ზელენსკი: "ყველას გვჯერა, რომ ვერ დაგვამარცხებს ვერავითარი ურდო ან უკეთურება"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღდგომას ულოცავს უკრაინელ ხალხს.

უკრაინაში, ისევე როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, წმინდა სოფიის ტაძარში წარმოთქმულ სააღდგომო მიმართვაში თქვა, რომ უკრაინა დაძლევს სიბნელეს, რომელიც მოიტანა რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა.

„ჩვენ დღესაც გვწამს უკრაინის ახალი გამარჯვებისა და ყველას გვჯერა, რომ ვერ დაგვამარცხებს ვერავითარი ურდო ან უკეთურება“, - თქვა ზელენსკიმ.

აღდგომის დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ ქვეყანაში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები.

21 აპრილს ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა უარყო სააღდგომოდ ზავის გამოცხადება.

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ 24 აპრილს რუსეთის ჯარები ცეცხლს უშენდნენ მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალს“ ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში.

პოდოლიაკმა Twitter-ში მოუწოდა რუსეთს „მარიუპოლში ნამდვილი სააღდგომო ზავისკენ“, ასევე ჰუმანიტარული დერეფნის დაუყოვნებლივ შექმნისკენ სამოქალაქო პირებისთვის და საგანგებო მოლაპარაკებების გამართვისკენ სამხედრო და სამოქალაქო პირთა გასაცვლელად.

„აზოვსტალის“ ქვეშ მოთავსებულ გვირაბებს უკრაინის 2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი აფარებს თავს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ შტურმი არ იქნება.