უკვე ორი თვეა, რაც მოსკოვმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამასობაში რუსეთში პროპაგანდა გაძლიერდა, მიიღეს კანონები, რომლებიც თავისუფალ გამოხატვას კრძალავს, დაიკეტა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და ამოქმედდა სანქციები. სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, ყველაზე აქტიურ ოპოზიციურ ქალაქებში, საპროტესტო გამოსვლებიც შემცირდა. რა შეიცვალა რუსეთში და როგორ ეგუებიან ადამიანები ომს?
ჩვენმა გმირებმა, უსაფრთხოების მიზნით, ინტერვიუები ანონიმურობის პირობით მოგვცეს. ფოტოებზე რეალური გმირები არ არიან გამოსახული.
ალბათ ერთხელაც ამომასხამს, და შევძლებ, აღვწერო ის, რაც ხდება.
მაგრამ ახლა სიტყვები არ მყოფნის.
ნანა, სანქტ-პეტერბურგი
ნანა, 26 წლის სომეხი, ქართველი, რუსი და გერმანელია - თითო მეოთხედით. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია, მაგრამ ეს საქმე მხოლოდ ფულისთვის სჭირდება. მისი ნამდვილი მოწოდება თანამედროვე ცეკვაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნანა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ სავიზო თავის ტკივილის ასაცილებლად 2020 წელს ევროპასთან ყველაზე ახლო დიდ ქალაქში, სანქტ-პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად.
პეტერბურგი რუსეთის სხვა ქალაქებს არ ჰგავს. მოსკოვში თუ წარმატების მაძიებლები მიდიან, აქ ხალხი საკუთარი თავის და სიმართლის მოსაძებნად ჩამოდის. ეს ქალაქი უფრო ოპოზიციურია, ძლიერი ანდეგრაუნდით.
[ომის დაწყების] პირველივე დღეებში რამდენჯერმე წავედი პროტესტზე ქალაქის ცენტრში. პოლიცია 17 წლის, ვარდისფერთმიან გოგონებს მიათრევდა და ჩემთვის ვფიქრობდი, ესენი ამხელა რა საფრთხეს უნდა წარმოადგენდნენ? უფროსი ასაკის ადამიანები თითქმის არ მინახავს იქ.
ორ კვირაში ატმოსფერო შეიცვალა და მალევე, პროტესტები შემცირდა. ყველაზე გამოცდილმა აქტივისტებმაც კი ტელეგრამზე წერა მხოლოდ მაშინ დაიწყეს, როცა ქვეყნის ფარგლებს გასცდნენ. მესმის მათი. ამ [რუსული] პასპორტით რომ დაიბადნენ, რა მათი ბრალია. არავის უნდა თექვსმეტი წლით [ციხეში] ჩაჯდომა იმის გამო, რომ ომს სპეცოპერაცია არ დაუძახა. ბევრი ხელოვანი საქართველოში და სომხეთში წავიდა, რაც ირონიულია - ომამდე არც კი იცოდნენ, ეს ქვეყნები სადაა.
წასვლა მეც მინდოდა, მაგრამ, გულდახდილად რომ ვთქვა, არ მინდა სომხეთში 1000$-ად გაფრენა. მგონი ის, რომ სომხური პასპორტი მაქვს, და არა რუსული, ცრუ დაცულობის შეგრძნებას მიჩენს - არადა, რუსი სპეცსამსახურებისთვის, არა მგონია, ეგ დაბრკოლება იყოს. საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა რომ დამეცვა, ერთი პერიოდი ყველა აპლიკაცია წავშალე, ტელეგრამიც კი, და ასე ბევრმა გააკეთა, რადგან იქ დარჩენა სიცოცხლის სურვილს გართმევდა.
პეტერბურგში რომ გადმოვედი, ვეძებდი ცეკვის სტუდიებს, სადაც ჩემს არტისტულ გამოხატულებას განვავითარებდი, რადგან [სომხეთში] ომის შემდეგ ნეგატივით ვიყავი სავსე და მინდოდა აგრესიისგან დავცლილიყავი. სანქტ-პეტერბურგში ამ გეგმით ჩამოვედი - ჩემი ცხოვრება უკვე არაერთხელ გადავდე ომისა და პანდემიის გამო, და გადავწყვიტე, ერთხელ მაინც გამეკეთებინა რამე ჩემთვის. უკრაინასთან ომი რომ დაიწყო, კვირაში რვაჯერ დავიწყე ცეკვაზე სიარული, დავრბოდი, დარბაზში დავდიოდი. მოძრაობა გახდა ჩემი თავდაცვა.
