სახელმწიფო მოგისმენთ და გითვალთვალებთ იმდენ ხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის - ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებს იწყებს

დიდი ალბათობით, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი წესი შეიცვლება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა უკვე დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც ხელისუფლებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მნიშვნელოვნად უადვილებს.

„ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს აკანონებს”, - აცხადებს არასამთავრობო სექტორი და პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს ცვლილებები.

რა იცვლება კანონში?

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ინიცირებული კანონპროექტით იცვლება რამდენიმე რამ:

  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხანგრძლივობა იზრდება 3 თვით;
  • შეტყობინების წესი იმ პირისთვის, ვისაც სახელმწიფო უსმენს ან/და უთვალთვალებს; შესაძლოა ადამიანმა ვერც ვერასოდეს გაიგოს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 სახის დანაშაულზე იქნება შესაძლებელი;
  • 100 სახის დანაშაულზე ფარული მოსმენა შეიძლება უვადოდ გაგრძელდეს.

კანონით, დღეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადა 6 თვეა. სახელმწიფოს სურს, რომ ფარული მიყურადების და თვალთვალის უფლება 9 თვემდე გაიხანგრძლივოს. კონკრეტული მუხლების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ხდებოდეს განუსაზღვრელი დროითაც კი.

„[ფარული მიყურადება და თვალთვალი] იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი”, - წერია კანონპროექტში.

ფარული მოსმენისა და თვალთვალის ნებართვას გამოიძება იღებს სასამართლოსგან. სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს და მართლმსაჯულება აქ პოლიტიკურად მოტივირებულია.

ასევე ნახეთ კობახიძე: გვჭირდება მტკიცებულებები, რომ სასამართლოში სისტემური პრობლემებია

რა დანაშაულების გამოძიებისას შეიძლება გისმინონ და გითვალთვალონ ფაქტობრივად უსასრულოდ?

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ლიკა საჯაიას განმარტებით, 360-მდე იზრდება იმ დანაშაულების სია, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სტრუქტურებს შეუძლიათ მოქალაქეების თვალთვალი და მიყურადება. თვალთვალის და მოსმენის გახანგრძლივება „იმდენჯერ, რამდენჯერაც იარსებებს ამის სამართლებრივი საფუძველი”, შესაძლებელი ხდება შემდეგი დანაშაულებების გამოძიებისას:

  • განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები (ტრეფიკინგი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა და სხვა);
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან რეალიზაცია;
  • საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული (ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, გასაღება, ცივი იარაღის ტარება და სხვა).
  • უკანონო გაერთიანების შექმნა ან ხელმძღვანელობა, ანდა მასში მონაწილეობა;
  • პორნოგრაფიული ნაწარმის ან/და სხვა საგნის უკანონოდ დამზადება და გასაღება;
  • არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში;
  • ნარკოტიკური დანაშაულები;
  • კომპიუტერული დანაშაულები;
  • კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა;
  • სამოხელეო დანაშაული;
  • დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ;
  • კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

კანონით, მოქალაქემ, რომელსაც სახელმწიფო უსმენს და უთვალთვალებს, ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიიღოს 24 თვის ვადაში. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები თვლიან, რომ 2 წელი მცირე დროა ამისთვის, და სურთ სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრული 30-ზე მეტი სახის დანაშაულის გამოძიებისას, შეტყობინება „გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად“. შეტყობინების გადავადება ყოველ ჯერზე შესაძლოა 1 წლის ვადით.

ასევე ნახეთ “ჩართეთ უცებ”, - როგორ წყვეტს სუს-ი, ვის მოუსმინოს 

როგორ ასაბუთებს მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას?

ჰიბრიდული ომის პირობებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულებებთან ბრძოლისას - ეს არის ინიციატორების არგუმენტები.

