ადმირალი ჯეიმს ფოგო - რატომ აგებენ რუსები ხმელეთზეც და ზღვაზეც

„დასავლეთი ფიქრობდა, რომ რუსეთი გოლიათი იყო, რომ რუსები ომში „ვარგოდნენ“, მაგრამ ვერ ივარგეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამერიკელი ადმირალი ჯეიმს ფოგო, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აშშ-ის საზღვაო ძალებს ევროპაში, აფრიკაში, ასევე იყო ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის მეთაური. ფოგო ამბობს, რომ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი რუსეთის დამარცხებაა. ვაჟა თავბერიძე მას პრაღიდან ესაუბრა.

[„მოსკვას“ ჩაძირვა] - ეს უზარმაზარი, გამაოგნებელი დარტყმაა... ეს არა მარტო სირცხვილია, არამედ მორალსაც „ურტყამს“. ეს იყო თვალი თვალის წილ.

რადიო თავისუფლება: წინა კვირის მთავარი ამბით დავიწყოთ - შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, „მოსკვას“ ჩაძირვა. როგორ შეაფასებდით ამ ინციდენტს - როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ასევე ფსიქოლოგიურ-სიმბოლური კუთხით?

ადმირალი ჯეიმს ფოგო: სამხედრო ნაწილით დავიწყოთ. რუსეთს სურდა ისეთივე სრული საზღვაო უპირატესობა ჰქონოდა შავ ზღვაზე, როგორიც აზოვის ზღვაზე აქვს. ამიტომ გემები მურმანსკიდან, ბალტიის ფლოტიდან, ჩრდილოეთის ზღვიდანაც კი გადაისროლეს შავ ზღვაში. ამჟამად შავ ზღვაში, სხვა გემებთან ერთად, რუსეთს ჰყავს 6 „როპუჩას“ კლასის სადესანტო-მოიერიშე გემი და 6 წყალქვეშა ნავი - ესენია ჰიბრიდული, „კილოს“ კლასის ძალიან ჩუმი და მომაკვდინებლად ეფექტური ნავები.

იმ რესურსების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთს შავ ზღვაში რჩება, „მოსკვას“ ჩაძირვა დიდ გავლენას არ იქონიებს სამხედრო-სანაოსნო ძალთა ბალანსზე. მაგრამ რაც შეეხება ფსიქოლოგიურ გავლენას, ეს უზარმაზარი, გამაოგნებელი დარტყმაა - ეს არის გემი, რომელიც ატარებდა ქვეყნის დედაქალაქის სახელს, პირადად პუტინის ფავორიტი ხომალდი, რომელსაც იგი სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებისთვის იყენებდა ხოლმე, მათ შორის, 9 მაისის აღსანიშნავად. როდესაც მოწინაღმდეგე შენს ფლაგმანს ძირავს, ეს არა მარტო სირცხვილია, არამედ მორალსაც „ურტყამს“. თანაც, დღემდე არ ვიცით, ზუსტად რამდენი რუსი მეზღვაური ჩაჰყვა „მოსკვას“ ფსკერზე - ევაკუირებულთა ის რაოდენობა, რასაც რუსები აცხადებენ, არადამაჯერებლად მეჩვენება. წარმომიდგენია, რა სირცხვილია ეს შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობისთვის.

რუსებს თავს გაუვიდათ - ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ, რაც გაუხარდებოდათ, ის ეკეთებინათ შავ ზღვაში და ამის გამო არ დაისჯებოდნენ.

