უკრაინის ომბუდსმენი: სამხედროების იძულება - ჩააბარონ სისხლი, ნაცისტური გერმანიის პრაქტიკის მსგავსია

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსეთის დუმაში წამოყენებულია წინადადება, რომ აიძულონ უკრაინელი სამხედროები გაიღონ სისხლი დაჭრილი რუსი სამხედროებისთვის.

„ეს ფაქტი მოწმობს ანალოგიურ მხეცობას, რასაც სჩადიოდნენ ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკებში მეორე მსოფლიო ომის დროს. იძულებითი დონორობის პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული. სიკვდილს გადარჩენილი ბუხენვალდის ტყვეები იხსენებდნენ, რომ მათ ძალით ართმევდნენ სისხლს ვერმახტის ჯარისკაცებისთვის, აშიმშილებდნენ და მუშაობას აიძულებდნენ“, - საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ომბუდსმენი გაეროსა და ეუთოს მიმართავს.

ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ „რუსეთი უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციის 26-ე მუხლს სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის შესახებ“ და ამ ფაქტების გათვალისწინების თხოვნით მიმართავს გაეროს კომისიას, რომელიც იძიებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ომბუდსმენი საერთაშორისო პარტნიორებს ასევე აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინელ ტყვეებს თავს უყრის როსტოვის რეგიონის საერთო რეჟიმის კოლონიებში და არა სამხედრო ტყვეთა ბანაკებში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. კიევთან განცდილი პირველი სტრატეგიული მარცხის შემდეგ, ამ ეტაპზე რუსეთმა ბრძოლა წამოიწყო უკრაინის აღმოსავლეთში. რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის წინადადებაზე, გამოცხადებულიყო დროებითი სააღდგომო ზავი.