„განსაკუთრებით საყურადღებოა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის და მისი შექმნისთვის საჭირო კომპონენტების გავრცელება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და ასევე, ნაკლებად მძიმე დანაშაულების გარკვეული კატეგორია, მისი სპეციფიკისა და ხასიათის გათვალისწინებით“, - განაცხადა 21 აპრილს საკომიტეტო განხილვისას ირაკლი ბერაიამ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ დანაშაულებებს, რომლებზეც გასულ წელს არცერთი საქმე არ არის აღძრული. ცვლილებები ეხება სამოხელეო დანაშაულებებსაც, რომლებსაც გახსნის ძალიან დაბალი, 3%-იანი მაჩვენებელი აქვს.

კრიტიკა

„ადამიანის უფლებების კუთხით ვისთან გაიარეთ კონსულტაცია? რომელ ორგანიზაციასთან, რომელ ექსპერტთან, როცა ამ კანონპროექტზე მუშაობდით?“ - იკითხა ლიკა საჯაიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან” 21 აპრილს საკომიტეტო განხილვისას. ის თვლის, რომ მუხლები, რომლებსაც ცვლილებები ეხება, დანაშაულების ზედმეტად ფართო სპექტრს მოიცავს.

Your browser doesn’t support HTML5

ლიკა საჯაია საკომიტეტო მოსმენაზე

„არ შეიძლება, სათევზაო ბადის პრინციპით მოვექცეთ ჩვენს უფლებებს და ერთი უზოგადესი ტერმინის ქვეშ შევზღუდოთ ძალიან ბევრი საკითხი”, - ამბობს გურამ იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან“, საკომიტეტო განხილვისას. ის თვლის, რომ განმარტებითი ბარათი საერთოდ არ სცემს პასუხს იმ კითხვებზე, რასაც ცვლილებები აჩენს.

Your browser doesn’t support HTML5

გურო იმნაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე

„შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების ნაცვლად, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული კი, კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

„მე რაც განსაკუთრებით მომხვდა თვალში, არის კანონპროექტის ტონი და სიტყვათა წყობა: ვადები შეიძლება გაგრძელდეს "იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია...". ესეთი შემტევი ტონი და სიტყვათა წყობა მე პირადად კანონპროექტში აქამდე არ ამომიკითხავს. ვინმეს რამე არ შეეშალოს, რასაც გვინდა, იმას ვიზამთ უფრო იკითხება, ვიდრე უფლებებზე ორიენტირებული ნება კანონმდებლისა”, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი.

მარიკაშვილი გამოყოფს იმ ორ მუხლსაც, რომლითაც, როგორც წესი, გამოძიება იწყება ხოლმე აქტივისტების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. 315-ე და 317-ე მუხლები ითვალისწინებს შემდეგ დანაშაულებს: შეთქმულებას კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად და მოწოდებას სახელმწიფო ძალაუფლების დამხობისკენ. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებისას ცვლილებები უვადოდ მოსმენის საშუალებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს. ანუ უვადო თვალთვალს, უვადო მოსმენას, და შეუტყობინებლობის ფაქტობრივად უვადო პერიოდს.

თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები საქართველოში პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის ისედაც მწვავე პრობლემის პირობებშია დაგეგმილი. სატელეფონო კომუნიკაციის უკანონო მიყურადების არაერთი ფაქტი წლიდან წლამდე გამოუძიებელია. პირადი ცხოვრების და ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ადეკვატური მოწესრიგების საკითხი რელევანტურია როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ევროინტეგრაციის კონტექსტში, რისი დასტურიც არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის 196-ე კითხვა სწორედ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტს შეეხება.

ასევე ნახეთ რას გვეკითხება ევროკავშირი, სანამ კანდიდატის სტატუსს მოგვცემს - მთავარი კითხვები დოკუმენტიდან

2021 წელს რამდენიმე ეტაპად გავრცელდა სავარაუდოდ სუს-ში შედგენილი „საიდუმლო ფაილები”, რომლითაც ცხადი გახდა, რომ 2013-2021 წლებში უკანონო მოსმენისა და თვალთვალის სამიზნეები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, დიპლომატები.

კანონპროექტს 4 ავტორი ჰყავს. დეპუტატები მმართველი პარტიიდან: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და რატი იონათამიშვილი. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დღეს, 21 მარტს დაიწყო.