მთავარი მოწმე: მარიამ მაგდალინელი აღდგომის იდუმალებასა და კულტურულ წარმოსახვაში

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

მთავარი მოწმე: მარიამ მაგდალინელი აღდგომის იდუმალებასა და კულტურულ წარმოსახვაში

„ხსნას, რომელიც იესოს მოაქვს, არ ცნობენ მძლავრები და ძლევამოსილები - ამა სოფლის პილატეები, კაიაფები და სინოდრიონები. ეს არის ხსნა, რომელიც მოიცავს ამ სამყაროს ღირებულებების თუ პრიორიტეტების სრულ ამოყირავებას. ეს არის დიდება, რომელიც მოდის ტანჯვიდან, ხსნა, რომელიც მოდის ტკივილიდან. ეს არის ხსნა, რომელშიც იხარებენ მონები, ჩაგრულები, ღატაკები, რომელშიც უკანასკნელები პირველები იქნებიან, პირველები - უკანასკნელები. და ვინ ადევნებს თვალს ამ ხსნას? ... ამის პირველი მოწმეები არიან დაბალი წარმომავლობის ქალები. ... ხსნის შესახებ პირველად ცნობილი ხდება არა ამ მსოფლიოს ძლიერი ლიდერებისთვის, ან, თუნდაც, არც თუ ძლიერი კაცებისთვის იესოს მიმდევართა შორის; არამედ ქალების ჯგუფისთვის, რომელთა შესახებ მანამდე ბევრი არაფერი ვიცით, მათი სახელების გარდა“.

ამ სიტყვებს ახალი აღთქმის და ადრეული ქრისტიანობის ამერიკელი მკვლევარი, ბარტ ერმანი წერს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ თავის წიგნში სათაურით „პეტრე, პავლე და მარიამ მაგდალინელი: იესოს მიმდევრები ისტორიასა და ლეგენდებში“. და განაგრძობს:

„ქრისტიანობა დასავლეთის ცივილიზაციაში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ინსტიტუცია გახდა. ის დაიწყო ერთ კვირა დილით, რიტუალის და ერთგულების აქტით, რომელიც დაბნეულობის, შფოთის და ბოლოს სიხარულის მომენტში გადაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ იესოს სიცოცხლეში მისი როლი ნაკლებად მნიშვნელოვანია, იესოს სიკვდილისთანავე ყველაზე საგულისხმო ფიგურა მარიამ მაგდალინელი ხდება. ის ხდება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პეტრე, იაკობი, ან იოანე. ... იესოს ცარიელი საფლავის აღმოჩენით მარიამ მაგდალინელმა კაცობრიობის ისტორია შეცვალა, შესაძლოა უფრო მეტად, ვიდრე ვინმე სხვამ დასავლეთის ისტორიაში“.

„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი მარიამ მაგდალინელს ეძღვნება - ბიბლიურ ქალს, რომლის სახეც, თუ სახეებიც, საუკუნეების განმავლობაში შთააგონებდა ადამიანთა რწმენას და შემოქმედებას. მაგდალინელის ფიგურა ქრისტიანობის დასაბამიდან მოგზაურობდა დროიდან დროში, რეგიონიდან რეგიონში, ლეგენდებიდან მითოლოგიაში და ისევ და ისევ ჩნდებოდა როგორც თეოლოგიურ ტექსტებსა თუ დისკუსიებში, ისე მხატვრობაში და ხელოვნებაში - რამაც ის, როგორც რელიგიის ისტორიკოსები გვეტყვიან, არაერთი კომპლექსური, წინააღმდეგობრივი თუ საერთოდაც არასწორი წარმოდგენის გამაერთიანებელ ფიგურად გადააქცია. აღმოსავლურ, მართლმადიდებლურ ტრადიციაში მარიამ მაგდალინელს თაყვანს მიაგებენ როგორც მოციქულთა თანასწორს და მენელსაცხებლე დედას. დასავლურ ქრისტიანობაში კი მარიამ მაგდალინელი დროთა განმავლობაში გადაიქცა ცოდვილი, და ამ ცოდვების მონანიე ქალის არქეტიპად, სიძვის ცოდვასთან დაკავშირებულ ქალად, ან საერთოდაც მეძავად, რომელმაც მიტევება სინანულში, მონანიებაში, რწმენასა და სიყვარულში ჰპოვა - და ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი მის კავშირზე სექსუალური შინაარსის ცოდვასთან. უფრო თანამედროვე, პოპულარული კულტურის ტექსტები - რომანები, ფილმები, და შეთქმულების თეორიებიც - გამოდიან მორწმუნეთა დიდი ნაწილისთვის შემაძრწუნებელი ვარაუდებით, რომ იესოსა და მარიამს შორის შესაძლოა გარკვეული რომანტიკული კავშირიც ყოფილიყო. თუმცა მკვლევართა უმრავლესობა ამგვარ თეორიებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ რეალური საფუძველი არსად აქვს, მათ შორის არც „არაკანონიკურად“ წოდებულ ლიტერატურაში.