ისიც მაინტერესებს, რატომ „დამართეს“ ეს საკუთარ თავს - რა თქმა უნდა, უიღბლო დღე ყველა გემს შეიძლება გაუთენდეს, ჩვენც საკმაო რაოდენობით ინციდენტები გვქონია ამერიკულ ფლოტში. მაგრამ ვფიქრობ, პრობლემა იყო აღჭურვილობის გაუმართაობა, ამიტომაც ვერ დაინახეს „ნეპტუნები“. მეორე ფაქტორი კი პროფესიონალიზმის დეფიციტია, მათ არ ჰყავთ პროფესიონალი კადრები - რუსებმა [რაკეტების მოხვედრის შემდეგ] ვერ შეძლეს პრობლემაზე ჯეროვნად რეაგირება - ვერც ცეცხლი ჩააქრეს და ვერც ჩაძირვას გადაარჩინეს გემი. და ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსებს თავს გაუვიდათ - ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ, რაც გაუხარდებოდათ, ის ეკეთებინათ შავ ზღვაში და ამის გამო არ დაისჯებოდნენ. ისინი აზოვის ზღვაზე კონტროლმა გაათამამა. „მოსკვა“ დიდებული სამიზნე იყო, არა მხოლოდ თავისი პოზიციის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ეს სწორედ ის გემია, რომელმაც იერიში მიიტანა კუნძულ „ზმიინიზე“. ეს იყო „თვალი თვალის წილ“.

რადიო თავისუფლება: ზოგადი კონსენსუსის მიხედვით, ამ ომში რუსულმა ფლოტმა არათუ არასახარბიელოდ წარმოაჩინა თავი, არამედ საერთოდ ვერც გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. რატომ? რატომ არ იყო მაგალითად იერიში ზღვის მხრიდან ოდესაზე?

ადმირალი ჯეიმს ფოგო: ვფიქრობ, იმავე მიზეზებთან გვაქვს საქმე, რასაც სახმელეთო ძალებთან ვხედავთ. როგორც სახმელეთო დანაყოფებში ჰყავდათ ახალწვეულები, იგივე სიტუაციაა ფლოტშიც - ისინი არ არიან პროფესიონალი ჯარისკაცები, არ აქვთ სათანადო წვრთნა და მომზადება, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნებისა და ამერიკულ დანაყოფებთან შედარებით. საქმე კი აი, რაშია - იმ ფაქტმა, რომ [რუსებს] საომარი გამოცდილება ჰქონდათ ჩეჩნეთსა და სირიაში, რომ უპრობლემოდ დაიკავეს ყირიმი, ამ ყველაფერმა დასავლეთი დაარწმუნა, რომ რუსეთი გოლიათი იყო, რომ რუსები ომში „ვარგოდნენ“, მაგრამ ვერ ივარგეს. რატომ? ვფიქრობ, პირველ რიგში, ამის მიზეზი ლოგისტიკაა - თუ ჯარს ვერ კვებავ, თუ ტყვიებს ვერ აწვდი, თუ ბენზინი და გაზი გელევა, ისინი ვერ იბრძოლებენ. რუსებს გამოელიათ საწვავი, საკვები, ამუნიცია და თანაც, ჰქონდათ დიდი დანაკარგები, განსაკუთრებით კიევის დაცვისას. შედეგად, უკან დაიხიეს, რაც დამატებითი სირცხვილია და მორალზე აისახება.

რუსეთის ფლოტსა და საზღვაო დესანტში ესმით, რომ ნაპირზე შეიძლება გადავიდნენ, მაგრამ ამ ნაპირს შორს ვეღარ გასცდებიან... ამიტომაც ამის ნაცვლად თავიანთ გემებზე არიან მოკალათებულნი.

