პროპაგანდა პირველი კლასიდან

ვლადიმირ პუტინის გატაცებამ ისტორიით და მისმა ტენდენციურმა , ვულგარულმა ინტერპრეტაციამ დიდწილად განაპირობა რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა და უკრაინაში შეჭრა. რუსეთის პრეზიდენტის ფსევდომეცნიერული სტატიებისა და საჯარო ლექციების მიხედვით უკრაინა ერთგვარი ფანტომი ქვეყანა, ხოლო უკრაინელი ხალხი იგივე ცნობიერებაშეცვლილი რუსი ხალხია. უკრაინაში შეჭრისა და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების წინაც პუტინმა თითქმის ერთსაათიანი სატელევიზიო ლექცია წაიკითხა რუსი და უკრაინელი ხალხების ერთობის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტი ისტორიაზე სასაუბროდ ხშირად ხვდებოდა სკოლის მოსწავლეებსაც.

ასევე ნახეთ როგორ გამოიჭირა პუტინი მეათეკლასელმა

ზოგადად, რუსეთის საშუალო სკოლებში ისტორიას V კლასიდან ასწავლიან, თუმცა, როგორც ჩანს, ეს გარემოება საკმარისად არ მიიჩნიეს მთავრობის ერთგული მოქალაქეების მასიური წარმოებისთვის. ქვეყნის ლიდერის გატაცებამ ისტორიით და რუსეთში აგორებულმა პატრიოტულ-პროპაგანდისტულმა ისტერიამ, რუსეთის მთავრობას ბუნებრივად უბიძგა ახალი ინიციატივისკენ: 19 აპრილს რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრმა, სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ რუსეთში სკოლის მოსწავლეები ისტორიას პირველი კლასიდან ისწავლიან.

სერგეი კრავცოვი

სერგეი კრავცოვის ინიციატივა მოიწონეს როგორც კრემლში, ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. რა გასაკვირია და, ამ იდეის მხურვალე მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული მედიის, ტელოკომპანია RT-ის გენერალური დირექტორი, მარგარიტა სიმონიანი:

„შეუძლია ვინმეს, ამიხსნას, რატომ ხდება, რომ ბავშვები დაწყებით კლასებში არ სწავლობენ ისტორიას. ორი შვილი მყავს და იძულებული ვარ, ვიქირაო კერძო მასწავლებელი, რათა კერძო ადამიანმა, კერძო ფულით ასწავლოს ისტორია იმის გამო, რომ სკოლის პროგრამაში ასეთი საგანი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ არის, მაგალითად, ხატვა. განა, იმათგან, ვინც დაწყებით კლასებში რაღაცას ოკრობოკროდ ხატავს, რამდენი გამოვა მხატვარი? და საერთოდ, ვის გამოადგება ეს ხატვა? თუ პრობლემა ისაა, რომ სასწავლო საათები არ ჰყოფნით, მოაშორეთ ეს ხატვა... და რამდენი ადამიანი უნდა გაიზარდოს მოქალაქედ? უკლებლივ ყველა! მაგრამ როგორ უნდა აღვზარდოთ და გავზარდოთ მოქალაქეები, თუ მათ არ ეცოდინებათ თავიანთი ქვეყნის ისტორია. რატომ უნდა ვუყვებოდეთ მხოლოდ ოჯახებში 7 და 8 წლის ბავშვებს, რა არის დიდი სამამულო ომი, ვინ არიან ფაშისტები... მე ეს ყველაფერი უკვე საბავშვო ბაღში ვიცოდი. ახლა კი ბავშვი ამთავრებს მესამე კლასს და არაფერი ეს არ იცის. ეს არის გზა არსაით. ეს არის გზა არამოქალაქეების, მოღალატეების აღზრდისკენ, რომლებზეც ყველანი ვბრაზდებით“.

პუტინი ალ. ნეველის ორდენით აჯილდოვებს მარგარიტა სიმონიანს. 2019 წ.

რუსეთის განათლების მინისტრს მხარი დაუჭირა პუტინის პრესმდივნმა, დმიტრი პესკოვმა, რომლის თქმითაც, „შვიდი წლისებსაც იგივე აინტერესებთ, რაც ყველა სხვას“, თუმცაესკოვმა ვერ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რომელ ისტორიას ისწავლიან „შვიდი წლისები“, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთს მდიდარი ისტორია აქვს, დანარჩენს კი სპეციალისტები გადაწყვეტენო.

