"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებასა და რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის. კვლევა დღეს, 21 აპრილს გამოქვეყნდა.
კერძოდ, გამოკითხვის მიხედვით:
- ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებას გამოკითხულთა 80% ელის;
- პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურებას - 57%;
- საქართველოზე რუსეთის სამხედრო აგრესიას კი - 52%.
"ახალგაზრდები ყველაზე პესიმისტურად არიან განწყობილნი. თბილისის მაცხოვრებლები პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურებაზე ყველაზე მეტად ღელავენ", - წერია კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, თუმცა ზოგს არ სჯერა, რომ კრიზისში მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოსაკვლევად ორი კვლევა ჩაატარა - უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ. ორივე კვლევა შემთხვევითი შერჩევით, სატელეფონო გამოკითხვის გზით ჩატარდა.
პირველი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 3-15 თებერვალს (2036 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,8 პროცენტი, მეორე კვლევა კი - 9-20 მარტის პერიოდში (2024 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,6 პროცენტი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან ატარებს. ამ დროის განმავლობაში დაიბომბა საავადმყოფოები, სამშობიაროები და საცხოვრებელი სახლები.