რაც შეეხება იმას, რატომ ვერ ვნახეთ იერიში ოდესაზე - რუსეთის ფლოტსა და საზღვაო დესანტში, ვფიქრობ, ესმით, რომ ნაპირზე შეიძლება გადავიდნენ, მაგრამ ამ ნაპირს შორს ვეღარ გასცდებიან. ოდესაში მზად არიან საბრძოლველად - მათ ყველა საჭირო ზომა მიიღეს, შეიარაღებულები, გამაგრებულები არიან ქალაქში და „საკუთარი მოედნის“ უპირატესობა აქვთ. ისინი ყოყმანს არ დაიწყებენ და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ. როცა რუსი ხარ და ეს ყველაფერი იცი, იმ დასკვნამდეც მიდიხარ, რომ აქ გადარჩენის მაინდამაინც დიდი შანსები არ გაქვს და ნაპირზე გადასვლა და იერიში არცთუ ისე მომხიბლავ პერსპექტივად გეჩვენება. ამიტომაც ამის ნაცვლად თავიანთ გემებზე არიან მოკალათებულნი, სანამ შორი მანძილის არტილერია რუსეთიდან და ბელარუსიდან უკრაინულ ქალაქებს მიწასთან ასწორებს. მარიუპოლი სრულიად მიწასთანაა გასწორებული, მაგრამ რუსები ჯერაც ვერ ამყარებენ მასზე კონტროლს, უკრაინელები, მათდა სასახელოდ, არ ნებდებიან. აბსოლუტურად ამაზრზენია ის, რაც დღეს მარიუპოლში ხდება, ეს სხვა არაფერია, თუ არა ხოცვა-ჟლეტა. და ვფიქრობ, მარიუპოლი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაც გაიზარდა დასავლეთიდან ლეტალური იარაღის მოწოდება უკრაინელებისთვის, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ მიწას და ქალაქებს.

რადიო თავისუფლება: როგორ წარმოგიდგენიათ ომის ეს ე.წ. მეორე ფაზა - უფრო ტაქტიკურ, პოზიციურ ბრძოლებს უნდა ველოდოთ თუ დიდ, გადამწყვეტ შეტაკებებს?

ადმირალი ჯეიმს ფოგო: ეს დამოკიდებულია „სირიის ყასბად“ წოდებულ გენერალ დვორნიკოვზე. მის რეზიუმეში ჩეჩნეთსა და სირიაში მიღწეული გამარჯვებებია, რომელთა მისაღწევადაც ის არ ერიდებოდა უხეში, შეუსაბამო ძალის გამოყენებას როგორც სამხედროების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

[დვორნიკოვი] სულელი იქნება, თუ ისევე დაუდევრად იმოქმედებს, როგორც მისი წინამორბედები... მან მშვენივრად იცის, რომ თუ წარმატებას ვერ მიაღწევს, თავს წააგებს.

ომის პირველ ფაზაში რუსებმა ოთხი სხვადასხვა მიმართულებით შეუტიეს უკრაინას, მაგრამ ამ იერიშს აკლდა ყოველგვარი კოორდინაცია - საბრძოლო მანევრებს არ ჰყავდათ ერთი, გამოკვეთილი მეთაური, მარჯვენა ფლანგმა არ უწყოდა, რას აკეთებდა მარცხენა, ისინი ერთმანეთში შეთანხმებულად არ მოქმედებდნენ. ახლა კი პუტინმა შეარჩია ოთხვარსკვლავიანი გენერალი, რომელიც საომარ მოქმედებებს ერთპიროვნულად გაუძღვება. დვორნიკოვი ახლა ძალებს იკრებს - ემზადება დონბასზე ფართომასშტაბიანი იერიშისთვის. სულელი იქნება, თუ ისევე დაუდევრად იმოქმედებს, როგორც მისი წინამორბედები. ერთი პრობლემა, რომელიც უნდა მოაგვაროს, არის დანაკარგების შევსება - რუსები ახლა რეკრუტირებისა და საწვრთნელ ციკლს გადიან. ვფიქრობ, ის არ იჩქარებს, ეცდება რუსულ „ჯავშანში“ გაჩენილი ბზარები და ხვრელები ამოავსოს - რუსებს ხომ უზარმაზარი დანაკარგები აქვთ: უკრაინელები 20 ათასს ასახელებენ, დასავლეთის მონაცემებით 10-დან 15 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა. მაგრამ 10 ათასიც კი უზარმაზარი რიცხვია - ავღანეთში 20 წლის განმავლობაში ყოფნისას დავკარგეთ ამაზე ნაკლები, ეს ომი კი რუსეთმა 7 კვირის წინ დაიწყო! რა მომავალს უქადის ეს რუსულ ჯარს? მათ ასევე დაკარგეს დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა. დიდია დანაკარგები ე.წ. სპეცდანიშნულების ტაქტიკურ ბატალიონებშიც.