სერგეი კრავცოვმა თავის ინიციატივაზე სრულიად რუსეთის სასკოლო ისტორიულ ფორუმზე „ძალა სიმართლეშია!“ სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. თქვა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა შემოიღოს ისტორიის გაკვეთილები პირველი კლასიდან და არა მეხუთედან, როგორც ახლაა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისტორიული მეხსიერება შევინარჩუნოთ“, - სერგეი კრავცოვის ამ სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ციტირებს, თუმცა, როდესაც მისი განცხადება ფართოდ გავრცელდა მედიით, რუსეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ იგულისხმა არა გაკვეთილები, არამედ ისტორიული ცოდნის გავრცელება.

„მე ვთქვი, რომ პირველი კლასიდან გვექნება ისტორიული განათლება და არა ისტორიის გაკვეთილები. ისტორია ისწავლება მე-5 კლასიდან, მაგრამ უკვე დაწყებით კლასებში იქნება შესაძლებელი „გარესამყაროს“ საგნის ფარგლებში მსჯელობა საკუთარი ოჯახის ისტორიაზე, საკუთარ მხარეზე, საკუთარ რეგიონზე, მცირე სამშობლოზე. შესაძლებელი იქნება მუზეუმებისა და გამოფენების მონახულება - ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში“, - დააზუსტა სერგეი კრავცოვმა.

განათლების მინისტრის იდეა მოეწონათ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროშიც.

„ჩვენ მივცემთ შეკვეთას, ექსპერტები კი იზრუნებენ პროგრამაზე, ინფორმაციით მის გაჯერებასა და შინაარსობრივ სისავსეზე. ახალი თაობის აღზრდაში მონაწილეობს ყველაფერი, კედლებიც კი. ყოველთვის შესაძლებელია ისტორიული ფრაგმენტების მოძებნა, სამშობლოს სიყვარულის ჩანერგვა - თუნდაც პირველი კლასიდან. ცხადია, გათვალისწინებული იქნება ფიზიოლოგიური განვითარება. მივენდოთ მეცნიერებს, ისტორიკოსებს - ისინი გვეტყვიან, რა ჩავრთოთ პროგრამაში“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ ბერულავამ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო


მინისტრმა კრავცოვმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთ სიახლეზე ილაპარაკა. მისი თქმით, მომდევნო სასწავლო წლიდან რუსეთის სკოლებში ყოველი კვირა სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყება. მისი თქმით, ეს იდეა „აღზრდის მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ამგვარი პრაქტიკა ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტიზმისა და მოქალაქეობის გრძნობის ჩამოყალიბებას“.

სერგეი კრავცოვმა პირობა დადო, რომ 2022-2023 წლებში ყველა სკოლა სახელმწიფო სიმბოლიკით აღიჭურვება.

კიდევ რას უპირებენ ისტორიას რუსეთის სკოლაში
2021 წელს კულტურის ყოფილმა მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ გამოაცხადა, რომ აუცილებლად საჭიროა სკოლის მოსწავლეებისთვის ისტორიის ერთიანი სახელმწიფო გამოცდის შემოღება. „მე ვერ ვხვდები, რატომ არის ისტორია მათემატიკასა და რუსულ ენაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საგანი“, - აღშფოთდა მაშინ მედინსკი. მისი აზრით, ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა შეიცავდეს მეცნიერთა სანდო შეფასებებს „ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით“. და სწორედ მედინსკის რედაქციით გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, რომელიც უკვე შეტანილია სახელმძღვანელოების ფედერალურ სიაში.
უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ონლაინშეხვედრა გამართა ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლებთან, რომლებსაც გააცნო რუსეთის ხელისუფლების ხედვა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ. მეორე შეხვედრაზე, რომლის თემაც იყო ბრძოლა FAKE-ებთან (ყალბ ინფორმაციასთან), ესწრებოდა RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმაც გვერდი ვერ აუარა ისტორიის სწავლების თემას - მან დაავალა შესაბამის უწყებებს, შეამოწმონ უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელოები, რადგან მიიჩნია, რომ ისინი „ისტორიულ სიმართლეს ამახინჯებენ“ და „ბავშვებს რუსეთის მიმართ სიძულვილისკენ აქეზებენ“.