მოცეკვავეებმა ომის შესახებ დავიწყეთ ცეკვა. ერთ-ერთ გაკვეთილზე ოცდაათამდე ადამიანი მივედით. სიმღერა, რომელზეც ვცეკვავდით, აქტივისტის დაწერილი, ანტისაომარი ნაწარმოებია, მაგრამ, ხმამაღლა ამაზე არავის არაფერი უთქვამს. „თავისუფალი ხართ, გამოხატოთ ყველაფერი, რასაც გრძნობთ, ცეკვაში“, - მხოლოდ ეს გვითხრა მასწავლებელმა. იმ დღეს იატაკი თითქმის დავლეწე.
ხალხი ერთმანეთს შეჰყურებს, ჩამშვებობა ისევ დაბრუნდა, ადამიანებს ერთმანეთის ეშინიათ. „კი, ძალიან ცუდია ის, რაც ხდება“, - იტყვიან ხოლმე და მერე ცდილობენ, დიალოგი რაც შეიძლება მალე დაამთავრონ. მეც ვფრთხილობ, ვაკვირდები, რასაც ვამბობ. ორი დღის წინ რომელიღაც ოფიციალურ დაწესებულებაში ყოფნისას, წინადადება ასე დავიწყე „...ამ სიტუაციის გამო“, და იქაურმა თანამშრომელმა გამაწყვეტინა - „კოვიდს გულისხმობთ?“, კი-მეთქი, სასწრაფოდ ვუპასუხე, თუმცა კოვიდი სულაც არ მიგულისხმია. ძალიან ბევრია „ნეიტრალური“, ეგრეთ წოდებული ინტელექტუალები ამბობენ ხოლმე - „შენ რა იცი, სადაა სიმართლე“.
ახლა ამ Z-ს ყველგან ვხედავ, ქვეშ წარწერით “Своих не бросаем” (ჩვენიანებს არ ვტოვებთ). სუპერმარკეტში მაიონეზიც კი Z-ს ფორმაზე დაალაგეს. [რუსულ განცხადებების საიტზე] „ავიტოზე“ ვნახე ამას წინათ ასეთი ვაკანსია - „პატრიოტული ტექსტების ქოფირაითერი“.
სანქციებმა რუსები კიდევ უფრო გააერთიანა. დიდი ბრენდები რომ გავიდნენ, ამათ თქვეს „გაა…ვით, საკუთარს გავაკეთებთ“. ჯერჯერობით შესამჩნევი დეფიციტი არ არის, თუმცა Zara, Bershka, Pul-იl and Bear-ი დაიკეტა. ბევრმა ვერც კი შეამჩნია, რადგან არც ჰქონიათ ცხოვრების ისეთი ხარისხი, რომ იქ ეყიდათ რამე. ისეთ მოლში თუ შეხვალ, სადაც რუსული ბრენდებია, ყველაფერი ჩვეულებრივადაა, მაგრამ ხარისხია დაბალი. „ბელარუსული ტრიკოტაჟი“, - ასე ვეძახით მაგ ტანსაცმელს.
გამიკვირდა, როცა ომის შემდეგაც დავინახე, ნევსკიზე როგორ ცეკვავდა და მღეროდა ხალხი, მაგრამ მე მგონი "კარპე დიემ" ეფექტია - ყველაფერი ჯანდაბაში მიდის და ზუსტადაც ის დროა, აკეთო ის, რაც გინდა. ვამჩნევ, რომ წასულები გაცილებით დეპრესიულები არიან. აქ ხალხი უკრაინელების ტკივილს ვერ გრძნობს, ისინი კი, ვინც, მაგალითად, საქართველოში არიან, თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან ქართული საზოგადოება უფრო ცხადად აღიქვამს ომს. აქ კიდევ ორი აზრის ადგილი არაა, ომი არ იგრძნობა. ხვდები, რომ ვერაფერს იზამ და ციხეში ჩაჯდომაც არ გინდა, არ გინდა შენი შვილების მიტოვება, სამსახურიდან წამოსვლა.