ასე რომ, დვორნიკოვს წინ მძიმე გამოცდა ელის. მან მშვენივრად იცის, რომ თუ წარმატებას ვერ მიაღწევს, თავს წააგებს, რადგან პუტინი არა მარტო მოწინააღმდეგეებს, არამედ საკუთარ ხალხს და თავის გენერლებსაც არ ინდობს. ეს უკვე ვნახეთ „ფსბ“-სთან მიმართებით, მათი მაღალჩინოსნები შინაპატიმრობაში არიან მოსკოვში. ასე რომ, ეს დიდი წნეხია დვორნიკოვისთვის - ვნახოთ, როდის „გააკეთებს სვლას“ და რა მოჰყვება ამას.

მე მხარს დავუჭერდი ზელენსკის თხოვნას [ცის დახურვაზე]... ...მაგრამ დასავლეთი თავს იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან, რადგან ითვლება, რომ ამით წითელ ხაზს გადააბიჯებენ პუტინთან, და მან შესაძლოა პასუხად ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

რადიო თავისუფლება: აქვს თუ არა მას ამ სვლის გაკეთების ფუფუნება, სანამ მარიუპოლი ისევ დგას?

ადმირალი ჯეიმს ფოგო: დიახ, არ ვიცი, ღირს თუ არა ამის გაკეთება, სანამ სრულ კონტროლს არ დაამყარებენ მარიუპოლზე. მე ამას გამარჯვებას ვერ ვუწოდებ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ამორალური იქნებოდა ჩემი მხრიდან. მაგრამ თუ ისინი ხელში ჩაიგდებენ მარიუპოლს, ეს ნიშნავს, რომ გაჭრიან სახმელეთო ხიდს, რომელიც ყირიმს „დედარუსეთთან” დააკავშირებს. ეს მათ ასევე მისცემს შავ ზღვაზე გამავალ დერეფანს ოდესაზე იერიშის გარეშე. არ ვიცი, საკმარისი იქნება თუ არა ეს იმისთვის, რომ პუტინმა გამარჯვება გამოაცხადოს 9 მაისს. თუ ისინი გადაწყვეტენ დასავლეთისკენ, კიდევ უფრო ღრმად შეიჭრან, მაშინ გამოიკვეთება კიდევ ერთი ალტერნატიული სცენარი - თუ ამ ტერიტორიებს გადახედავთ - აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კიევს შორის, ძირითადად საფერმო, სახნავ-სათესი მიწებია, ეს კი ხელსაყრელია ტანკებით სწრაფი მანევრირებისა და გადაადგილებისთვის. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, მათ ისევ სცადონ კიევთან მიახლოება.

მაგრამ კიევი ჰგავს ალეპოს, ჰგავს ფალუჯას ერაყში - მაღალი შენობები ყოველ კუთხეში, ურბანული გარემო, თითოეული უკრაინელი ან კალაშნიკოვით იქნება შეიარაღებული, ან მოლოტოვის კოქტეილით რუსული ტანკისთვის სასროლად საკუთარი აივნიდან. ეს არაა მომგებიანი სცენარი და თუ რუსები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვფიქრობ, ის ძვირად დაუჯდებათ - ისევ „მოხვდებათ“, როგორც წინა ჯერზე, როდესაც კიევის აღება სცადეს.

