აპრილის დასაწყისში უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ თქვა, რომ რუსეთის ჯარმა 135 კულტურული ძეგლი დააზიანა, მათ შორის 59 რელიგიური. ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებია, მათ შორის მოსკოვის პატრიარქატს დაქვემდებარებულებიც. ასევე აპრილის დასაწყისში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, იუნესკოს თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაზიანებულია კულტურისთვის მნიშვნელოვანი, სულ მცირე, 53 ობიექტი, აქედან 29 ეკლესია.
სხვა ქალაქების გამოცდილების გათვალისწინებით, ოდესაში იქაურებმა კულტურის ძეგლები ქვიშის ტომრებით დაფარეს. თუმცა, ეს ტომრები სკულპტურებს თუ დაიცავს და არა ტაძრებს.
განსხვავებით ხარკოვისა და მარიუპოლისაგან, რომლებიც ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული, ნაკლებად იბომბება კიევი. თუმცა, ვინ გამორიცხავს, რომ მძიმე დაბომბვის გადატანა უკრაინის დედაქალაქს არ მოუწევს. ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება კიევის ცენტრში მდებარე პეჩორის ლავრა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა.
კიევ-პეჩორის ლავრა
დიდ ეზოში რამდენიმე ტაძარი დგას, მათი დათვალიერების შემდეგ მიდიხარ ბნელ შესასვლელთან, რომლის იქით ძალიან გრძელი და მისტიკური მღვიმე იწყება. გვირაბი კლაუსტროფობიით დაავადებული ადამიანისთვის ნამდვილი განსაცდელია. ალაგ-ალაგ მხრებში უნდა მოიხარო, ალაგ-ალაგ გაძვრე. სანთლებს შემოსასვლელშივე ანთებენ, მათ შორის ისინიც, ვინც არა მოსალოცად, არამედ დასათვალიერებლად არის შემოსული - გვირაბი ბნელია, შუქი გჭირდება.
გამოქვაბულის კედლებში დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პეჩორელი ბერების ცხედრებია. მინის ქვეშ წვანან. მინას სახელები აწერია, წმინდა, ღირსი, იღუმენი, ღმერთშემოსილი... იქვეა კანდელები, რომლებიც მუდმივად ანთია. ზოგი მოღვაწის სხეული მთლიანად არ შემორჩა, ამიტომ ალაგ-ალაგ პატარა ნიშებიც მოჩანს, თავის ქალით ან ორიოდე ძვლით. სახელები მათაც აწერიათ. გვირაბი გრძელია და ისე ამოდიხარ უკან, მზის სინათლეზე, რომ მისი ყველა განშტოების დათვალიერებას ვერც ახერხებ.
კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის სავიზიტო ბარათია. მას კიევის ცენტრში 12 ჰექტარზე მეტი ფართობი უჭირავს. კომპლექსის ტერიტორიზე ასამდე შენობაა: ტაძრები, მათ შორის 6 მიწისქვეშა, მუზეუმები, სათავსოები და მღვიმეების ორი კომპლექსი - ახლო და შორი ქვაბულები. გარდა იმისა, რომ აქ მთელი მსოფლიოდან მიდიან მომლოცველები, მშვიდობიან დროს, ლავრა ყოველდღე ასობით ტურისტსაც იღებს. კვირაობით კომპლექსის ტერიტორიაზე ათამდე წირვა ტარდება.
კიევ-პეჩორის ლავრის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ლავრა უკრაინის მონასტრებიდან პირველი და უძველესია. ის ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აშენებული და ღვთისმშობლის სავანედ, ღვთისმშობლის წილხვედრად ითვლება. მართლმადიდებლურ სამყაროში ასეთად მიიჩნევა ოთხი ადგილი: ათონის მთა, საქართველო, კიევ-პეჩორის ლავრა და დივეევოს მონასტერი რუსეთში.
ლავრა მე-11 საუკუნეში დაფუძნდა. მისი დამაარსებლები ღირსი ანტონი და ღირსი თეოდოსი იყვნენ. ლავრის მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედ მიწისქვეშა მღვიმეებია. მათ ბერები თავდაპირველად სენაკებად იყენებდნენ, შემდეგ კი - ძვალშესალაგად.
გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ მღვიმეში თავდაპირველად სწორედ ღირსი ანტონი დასახლდა. მეცნიერების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს 1051 წელს მოხდა, ამიტომაც კიევ-პეჩორის ლავრის დაარსების თარიღადაც ეს წელია აღებული. ღირსი ანტონის ირგვლივ თანდათან სხვა ბერებიც შემოიკრიბნენ. მათ ახალი სენაკები მოაწყვეს. ასე ჩამოყალიბდა კომპლექსი, რომელსაც ახლა „შორი მღვიმეები“ ჰქვია.
1060-1062 წლებში მღვიმეებთან ხის მონასტერი ააშენეს. მაშინ იქ უკვე ასამდე ბერი მოღვაწეობდა. მე-11 საუკუნის 70-იან წლებში აქ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აიგო. ბერები მონასტერში საცხოვრებლად გადმოვიდნენ, მიწისქვეშა მღვიმეებს კი იყენებდნენ განმარტოებისთვის, ან უკვე გარდაცვლილი ძმების განსასვენებლად. პეჩორის მოღვაწეების ნეშტები დღემდე ამ ქვაბულებშია შენახული, ბევრი მათგანი შემდეგ წმინდანად შეირაცხა.
ანაფორებში შემოსილი ცხედრები ქვაბულებში, მინის სარკოფაგის მიღმა ასვენია. დღეს იქ 120 ბერის ცხედარი ინახება. მათგან ბევრი ისეთია, რომლის სახელი ქრისტიანულ სამყაროში კარგად იციან, მაგალითად, ღირსი ნესტორ მემატიანე ან ღირსი ილია მურომეცი. მიუხედავად იმისა, რომ მის საგმირო საქმეებს იგავებად ჰყვებიან, ილია მურომეცი რეალური ადამიანი იყო, მეომარი, რომელმაც ცხოვრება ბრძოლაში გაატარა და ბოლოს ბერად აღიკვეცა.
მე-11 საუკუნიდან მოყოლებული კიევ-პეჩორის ლავრა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი სულიერი ცენტრი გახდა. აქ ყოველთვის ასობით ბერი მოღვაწეობდა. ლავრა ერთხელ უკვე დაინგრა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ კიევი დაიპყრო.
მოგვიანებით ტაძრები აღადგინეს, თუმცა, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ლავრა მაინც დაიხურა. ათეისტური წყობისთვის წარმოუდგენელი იყო, დედაქალაქის ცენტრში ღია მონასტერი, რომლის ქვაბულებშიც ასზე მეტი წმინდანის ნეშტი ინახებოდა. მაშინდელი დევნის პერიოდში კიევ-პეჩორის ბევრი სასულიერო პირი უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა აქ გააგრძელა.
ასევე ნახეთ ბერები კიევ-პეჩორიდან და აფხაზეთის საიდუმლო მონასტრებიკიევ-პეჩორის ლავრა სრულად უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამოქმედდა.1989 წელს აქ სემინარია დაარსდა, 1992 წელს კი უკვე სასულიერო აკადემიაც. ამჯერად კომპლექსი ქვედა და ზედა ლავრად არის გაყოფილი. ქვედა ლავრაში, სადაც ქვაბულებია, მონასტერი ფუნქციონირებს, ზედა ნაწილს კი უკრაინის კულტურის სამინისტრო განაგებს. მას ეროვნული ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის სტატუსი აქვს. კიევ-პეჩორის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.