ინტერვიუ ბესო სოლომანაშვილთან: ტვინები გავლენ ქვეყნიდან და უტვინო ქვეყანა არავის არ ჭირდება

Your browser doesn’t support HTML5

“ერთ-ერთმა კონკურსანტმა დაგვირეკა და გვითხრა, გასაუბრება მაქვს და თქვენ სად ხართო? ამაზე გადავირიეთ” - ამბობს მწერალი და რეჟისორი, ბესო სოლომანაშვილი. ის ეროვნული კონოცენტრის ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო, რომელშიც დებიუტანტი რეჟისორები იღებდნენ მონაწილეობას. ფორმალურად ბესოც და კომისიის სხვა წევრები ახლაც საკონკურსო კომისიის წევრები არიან - მათი ხელშეკრულება ახლაც მოქმედია და კინოცენტრის ვებ-საიტზე ჯერაც მათი გვარები და სახელებია მითითებული კონკურსის შესახებ ინფორმაციაში, თუმცა მარტის ბოლოს კინოცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კარლო (კახა) სიხარულიძემ ამ კონკურსისთვის ჟიურის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა და გასაუბრებებს კონკურსანტებთან ახლა სწორედ ისინი ატარებენ.

არც კინოცენტრს და არც კულტურის სამინისტროს ახალი ჟიურის შემადგენლობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია, არც წინა შემადგენლობისთვის აუხსნია მათი სხვებით ჩანაცვლების მიზეზები.დებიუტანტი კონკურსანტების ცნობით, ვისაც უკვე ჰქონდა გასაუბრება კინოცენტრში, ახალი ჟიურის შემადგენლობაში არიან გოგა ხაინდრავა, POST TV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია, რუსუდან გლურჯიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ირაკლი სამსონაძე, გიორგი ცხვედიანი და გიორგი მეგრელიშვილი.