რადიო თავისუფლება: მოიაზრება, რომ რუსული არმია ჯერჯერობით ყველა კუთხით მარცხს განიცდის. მაგრამ შეუძლიათ თუ არა მათ ადაპტირება და ამ სიტუაციის გამოსწორება?

ადმირალი ჯეიმს ფოგო: ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხი - ზედმეტად ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი. შეუძლიათ თუ არა რუსებს ადაპტაცია? დიახ, შეუძლიათ. მაგრამ აქვთ კი ამ ადაპტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები? ისინი დღემდე იმავე ტაქტიკით იბრძვიან, როგორც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად. დიდად არ შეცვლილან, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც უკრაინაში ვნახეთ. შეუძლიათ კი მოკლე დროში გაიაზრონ, როგორ უნდა იმოქმედონ, როგორც დასავლურმა არმიამ? იმ კადრების გათვალისწინებით, რაც ჰყავთ და იმ ჯავშანტექნიკის და შეიარაღების გათვალისწინებით, რაც დღეს გააჩნიათ? შეუძლიათ კი, ეს ყველაფერი შეცვალონ მოკლე ვადაში? 9 მაისამდე ნამდვილად ვერა.

10 ათასიც კი უზარმაზარი რიცხვია - ავღანეთში 20 წლის განმავლობაში ყოფნისას დავკარგეთ ამაზე ნაკლები, ეს ომი კი რუსეთმა 7 კვირის წინ დაიწყო! რა მომავალს უქადის ეს რუსულ ჯარს?

ყირიმში ისე შევიდნენ, ტყვიაც არ უსვრიათ, ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ რუსეთი გოლიათი იყო. ახლა ვხედავთ, რომ ეს ასე არაა. რუსულ ჯარს რესტრუქტურიზაცია და გადატვირთვა სჭირდება, მაგრამ პუტინი მათ ამის დროს არ მისცემს. ამიტომ მგონია, რომ ისინი [ადაპტირებას] ვერ შეძლებენ. ეს კი კარგი ამბავია უკრაინისთვის და დასავლეთისთვისაც.

რადიო თავისუფლება: განსხვავებული მოსაზრებები ისმის იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებით და ტექნიკით უნდა დაეხმაროს დასავლეთი უკრაინას. ერთი მხრივ, გვესმის განცხადებები, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი, რომლის გამოყენებაც მათ უკვე იციან - მეორე მხრივ კი, თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ საბჭოთა წარმოების კი არა, თანამედროვე, ნატოს სტანდარტის შეიარაღება სჭირდებათ. სიმართლე, როგორც ხშირად ხდება, სადღაც შუაშია?

ადმირალი ჯეიმს ფოგო: უკრაინის თავდაცვის მინისტრი, და პრეზიდენტიც, ითხოვენ ყველა იმ შეიარაღებას, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ. სტინგერებს და ჯაველინებს ძალიან ეფექტურად იყენებენ. რაც შეეხება ბოლო მოდელის შეიარაღების სისტემების გადაცემას, პრობლემა ისაა, რომ მათ გამოყენებას რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი ციკლი სჭირდება, უკრაინელებს კი ეს ფუფუნება არ აქვთ - ისინი ახლა ომობენ. პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვდა ცის დახურვასაც - და მე მესმის მისი, მხარს დავუჭერდი მის ამ თხოვნას, რადგან რუსებმა ყველანაირი ჰუმანიტარული დერეფანი უგულებელყვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს, მაგრამ დასავლეთი თავს იკავებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისგან, რადგან ითვლება, რომ ამით ერთგვარ წითელ ხაზს გადააბიჯებენ პუტინთან და მან შესაძლოა საპასუხოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს კი საშინელება იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სრულიად დასავლეთ ევროპისთვის - ეს ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს, სადაც ორი ბირთვული სახელმწიფო დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს, ეს კი არავის სურს. რაც შეეხება იმას, საკმაო რაოდენობით შეიარაღებას ვაწვდით თუ არა უკრაინას - ბაიდენის ადმინისტრაციამ დღემდე დაახლოებით სამ-ნახევარი მილიარდის ღირებულების შეიარაღება გამოგზავნა უკრაინაში, თავად უკრაინის წლიური თავდაცვის ბიუჯეტი კი დაახლოებით 4,2 მილიარდია. ვფიქრობ, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია.