ცოტა ხნის წინ ექიმთან ვიყავი, სტიმულატორები გამომიწერა. ვგრძნობ, ჩემი რაღაც ნაწილი იმდენად გულდაწყვეტილია, იმდენად იმედგაცრუებული, რომ უბრალოდ არაფრის კეთება არ მინდა. თან ძალიან გაბრაზებულიც ვარ, ამ ბრაზის გაზომვა რომ შემეძლოს, კოსმოსურ ნიშნულს მიაღწევდა. თავშეუკავებლად, ბავშვურადაც კი ვბრაზდები, როცა ადამიანები ჩემ დადანაშაულებას ცდილობენ, როცა რუსეთთან მაიგივებენ მხოლოდ იმის გამო, რომ აქ ვარ, ან მეოთხედით რუსი ვარ. როცა სომხეთში ომი იყო, არავის ადარდებდა. მე ვიცი, რას ნიშნავს ომი, და ყველა ამ რუსისგან განსხვავებით, [ყარაბაღის] ომის დროს, ვერსად ვერ მივდიოდი, ევროპის კარი ჩვენთვის ჩაკეტილი იყო. მსოფლიომ ერთხელ უკვე მიღალატა, და ახლა იმას მსაყვედურობენ, რომ ჯერ კიდევ რუსეთში ვარ?! ჩემს არცერთ უკრაინელ მეგობარს არ უთქვამს ასეთი რამე. ამას ევროპელები ამბობენ, რომლებსაც არ ესმით, რომ არ შეგიძლია, ასე უბრალოდ, ადგე, ბარგი ჩაალაგო და სხვა ქვეყანაში წახვიდე.
ანასტასია [სახელი შეცვლილია], 37 წლის, წარმოშობით ციმბირიდანაა და ბოლო 6 წელი ცხოვრობს მოსკოვში. მუშაობს მსხვილ იმპორტიორ კომპანიაში. ანონიმურად დარჩენის მიზეზით არ ასახელებს სამუშაო ადგილს.
მე ტელევიზორს არ ვუყურებ და ომის წინა დღეებში არ ვკითხულობდი ახალ ამბებს - ბოლო წლებია, უკრაინაზე ძალიან ბევრი იწერება და ტვინი უკვე ვეღარ ინელებს. მოკლედ, ვერ აღვიქვი მოახლოებული საფრთხე, ამიტომ სრული შოკი იყო. როგორ ვაკეთებთ ამას?! მხოლოდ ეს კითხვა გვიტრიალებდა თავში და კონკრეტული პასუხი არავის ჰქონდა.
ახლა ადამიანები თითქოს სიცარიელეში დაბოდიალობენ და ეძებენ „თავისიანებს“, მათ, ვინც ისე ფიქრობენ, როგორც თავად, მაგრამ ამის მიხვედრა რთულია. ვერც იმას ვარკვევ, ხალხს აქვს თუ არა კოლექტიური პასუხისმგებლობისა თუ სირცხვილის გრძნობა. როცა ადამიანი უბრალოდ ჩუმადაა, თავში ხომ ვერ შეუძვრები? ხანდახან ჩუმად ზის და უცბად გამოაცხადებს, აი, ყველაფერი წავიკითხე, გავერკვიე და პუტინს ვუჭერ მხარსო. „გათიშე და იბატონე“, ეს ხდება ახლა იმ სიჩუმის მიღმა. რამდენჯერმე უცხო ადამიანმა, საზოგადოებრივ ადგილას, თითქოს განგებ მკითხა, ომს თუ ვუჭერდი მხარს.
ჩემი უკრაინელი მეგობრები მოვიკითხე, კიევში, სარდაფში როცა ისხდნენ, თუმცა საკმაოდ ცივად მესაუბრნენ - „კი, ცოცხლები ვართ, ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა“, - სულ ეს მიპასუხეს. არ ვიცი, რამდენად ჰქონდა აზრი ბოდიშის მოხდას, მაგრამ მრცხვენოდა, ცრემლებიც მომდიოდა. ბუჩის მერე სამი დღე ვერ ავდექი საწოლიდან.
იყო პერიოდი, როცა ხალხი გაქვავებული სახეებით ისხდა ტრანსპორტში და ვერავინ ვერავის უსწორებდა თვალს, მაგრამ ასე აღარ არის. შეიძლება ეს სწორიცაა, შეიძლება საკუთარი თავის შენარჩუნების გზაა მათთვის. მიჩვევის ამბავიც არის.
ჩემთვის შეუძლებელია, ახალ ამბებს ბოლომდე გამოვეთიშო. ეს ქვეყანა [უკრაინა] ჩვენთვის უცხო არაა, თან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბრუნდება ქვეყანაში „груз 200“-ით და ესეც მტკივნეულია. ვერ ვხვდები, რატომ ვერ ხედავენ სხვები ამას.
