პუტინი სააღდგომოდ ეკლესიაში მივიდა

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

24 აპრილს, კვირას, მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ღვთისმსახურებას, რომელიც მოსკოვში რუსეთის პატრიარქმა, კირილმა ჩაატარა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაესწრო.

ის წინა წლებშიც მონაწილეობდა სააღდგომო ლიტურგიაში, 2020 წლის გარდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთში კარანტინი იყო გამოცხადებული.

პუტინი ბოლო დროს უკიდურესად იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე. სატელევიზიო არხები, როგორც წესი, აჩვენებენ ჩინოვნიკებთან მისი შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, ანდა სცენებს, როცა ის თათბირებს ონლაინრეჟიმში ესწრება.

ორიოდე დღის წინ, რუსეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წინადადებაზე, გამოეცხადებინათ სააღდგომო ზავი უკრაინასთან და დროებით შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები.

შაბათს რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა ოდესას. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა და, სულ ცოტა, 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სამი თვის ბავშვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის სამიზნე სამხედრო ობიექტი იყო.

ასევე შაბათს, გვიან ღამით, ვრცელდებოდა ცნობები მასიური შეტევის შესახებ ქალაქ მარიუპოლში, მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალის" შენობაზე, რომელსაც ქალაქის მცველი უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი ადამიანები აფარებენ თავს.