადაჭრის შესახებ.

„იმისთვის, რომ რუსეთი დაასუსტოს, ზოგიერთ ნატოს ქვეყანას არ სურს მშვიდობა, ხოლო უკრაინა მათ სინამდვილეში არ ადარდებთ. მოვიყვან ჩვენი საგზაო რუკიდან უკრაინასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს: რუსეთის ჯარების ეტაპობრივი გასვლა სანქციების შემცირების პარალელურად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ, თურქეთმა უკრაინიდან 17 ათასი საკუთარი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.

წაიკითხე მეტი ალექსანდრ გოსტევისა და კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

23 აპრილს მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლა აღნიშნეს. ცეცხლი თავის მოგზაურობას სწორედ აქედან იწყებს - მათ შორის, საქართველოშიც - სულ რამდენიმე საათში ის თბილისის აეროპორტიდანვე გაანაწილეს საქართველოს სხვადასხვა ტაძარში.

როგორ დაარიგეს ცეცხლი აეროპორტიდან ტაძრებში, ნახე თამუნა ჩქარეულის ფოტორეპორტაჟში.

8 ფოტო არქივიდან - ვინ და რა გაახსენდა ლევან ბერძენიშვილს, როდესაც მას ძველი ფოტოები უჩვენეს?

რომელ მსახიობ ქალთან შეხვედრაზე ოცნებობდა ლევან ბერძენიშვილი პარიზში?

რას ჰყვება იგი, როცა მას პაზოლინის მათეს სახარებიდან ფრაგმენტს უჩვენებენ?

რა საერთო აქვთ ლევან ბერძენიშვილს და სოკრატეს?

თევზის კონსერვი, ვარდი, წიგნი და ფოტოები: ვის და რას ახსენებს ეს ნივთები ქართველ ინტელექტუალსა და ფილოლოგს?