უნდა მიგვეცა თუ არა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღება დაუყოვნებლივ, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ? დიახ, უნდა მიგვეცა, მაგრამ ახლა ამას აღარაფერი ეშველება, ეს ჩავლილი ამბავია. ახლა მათ დიდი რაოდენობის შეიარაღებას ვაწვდით, შეიძლება ყველაფერს არა, რაც სურთ, მაგრამ რასაც ვაწვდით, ეფექტურია ბრძოლის ველზე.

ვინ მისცემს უკრაინას გარანტიებს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ, რუსები ერთ წელს არ „დაისვენებენ“ და შემდეგ ისევ არ შემოიჭრებიან?

რადიო თავისუფლება: ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ე.წ. ენდშპილი? რა შანსები აქვთ უკრაინელებს?

ადმირალი ჯეიმს ფოგო: ეს კონფლიქტი, როგორ ვთქვა, ძალიან მახინჯი კონფლიქტია - პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ხაზი გაუსვა ნდობის დიდ დეფიციტს რუსებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს. რასაც ისინი ამბობენ, ვერაფერს ენდობი. ვერ ენდობი მათ დაპირებას, რომ გააკეთებენ ჰუმანიტარულ დერეფანს - იმიტომ რომ, როგორც ვნახეთ, სწორედ ამ დერეფანშივე დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა. მაშინ, რატომ უნდა ენდო რუსებს თუნდაც მაშინ, თუ ისინი იტყვიან - რაც გვინდოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, უკვე მოვიპოვეთ, ახლა ამას შევინარჩუნებთ და გავავლებთ გამყოფ ხაზს და გვექნება მშვიდობა. და რუსულ დანაყოფებს გავიყვანთ უკრაინის ტერიტორიიდან. მათ უკვე თქვეს, რომ გარკვეული ტერიტორიებიდან გადიან, მაგრამ ეს იმიტომ, რომ იქ დამარცხდნენ. ვინ მისცემს უკრაინას გარანტიებს, რომ თუნდაც ასეთი სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ, რუსები ერთ წელს „დაისვენებენ“ და შემდეგ ისევ არ შემოიჭრებიან?

ენდშპილამდე საერთოდ ვერ მივალთ, სანამ დიალოგი არ შედგება ორი ქვეყნის მთავარ პირს შორის - ეს კი ამ ეტაპზე გამორიცხულია, რადგან პუტინს არ სურს, ზელენსკისთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, ერთმანეთს ვერ იტანენ.

არ ვიცი, როგორ უნდა „გამოძვრეს“ უკრაინა ამ სიტუაციიდან - ერთადერთი გამოსავალი რუსეთის დამარცხებაა. ეს დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ თუ უკრაინელები განაგრძობენ რუსების დამარცხებას ბრძოლის ველზე, თანდათანობით პუტინისადმი დამოკიდებულება შეიცვლება. რუსები დაიწყებენ გააზრებას, რომ მათი შვილები, ძმები და ქმრები უკრაინაში წავიდნენ, მაგრამ შინ აღარ ბრუნდებიან. რადგან ისინი მკვდრები არიან, მაგრამ ამას მათ არავინ ეტყვის. რუსეთი არ შეიწუხებს თავს ამით. და თანდათანობით, რაც უფრო გაიზრდება მსხვერპლი რუსებისთვის, მით უფრო გაურთულდება პუტინს საქმე.