"მოსახლეობის გამოთაყვანების ამოცანა"

რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ ომში ჩართულ ქვეყანას, დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო მეტი ისეთი მოქალაქე დასჭირდება, რომელიც მზად იქნება „იდეის გულისთვის“ კიდევაც გასწიროს თავი და კიდევაც მოკლას სხვა, როგორც ამას ვლადიმირ პუტინის მიერ მხარდაჭერილი ევრაზიანიზმის იდეის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი ამბობს:

„იდეისთვის სიკვდილი, პრინციპში, გულისხმობს იდეისთვის როგორც საკუთარი სიცოცხლის დათმობას, ასევე მკვლელობასაც, რადგან ეს ეთიკაა. ეს ძალიან ფაქიზი მომენტია. თუ მზად ვართ, თავი შევაკლათ, მაგრამ არ ვართ მზად, მოვკლათ - ეს ნიშნავს, რომ არ ვართ მზად ჩავერთოთ სრულფასოვან ბრძოლაში ჩვენი იდეებისათვის, ჩვენი სახელმწიფოს ბრძოლაში სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. რას ვაკეთებთ, ვსხედვართ და ველოდებით, მოდით დაგვხოცეთო? არა, ჩვენ უნდა დავესხათ თავს“.

ალექსანდრ დუგინი

სახელმწიფო, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი და, რომლის მოქალაქეებსაც ახლა ხოცავენ რუსები, უკრაინაა. რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი, პუტინის მოქმედი მრჩეველი და ისტორიაზე დაწერილი არაერთი წიგნის ავტორი, ვლადიმირ მედინსკი (რომელსაც გასაგები მიზეზის გამო პატრიოტულ მეცნიერებათა დოქტორსაც უწოდებენ) ირწმუნება, რომ უკრაინაში შეჭრით, პუტინმა „ისტორიის სუნთქვის“ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო:

„ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ისტორიკოსებისთვის კარგად ცნობილი ფაქტები: თანამედროვე სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუწოდებდით, არის ისტორიული ფანტომი, რომელიც გამოჭრილია კონკრეტული პოლიტიკოსების სპეციფიკური ტაქტიკური გადაწყვეტილებებით, კონკრეტულ ვითარებაში. ამასთან, ისტორიული საზომით, გამოჭრილია სულ ახლახან, ფაქტობრივად გუშინ, ხოლო ე.წ. უკრაინის ისტორია უბრალოდ უწყვეტად დაკავშირებულია რუსეთის ათასწლოვან ისტორიასთან და ის თვითონ არის რუსეთის ისტორია.

....წელს აღინიშნება 250 წლის იუბილე მოვლენისა, რომელსაც, ჩვეულების მიხედვით, ჩვენ კვლავ ვუწოდებთ "პოლონეთის პირველ დაყოფას". მაგრამ რატომ? სამი ნაწილისგან შემდგარი ერთიანი რუსი ხალხის გაერთიანება, თავისიანის დაბრუნება - შეუძლებელია იყოს სხვისი დაყოფა. ჩვენი პრეზიდენტის ისტორიული ექსკურსი ადასტურებს მისი მთავარი აზრის სისწორეს: ჩვენი ქვეყნის ისტორია მემკვიდრეობითი და უწყვეტია. მას, ისევე როგორც მთელ ისტორიულ "ცივილიზაცია - რუსეთს" - არც დასასრული აქვს და არც კიდე“.

ვლადიმირ მედინსკი

ვლადიმირ მედინსკის მიერ დაწერილი ისტორია რუსეთში ოფიციალურად მიღებული ისტორიაა, ისევე როგორც მიღებულია დუგინის ევრაზიანიზმი, თუმცა აქამდე აზრად არავის მოსვლია პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური თამასის ასე დაბლა, პირველ კლასამდე დაწევა.

„ცხადია, პუტინის მმართველმა რეჟიმმა ამოცანად დაისახა მოსახლეობის გამოთაყვანება, მათი სულ მცირე ასაკიდან აღზრდა ფიურერისა და მისი მოწმეების ერთგულების სულისკვეთებით“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს იურისტმა ვადიმ პროხოროვმა, - უკრაინის საშინელ ომზე რუსული საზოგადოების გულგრილი რეაქციის გათვალისწინებით, რეჟიმი ამას წარმატებით ახერხებს. შემდეგ ტვინს გამოურეცხავენ ყველა მცირე ასაკის თანამემამულეს, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციის XIII მუხლს: "რუსეთის ფედერაცია აღიარებს იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას. არცერთი იდეოლოგია არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან სავალდებულო", მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას არ აინტერესებს ასეთი "წვრილმანები". შეიძლება ერთმა ან ორმა მშობელმა გამოთქვას უკმაყოფილება მსგავს დარღვევებზე, თუმცა პრაქტიკაში რთულია სასკოლო პროგრამებთან (თუ ისინი მიღებულია) ჭიდილი“.

ისტორიკოს დავით ჯიშკარიანის დაკვირვებით, ბოლო 2 წელია, რაც რუსეთში რადიკალურად შეიცვალა ისტორიისადმი დამოკიდებულება.

„ბოლოს ასეთი იდეა იყო, რომ რუსეთი ისწავლებოდა როგორც ევროპული სახელმწიფო და ახლა უნდა ისწავლებოდეს როგორც ევრაზიული სახელმწიფო. ამასთან დაკავშირებით იყო დიდი დისკუსიები. ნებისმიერ ქვეყანაში სასკოლო ისტორიის განათლება წარსულის ცოდნის ინსტრუმენტალიზაციაა“, - უთხრა დავით ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას.

დავით ჯიშკარიანი

კიდევ ერთი ქართველი ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე მიიჩნევს, რომ პუტინის რუსეთში ასწავლიან იმ ისტორიას, რომელიც მისთვის არის მისაღები და სკოლებშიც ზრდიან ისეთ მოქალაქეებს, როგორებიც მას უნდა.

„ეტყობა, ჩათვალეს, რომ ამისთვის საკმარისი არ არის მეხუთე კლასიდან დაწყება, ამიტომ პირველ კლასამდე უნდათ ჩამოწევა“.

ბავშვი - სისტემის საშენი მასალა

რუსი პოლიტოლოგის კონსტანტინ კალაჩევის თქმით, ისტორიის პირველი კლასიდან სწავლება ვერაფრით მოხერხდება კანონის დარღვევის გარეშე (დაწყებითი სკოლის სტანდარტი უკვე მიღებულია და ახალი კი მალე ვერ დამტკიცდება), თუმცა, მისი თქმით, კანონები და კანონქვემდებარე აქტები მეორეხარისხოვანია მთავრობის მავნე ჩანაფიქრთან შედარებით:

„ლიდერთა უფროს თაობას სურს, რომ შვიდი წლის ბავშვები აქციონ თავიანთ იდეოლოგიურ მოკავშირეებად. შედეგი რა იქნება? სამყაროს მითოლოგიზებული ხედვა, ისტორია, როგორც წარსულისკენ მიმართული პოლიტიკა. პირველკლასელებს თავში ჩაუტენიან ისეთ ტექსტებსა და მაგალითებს, რომ ყველაზე პატრიოტი მშობლებიც კი გაოგნდებიან“.

გმნაზია N9, ეკატერინბურგი

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფიქრობს, რომ ამგვარი ინიციატივა და მისი გახმოვანება ააშკარავებს სისტემის სისასტიკეს, რომელიც ფეხქვეშ თელავს ბავშვის უფლებებს.

„ხატვას, მაგალითად, უზარმაზარი როლი აქვს ბავშვის განვითარებაში. მოტორიკა, წარმოსახვა, აზროვნების პროცესები... ძალიან დამხმარეა ხატვა და ნებისმიერი ამდაგვარი აქტივობა - ძერწვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ხელსაქმე და ა. შ. უზარმაზარი როლი აქვს ბავშვის განვითარებისათვის, მაგრამ, როგორც სიმონიანის განცხადებიდან ჩანს, მათთვის ბავშვი კი არ არის მთავარი, მთავარია ეს ბოდვითი იდეა, რომელსაც რუსეთი თაობებს სწირავს. მეტიც, ამას წინათ თვალი მოვკარი ანიმაციურ ფილმებს, სრულიად პროპაგანდისტულს, ურაპატრიოტიზმით გაჟღენთილს. ბავშვებს ზრდიან ისე, რომ უნდათ დაიბრუნონ ძველი "დიდება" ანუ საბჭოთა კავშირი. ბავშვის განვითარება ფაქტობრივად ააგეს ამ თავიანთ ტრავმულ გამოცდილებაზე - საბჭოთა კავშირის დაშლა ეტყობა დიდი ტრავმული წყლულია. წარმოიდგინეთ ახლა, ასეთ გარემოში ბავშვის აღზრდა, განათლების პროცესის ასე გააზრება რამდენადაა ახლოს ბავშვის ინტერესებთან?“ - უთხრა მაია ცირამუამ რადიო თავისუფლებას.

მაია ცირამუა

რუსი პედაგოგების ნაწილიც მიიჩნევეს, რომ შვიდი-რვა წლის ბავშვი ჩამოუყალიბებელი შემეცნებითი შესაძლებლობების მქონე ადამიანია, რომელსაც პირველ რიგში უნდა ასწავლონ სამყაროს შემეცნება და გამოუმუშაონ რაიმე სახის მიზეზშედეგობრივი კავშირების აგების უნარი, რასაც აკეთებენ კიდეც ნორმალურ ქვეყნებში დაწყებითი სკოლის მასწავლებლები.