უკრაინის ხელისუფლების თქმით, ორშაბათს კვლავ შეეცდებიან მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციას

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსი მარიუპოლში. 14 აპრილი, 2022 წ.

უკრაინის ხელისუფლების თქმით, მას შემდეგ, რაც შაბათს ჩაიშალა მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნით, ხელახლა შეეცდებიან მის ორგანიზებას ორშაბათს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მანამდე ვერეშჩუკმა რუსეთს ბრალი დასდო საკუთარი პარალელური დერეფნის მოწყობაში, რომლის მეშვეობით მარიუპოლის მოსახლეობა რუსეთის ტერიტორიაზე გასვლას შეძლებდა. კრემლში ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ევაკუაცია არ შეეხება იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, თავს აფარებენ მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიას, სადაც კვლავაც არიან გამაგრებული უკრაინის ქვედანაყოფები, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ.

უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ კვირას რუსეთის სამხედროებმა განაახლეს ცეცხლი ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინის შენაერთების პოზიციების მიმართულებით. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ შტურმი არ იქნებოდა.

„აზოვსტალის“ ქვეშ მოთავსებულ გვირაბებს უკრაინის 2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი აფარებს თავს.