უკვე იწყება საუბარი, რომ ეს რუსეთის ომი არაა, რომ ეს კრემლის ომიც კი არაა, რომ ესაა უშუალოდ პუტინის ომი. ასე რომ, ვფიქრობ, თანდათანობით მათ შეუვალ „აბჯარში“ ბზარები ჩნდება. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს - მძიმე სანახავია, თუ როგორ იცლება ორივე მხარე სისხლისგან თანდათან. მაგრამ არ ვიცი, სხვა რა გამოსავალი აქვს უკრაინას, ზავს მიაღწიოს, თუ რუსებს იმდენად დიდი დანაკარგები არ ექნებათ, რომ მოუწევთ სარკეში ჩაიხედონ და თქვან: ამის გაგრძელება არ ღირს. და მე იმედი მაქვს, ეს დღე მალე დადგება.

პუტინი ისე ვეღარ იცხოვრებს, როგორც მიჩვეული იყო - მოუწევს, გამოეთხოვოს დროსტარებას თავის იახტაზე ხმელთაშუა ზღვაში, ან სადმე სხვაგან, დედარუსეთის საზღვრებს გარეთ თავისუფლად ვეღარ იმოგზაურებს. რა თქმა უნდა, შეუძლია ისევ ჩავიდეს თავის საყვარელ სოჭში.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელზე ფიქრითაც, როგორც მე ვხედავ, რუსები, განსაკუთრებით მმართველი ელიტა, თავს არ იწუხებენ, არის სამხედრო დანაშაულებები. შვილები და შვილიშვილები იმ ხალხისა, რომლებიც რუსულ სამხედრო დანაშაულებებს ემსხვერპლნენ, ამას არასოდეს დაივიწყებენ. ისინი არ შეარჩენენ ამ დანაშაულის ჩამდენებს, სანამ ან ციხეში არ იხილავენ მათ, ან გარდაცვლილებს - საკუთარი სიკვდილით თუ სხვები მოკლავენ. და ის ხალხი, რომელიც დღეს ამ დანაშაულებებს სჩადის, არ მგონია, რომ ამაზე ფიქრობდეს, მათ ჰგონიათ, რომ მომავალი აქვთ - მაგრამ მათ უკვე აღარ აქვთ მომავალი. მათზე ნადირობა გამოცხადდება, და ადრე თუ გვიან, მათ უმეტესობას მოუწევს პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ პუტინსაც ვიხილავთ მათ შორის?

ადმირალი ჯეიმს ფოგო: ვფიქრობ, უკვე დაწყებულია პროცესი, რომ მას ბრალი წაუყენონ, როგორც სამხედრო დამნაშავეს. არ ვიცი, რა მოელის მას. 2023 წელს 70 წლის იქნება, ახალგაზრდა აღარ არის, მაგრამ არც მოხუცია მსოფლიო ლიდერების კვალობაზე. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ისე ვეღარ იცხოვრებს, როგორც მიჩვეული იყო - მოუწევს, გამოეთხოვოს დროსტარებას თავის იახტაზე ხმელთაშუა ზღვაში, ან სადმე სხვაგან, დედარუსეთის საზღვრებს გარეთ თავისუფლად ვეღარ იმოგზაურებს. რა თქმა უნდა, შეუძლია ისევ ჩავიდეს თავის საყვარელ სოჭში და ესტუმროს თავის სასახლეებს და ციხესიმაგრეებს, მაგრამ ეს არის და ეს. თუ ძალაუფლებას დაკარგავს, მისი საქმე წასულია, რაც თავადაც მშვენივრად უწყის, ამიტომაც აკეთებს იმას, რასაც აკეთებს - ძალაუფლებისა და კონტროლის შესანარჩუნებლად, რადგან პუტინი, როგორც ყველა სხვა რუსი ლიდერი, საბჭოთა კავშირის პერიოდის ჩათვლით, დამთავრდება იმავე დღეს, როდესაც ამ ძალაუფლებას და კონტროლს დაკარგავს.