ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. გამოცემა ეყრდნობა განცხადებას, რომელიც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა, ლეხ ამ არლბერგში, ევროპული მედიის მე-14 სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.
ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციით, უკრაინისთვის უნდა გამოინახოს „მოქნილი“ გზები და მათ შორის, შესაძლოა, ეს იყოს ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაცია. შალენბერგი ასევე შესაძლებლად თვლის უკრაინისთვის სტატუს კვოს შენარჩუნებას და ურთიერთობის კვლავ ასოცირების შეთანხმების ჩარჩოებში გაგრძელებას.
როგორც ავსტრიული „Heute“ იტყობინება, მინისტრმა გამოსვლისას მოიხსენია დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნები, რომლებმაც უფრო ხანგრძლივი გზა გაიარეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.
უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ შალენბერგი აცხადებს, რომ ავსტრია ნეიტრალურ პოზიციაზე დგას სამხედრო თვალსაზრისით და არა პოლიტიკური თვალსაზრისით. „Heute“ იტყობინება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მიუღებლად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობების ძველებურად გაგრძელებას მანამდე, ვიდრე ქვეყნის სათავეშია პრეზიდენტი პუტინი.
შალენბერგის თქმით, ავსტრიას ასევე სურს, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში, „მნიშვნელოვნად შეამციროს" დამოკიდებულება რუსულ გაზზე.
„Heute“ აქვეყნებს ჟურნალ "profil"-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებსაც, რომლის მიხედვითაც: ავსტრიელების 40% „ძირითადად სწორად“ მიიჩნევს ხელისუფლების პოლიტიკას უკრაინის მიმართ; 23% „ზედმეტად პროუკრაინულად“ თვლის ; 17% - „ზედმეტად პრორუსულად“; ხოლო 20% არ გამოხატავს თავის აზრს.