მოსაზრებებმა, რომ ღმერთთან სიახლოვე ცოდვით დაცემულ ადამიანსაც შეუძლია, მარიამ მაგდალინელი გადააქცია მორწმუნეთათვის განსაკუთრებულად ძლიერი იმედისა და ნუგეშის მომტან წმინდანად. თუმცა, გვეტყვიან ფემინისტური მგრძნობელობის მქონე მკვლევრები, ამგვარმა ინტერპრეტაციებმა მაგდალინელის ფიგურა დაუქვემდებარა ქალის სექსუალიზებულ სტერეოტიპს, რამაც მნიშვნელოვნად გადაფარა მარიამის, როგორც მთავარი მოწმის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური როლი ქრისტიანობის უდიდეს იდუმალებაში - იესოს სიკვდილსა და აღდგომაში.

ჯოან ტეილორი

ამ იდუმალებაზე „ასათიანის კუთხეში“ მოგვითხრობს ჯოან ტეილორი - თეოლოგი, ადრეული ქრისტიანობის პროფესორი ლონდონის სამეფო კოლეჯში. ის გვიყვება არა მხოლოდ მარიამ მაგდალინელის, არამედ, ზოგადად, ქალების გადამწყვეტ როლზე ჯვარცმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში - იმ ქალებისა, რომლებიც, სახარების თანახმად, იესოს და თორმეტ მოციქულს თან დაყვებოდნენ და თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ. ჯოან ტეილორი გვესაუბრება დასავლური ქრისტიანობის ხანგრძლივ ტრადიციაზე, სახარებისეული ქალები, რომლებსაც მარიამი ერქვათ, ან იესოსთან ნელსაცხებლის ცხების რიტუალი აკავშირებდათ, ერთ „მარიამ მაგდალინელში“ გაერთიანებულიყო - რაც გახდა კიდეც მაგდალინელის ცოდვასთან, სიძვასთან და სინანულთან დაკავშირების საფუძველი. ჯოან ტეილორი გვიყვება „ოქროს ლეგენდაზე“, ევროპული შუა საუკუნეების პოპულარულ ტექსტზე წმინდანების ცხოვრების შესახებ, რომლითაც მარიამ მაგდალინელი საფრანგეთის პროვანსის და ბურგუნდის რეგიონებს დაუკავშირდა და კიდევ სხვა მარიამის, მეოთხე საუკუნის ასკეტი მარიამ მეგვიპტელის ფიგურას შეერწყა; და მოგვითხრობს მაგდალინელის სახის ტრანსფორმაციაზე დასავლური მხატვრობის ტრადიციაში - რომელშიც ის თანდათანობით იძენს სენსუალურ, ეროტიკულ იერს, მეცხრამეტე საუკუნის მხატვრობაში კი ეს უდიდესი წმინდანი ზოგჯერ საერთოდ შიშველი სხეულით გვევლინება.

ეპიზოდის მეორე ნაწილში ადრეული ქრისტიანობის ისტორიას დავუბრუნდებით და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას გვაუწყებს მარიამ მაგდალინელის შესახებ „არაკანონიკური“ ლიტერატურა - ანუ ტექსტები, რომლებიც ახალი აღთქმის საბოლოო კრებულში არ იქნა შეტანილი. მოგიყვებით 1945 წელს ეგვიპტელი გლეხის მიერ მიწაში შემთხვევით აღმოჩენილ, უძველეს „გნოსტიკურ სახარებებზე“, მრავალფეროვნებაზე, რომელიც ქრისტიანულ თეოლოგიას დასაბამიდანვე გამოარჩევდა, და ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის პოლიტიკურ მხარეზეც, რომლის შედეგადაც ეს მრავალფეროვნება საუკუნეების განმავლობაში იყო დაკარგული.

მარიამ მაგდალინელს გნოსტიკურ ლიტერატურაში წამყვანი როლი აქვს - მეტიც, ამ ტექსტებზე დაყრდნობით არაერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მარიამი, შესაძლოა, ადრეული ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ლიდერი ყოფილიყო. თუმცა, მკვლევრები დასძენენ იმასაც, რომ ქრისტიანობისთვის მარიამ მაგდალინელის უმნიშვნელოვანესი როლის აღსაქმელად არაკანონიკური ტექსტები აუცილებელი არ არის, ეს როლი საკუთრივ ახალ აღთქმაშიც მკაფიოა. მათ შორის - და უწინარესად - იოანეს სახარებაში, იესოს საფლავთან, ბაღში განვითარებული სცენით, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ლათინური სახელით, Noli me tangere, („არ შემეხო“), და რომელსაც ეპიზოდშიც ვკითხულობთ. მოკლე დიალოგი, რომელშიც მგლოვიარე მარიამი აღმდგარ იესოს ჯერ ვერ ცნობს, მებაღე გონია - იესო კი მას სახელით მიმართავს, ეუბნება „მარიამ“ – უდიდესი სინაზით, სიღრმით, იდუმალებით გამოხატავს მარიამის სიახლოვეს ღვთიურთან, ეს არის მომენტი, რომელსაც მარიამი სასოწარკვეთის რეალობიდან ტრანსცენდენტულთან, მეტაფიზიკურთან შეხების მდგომარეობაში გადაჰყავს. მარიამ მაგდალინელი ხდება პირველი და მთავარი მოწმე ქრისტიანობის მთავარი უწყებისა სიკვდილზე გამარჯვების შესახებ - უწყების, რომელიც კაცობრიობის ისტორიას ძირეულად და შეუქცევადად შეცვლის.