რუსეთი ჩემი ქვეყანაა და საერთოდ არ მესმის, „თუ არ მოგწონს - წადი“ რას ნიშნავს. თუ აქაურობა ვიღაცისთვის მართლა აუტანელია, მე არ ვამტყუნებ, რომ მიდის. მაგრამ მე ვიპოვე ძალები, ვიარსებო, და არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ წავიდე. ხელები და ფეხები მაქვს, თავიც მუშაობს, რაღაცის კეთება ვიცი. საკუთარი თავის მწამს, ვიცი, რომ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ვიყურები ფანჯარაში და ვხედავ, რომ სიმშვიდე და სისუფთავეა, რომ შემიძლია, ქუჩაში ვიარო და ფიზიკური საფრთხე არ დამემუქრება. აი, მორალურ დონეზე რამდენად უნდა ჩამოეშვას თამასა, რა უნდა აიკრძალოს, რომ ჩემზე გავლენა იქონიოს, არ ვიცი.
„ომს“ დავარქმევთ თუ „სპეცოპერაციას“, შინაარსი არ შეიცვლება, ადამიანები მაინც კვდებიან. აი, „პატრიოტიზმი“ კი უკვე ძალიან გაცვეთილი სიტყვა გახდა. პატრიოტიზმი იცით, რა არის? ნავალნი რომ დაბრუნდა ქვეყანაში, როცა იცოდა, რომ დაიჭერდნენ. მე არ ვიცი, რამდენად ვარ პატრიოტი, მაგრამ არ მინდა ყველაფერი მივაგდო და წავიდე. ჩემს მშობლებს სიცოცხლის 20 წელი წაართვეს და ახლა ცდილობენ, მე წამართვან.
ვიცი, რომ სანქციების ეფექტს ვიგრძნობთ, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ყველაფერი გვაქვს. თებერვლის ბოლოს ხალხმა პანიკურად დაიწყო ტექნიკის შეძენა. ვისაც რემონტი, მშენებლობა ჰქონდა, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე მოემთავრებინათ. ასე იყო 2008-ში და 2014-ში, პანდემიის დასაწყისშიც. ხალხი მიაჩვიეს ისეთ მდგომარეობას, როცა ფასები იზრდება, ამით მაინცდამაინც შოკირებული არავინაა. კრიზისიდან კრიზისამდე ვცხოვრობთ - მე მგონი, რუსი ადამიანის რაღაცით გაოცება უკვე ძალიან რთულია. ალბათ მართლა უნდა ააყირაო ეს ქვეყანა რომ ხალხმა რამე იგრძნოს.
ოლეგი [სახელი შეცვლილია], 27 წლის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ოცი წლიდან ცხოვრობს მოსკოვში, „ერთ-ერთ პატარა ქალაქიდანაა“. სახელი შეცვლილია.
ამ ინტერვიუზე რომ დავთანხმდი, ჩემმა მეგობარმა გოგომ მკითხა, რატომ აკეთებ ამას, რაში გჭირდება? ამ კითხვაზე რაციონალური პასუხი არ მქონდა. ვხვდები, რომ არაფერს მომიტანს და არავის დაეხმარება. მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი: უარი რომ მეთქვა, შემრცხვებოდა, რომ იმდენად მშიშარა ვარ, ანონიმურობის პირობითაც კი არ ვარ მზად სიმართლე ვილაპარაკო იმაზე, რაც ხდება. ეს სრული ანტიუტოპია იქნებოდა, და გამყვებოდა იმის შეგრძნება, რომ ლაჩარი ვარ.
24-ში, დილით, ჩემმა მეგობარმა გოგომ ტელეფონს დახედა და სახე შეეცვალა. მეუბნება ომი დაიწყოო, და მე მეგონა, რომ მეხუმრება. ტელევიზორი ჩავრთეთ და ვხედავთ, როგორ მოძრაობდნენ რუსული ჯარები [უკრანაში].
პირველ დღეებში ყველაფერი სიზმარს ჰგავდა. ჩემი შეყვარებული ადრეც ამბობდა, რომ ეს მოხდებოდა, მე კი ვეკამათებოდი, რომ ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნისთვის ამდენად ცუდი იქნება-მეთქი. ვცდებოდი.
უკრაინაში არავინ არ მყავს და ალბათ, თავიდან უფრო ჩვენს ქვეყანაზე ვდარდობდი. მივხვდი, რომ ათწლეულებით უკან გადაგვისროლეს, და მეც ვკარგავ ჩემს მომავალს. წავიდა ბევრი მეგობარი, რომელიც ნიჭიერია, რომელზეც ვფიქრობდი, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში უნდა შეექმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენი სახელმწიფო კი ეუბნება, წადით, აქ მაინც არავის სჭირდებითო.
