როგორ დაარიგეს ცეცხლი აეროპორტიდან ტაძრებში - ფოტორეპორტაჟი

23 აპრილს მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლა აღნიშნეს. ცეცხლი თავის მოგზაურობას სწორედ აქედან იწყებს - მათ შორის, საქართველოშიც - სულ რამდენიმე საათში ის თბილისის აეროპორტიდანვე გაანაწილეს საქართველოს სხვადასხვა ტაძარში.

ქრისტიანული რწმენის მიხედვით, მაცხოვრის ტაძრის საფლავიდან ცეცხლის გამოტანა ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. წმინდა ცეცხლი სააღდგომო ლიტურგიაზე მიაქვთ და კანდელზე ანთებენ, იქიდან კი მრევლი ინაწილებს. ცეცხლს, სულ მცირე, აღდგომის დილამდე აჩერებენ, ეკლესიაში კი უფრო მეტხანს, ზოგჯერ ერთ კვირასაც.

“ჩამოფრენების“ დარბაზში ხალხი მოუთმენლად ელოდება მოძღვრის გამოსვლას. მომზადებულები არიან - სქელ სანთლებს ქარის შებერვისგან გადაჭრილი ბოთლები, ძაბრები ან სულაც ყავის ჭიქა დაიცავს, ზოგი პატარა ლამპრითაც მოდის. ცეცხლი სპეციალური ჭურჭლით მოაქვთ, მაგრამ უკან კიდევ რამდენიმე ანთებული კელაპტარიც მოსდევს, საიდანაც ცეცხლს ანაწილებენ.

აეროპორტთან ახლოს, ორხევის წმინდა ნინოს ეკლესიაში, ცეცხლი სამების საკათედრო ტაძარზე ადრე მიდის. უკვე წლებია, მიტანის მოვალეობა სალომე გვილავას და დედამისს, ნანა მაისურაძეს აკისრია. სალომე, რომელიც სემინარიის სტუდენტია, მიხსნის, რომ ხშირად ტაძარში ცეცხლი სწორედ მრევლს მიაქვს, რადგან ეკლესიის მსახურები წირვას ასრულებენ.

„წელს მალე გადმოვიდა, შარშან დააგვიანა“ - იხსენებენ ქალები, - „შარშან ლიტანიობის დროს მოგვიწია უკვე მიტანა“. სალომე ტაძარში რეკავს და აბარებს, კანდელი ჩააქვრეთო, რადგან ცეცხლი კანდელზე თავიდან უნდა აანთონ.

ცეცხლი მანქანით ფრთხილად გადმოაქვთ; ხალხით სავსე, პატარა ეკლესიის საკურთხეველში ანთებენ და შემდეგ მრევლს უნაწილებენ. წინა რიგებში ბავშვები მოუთმენლად იცვლიან ფეხს.

ტაძრიდან მრევლს ცეცხლი სახლში მიაქვს. გადასატანად "კოკა-კოლის" გადაჭრილი ბოთლიც გამოდგება, მთავარია, ნიავმა სანთელი არ ჩააქროს.

ჩამოფრენიდან ნახევარი საათი თუ გავიდა, მაგრამ ცეცხლი უკვე სიონის ტაძარშიც ანთია და ტაძრის გარეთაც.

თორმეტი რომ შესრულდება, ტაძრის გარშემო სააღდგომო მსვლელობა იწყება. ანთებულ სანთლებს სამჯერ შემოატარებენ.

შუაღამისთვის ცეცხლი უკვე ყველა კანდელზეც ანთია და თითო ხელში თითო ანთებული სანთელია.

სააღდგომო მსვლელობა ყველა ტაძარში ერთდროულად არ იწყება - ყველაფერი წირვაზეა დამოკიდებული. ქაშუეთის ტაძარში მსვლელობა ღამის პირველის ნახევარზე დაიწყო. წირვა დილამდე გაგრძელდება.

წმინდა ცეცხლმა იერუსალიმიდან გზა რუსთაველის გამზირამდე გაიარა. ქაშუეთის ეკლესიასთან ანთებული სანთლები პირდაპირ ქუჩაშია დატოვებული.