ჩემი უნარებით სამსახურის შოვნა გამიჭირდება, თუ წავალ, დაბალანაზღაურებადი ფიზიკური მუშაობა მომიწევს. აქ [რუსეთში] კიდევ სამსახური მაქვს, სადაც ცუდს არაფერს ვაკეთებ, არ ვეხმარები იმას, რაც უკრაინის და რუსეთის საზღვარზე ხდება. თუ წავალ, ყველაფერს დავკარგავ, უბრალოდ რაღაც დროით მშვიდად ვიქნები, რომ ამ რეჟიმთან არ ვასოცირდები. მაგრამ ისინი, ვინც წავიდნენ და ისინიც, ვინც დავრჩით, ერთნაირად დამნაშავეები ვართ. წასვლა უდანაშაულობის პრეზუმფცია არაა. „თუ წახვალ, ყველაფერს გამოტოვებ“, - ახლა ასეთი აზრიც არის, რომ ყველაფერი თუ გაუარესდა, შეიძლება რაღაც შეიცვალოს ქვეყანაში. და ამ დროს ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ იქნებიან, დაკარგავენ შანსს, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
არ მრცხვენია იმის, რომ რუსი ვარ, მაგრამ მე პირადად არ გამიკეთებია ყველაფერი, რაც შემეძლო. საკმარისად არ გვილაპარაკია, ძალიან ხშირად ვდუმდით, როცა უნდა გვესაუბრა, ყოველთვის არ გავდიოდი პროტესტზე. ამიტომ ხელისუფლებამ იგრძნო, რომ ყველაფრის უფლება აქვს. მყავს მეგობარი, რომელიც ამბობდა, მიტინგზე წასვლა უაზრო საფრთხეა, ათი დღე-ღამით ჩამსვამენ და სამსახურს დავკარგავ, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროო. ჩემი არგუმენტი კი მხოლოდ ის იყო, რომ უნდა გამოვხატოთ კოლექტიური სურვილი, რაღაც შევცვალოთ. ახლა ისევ ვილაპარაკეთ და მითხრა, რომ მართალი იყავი, ვცდებოდიო. მეტი უნდა გვექნა.
რუსეთი ამ ომს აგებს, მაგრამ პროპაგანდა, ქვეყნის შიგნით, იგებს. იმ იდეამ, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ ჩვენ წინააღმდეგ შეიკრა, შედეგები გამოიღო. ერთ-ერთ შეკრებაზე მეგობრებთან, აღმოვაჩინეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თურმე მხარს უჭერდა ომს. როცა ვკითხეთ, რატომ? გვიპასუხა - ეს უბრალოდ დროის ამბავი იყო და ჩვენ რომ არ დაგვერტყა პირველებს, დასავლეთი შეგვიტევდაო. როცა ადამიანები მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ და ასე ფიქრობენ, მესმის, მაგრამ ოცდახუთი წლის ბიჭი რომ ამბობს ამას, გაუგებარია.
ცხოვრება ნაკლებად კომფორტული ხდება, ფაქტია. მყავს მეგობარი, რომელსაც დიაბეტი აქვს და უცხოური ინსულინი სჭირდება, რუსული არ არის საკმარისად ეფექტური. ამასთან შედარებით ჩემი „ეფლ ფეის“ პრობლემები არაფერია. მე როცა მივხვდი, რომ ბრენდები რუსეთს დატოვებდნენ, წავედი და ვიყიდე ჩემი სარეცხი ფხვნილის ოცი შეკვრა. ვიცოდი, რომ გაძვირდებოდა ან საერთოდ „გაქრებოდა“.
საუბარს სანამ დავიწყებდით, წინა დღეს ვფიქრობდი, როგორ შეიძლება აღვწერო ახლანდელი სიტუაცია მოსკოვში და გამახსენდა ერთი სამეცნიერო ფილმი, ბავშვობაში მაქვს ნანახი, იქ ამბობდნენ, მზე რომ ჩაქრეს, ადამიანები ამას ეგრევე ვერ იგრძნობენო, იმიტომ რომ მზის სხივს დრო უნდა დედამიწამდე მოსასვლელად. ჰოდა, აქაც ასეა - ხალხს ჰგონია, რომ მზე ჯერ კიდევ ანათებს და ვერ ვხვდებით, რა ხდება ჩვენს თავს. ვიცი, რომ ნახევარ წელიწადში დაიკეტება ჩემი საყვარელი ბარი, სავარაუდოდ დავკარგავ სამსახურს, დედაჩემი და ოჯახის წევრებიც უმუშევრები დარჩებიან, ჩემი მეგობრები კი წავლენ. ახლა თვითმფრინავში ვჯდები, რომელიც ნახევარი წლის შემდეგ შეიძლება ვერც აფრინდეს, რადგან სათადარიგო ნაწილები არ ექნება. მაგრამ, ახლა ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს.