რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, ჟურნალისტის და ვიდეოპროდიუსერის, თამარ ღვინიანიძის განცხადებით, მას დაურეკა და მისი ფეისბუკსტატუსის გამო პასუხი მოსთხოვა. მათი სატელეფონო საუბარი დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა, რომელიც, თამარის შეფასებით, ძირითადად პარლამენტარის მონოლოგი იყო.
თამარ ღვინიანიძის სტატუსი ეხებოდა ნაწყვეტს საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის ამსახველი ერთ-ერთი ვიდეოდან. კადრში ჩანს ბექა ოდიშარია და ისმის, როგორ ამბობს იგი: „არ მინდა, რა უნდა ვნახო“, როცა მას, როგორც ჩანს, ომის შედეგების სანახავად, ერთ-ერთ სარდაფში ჩასვლას სთავაზობენ.
მისი ეს ფრაზა საზოგადოების ნაწილმა და პოლიტიკურმა ოპონენტებმა გულგრილობად შეაფასეს. მაგალითად, თამარმა ეს ფრაგმენტი ფეისბუკის კედელზე გააზიარა მინაწერით: არ უნდა, რა უნდა ნახოს (მილანიხოარაა) #შუმიგაგეპარათ.
პარლამენტარმა მას ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 2 საათში დაურეკა.
თამარ ღვინიანიძე გვიყვება:
- პირდაპირ აგრესიული და დამცინავი ტონით დამირეკა და მითხრა, რომ წარსულიდან მას „ნორმალურ“ („მილავიდნი“) გოგოდ ვახსოვდი. ძირითადად ის ლაპარაკობდა, მე კი ვცდილობდი გამერკვია, რას ითხოვდა, ბოდიშის მოხდა სურდა თუ ის, რომ პოსტი წამეშალა. არაფერს ითხოვდა - შენგან რა უნდა მოვითხოვოო, ამბობდა, შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილიო. მიმაწერდა კონკრეტულ პარტიას, თუმცა, არ ვიცი რატომ. შესაძლოა, იმ ლოგიკით, მთავრობის წევრს თუ აკრიტიკებ, ავტომატურად „ნაცი“ ხარ. მოკლედ, ჩხუბობდა. მეუბნებოდა, რომ ვარ უბანძესი, ვნახავ რა მომივა და ა.შ. ამაზე ვუპასუხე სწორედ, მაშანტაჟებთ-მეთქი? დამცინავად მიპასუხა, შანტაჟსა და მუქარას თუ ვერ არჩევ, მოდი, გამეცადინებო. ამ საუბარს მე დავარქმევდი საქმის გარჩევას.
რადიო თავისუფლება: პოსტი რატომ წაშალეთ?
თამარ ღვინიანიძე: ძალიან აღელვებული იყო და ვიფიქრე, რომ წამეშალა ვიდეო. პანაშვიდზე რომ ხარ, უცებ რაღაცაზე გაგეღიმება და ამ დროს ვიღაცამ გადაგიღოს, გაავრცელოს და შეაფასოს, თითქოს გიხარია, ეგ ხომ არ იქნება-მეთქი სამართლიანი, ეს პარალელი გავავლე და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჟურნალისტური პროდუქტი, და იყო ჩემი პირადი, მოქალაქის პოსტი შეზღუდული რაოდენობის მეგობრებისთვის, მაინც გადავწყვიტე წამეშალა. თუმც კი, მე მისი ფრაზა გულგრილ და აგდებულ ფრაზად მომეჩვენა და ამიტომაც დავწერე ის, რაც დავწერე. იმ პოსტის წაშლის შემდეგ კი განვმარტე, თუ რა მოხდა. რაც შეეხება „ხავილს“, დიახ, ის ასე მელაპარაკებოდა, „ძველი ბიჭის“ ტონით. მე, პირადად, მსგავსი საუბარი 90-იანი წლების შემდეგ არ მომისმენია.
რადიო თავისუფლება: არაფერი აგიხსნათ? მაგალითად ის, რომ მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო?
თამარ ღვინიანიძე: რა მოხდა იქ, უკრაინაში, ეს ამიხსნა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას ამ მიზეზით არ დაურეკავს. მას რომ ეთქვა, მინდა აგიხსნა, რომ შენ შეცდი, მოგიყვე რა მოხდაო, შეიძლება ბოდიშიც კი მომეხადა. თავიდანვე მეჩხუბა და და ირონიულად მითხრა - „შენ, მგონი „იმედში“ მუშაობდი და რა დაგემართაო“.
რადიო თავისუფლება: თქვენი კომუნიკაცია ამ ზარით დასრულდა?
თამარ ღვინიანიძე: მეორე პოსტის შემდეგ, უკვე „უოტსაფში“ დამხვდა ორი წაშლილი მესიჯი - ალბათ, კარგს არაფერს მწერდა. ასევე, როგორც ამბობდა, მისი სიმართლის დამამტკიცებელი ვიდეო და ორი ხმოვანი მესიჯი. ორივე ერთმანეთზე უარესი, მუქარის შემცველი. მეუბნებოდა, „დააოკე შენი საქათმეთიო“ - ეს რა ტერმინია, მე არ ვიცი, თუმცა, ცხადი იყო, რომ მე უნდა დამეოკებინა ის ხალხი, ვინც კომენტარებს მიწერდნენ.
რადიო თავისუფლება: მისი ეს სატელეფონო ზარი მუქარად აღიქვით?
თამარ ღვინიანიძე: მე ვთვლი, რომ ეს იყო დაშინების მცდელობა, მეტი რომ აღარაფერი გამებედა.
თამარმა რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ „საქმის გარჩევაში” მისი ერთი ფეისბუკმეგობარიც მოყვა, რომელმაც მის პოსტზე კომენტარი დატოვა - მას ოდიშარიას მეუღლემ შეუთვალა, დაწყნარებულიყო.
„შეგიძლიათ ეს სათაურად გამოიტანოთ“
რადიო თავისუფლებამ ბექა ოდიშარიასაც ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა, რომ მისი ზარი იყო მუქარა და რამდენად დასაშვებად მიაჩნია, რომ საჯარო პირი, დეპუტატი ფეისბუკპოსტის გამო ურეკავს მოქალაქეს, ჟურნალისტს.
აი, რა გვიპასუხა ბექა ოდიშარიამ:
- მე, თურმე შეცდომით, მასზე წარსულიდან მქონდა სულ სხვა შეხედულება, ამიტომ შევეხმიანე, როდესაც მან ჩემზე გამოაქვეყნა საჯაროდ ცინიკური პოსტი და (უკრაინაში გადაღებული) ვიდეოს ამოგლეჯილი ნაწილი, თითქოს მე რაღაცის ნახვა არ მინდოდა. მილანი ხომ არ არისო, დაწერა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანის შეურაცხმყოფელი, უკადრისი საქციელი. დავრეკე და ჩემი პატარა შვილის და მეუღლის თანდასწრებით ვესაუბრე, ვუთხარი, რომ მივცემდი სრულ ვიდეოს, სადაც ბატონ სტეპანჩუკს, უკრაინის რადის თავმჯდომარეს მივყვები ფეხდაფეხ, ეს ვიდეოც არსებობს, ეს ადამიანი ტრიალდება და გვთხოვს, რომ ჩავალთ მხოლოდ ჩვენ, რამდენიმე ადამიანი, რადგან იქ არის ძალიან ცოტა ადგილიო. რასაც მე ვეთანხმები, ეს ხმა ისმის ვიდეოშიც. შემდეგ, როცა ამოვიდნენ, უკვე უნდა დავძრულიყავით, როცა დაცვის ქართველმა თანამშრომელმა მომმართა, ხომ არ ჩავსულიყავითო. მე ვუთხარი, აბა, რა უნდა ვნახოთ იქ-მეთქი, რადგან ეს იყო მხოლოდ ფაქტის ადგილი, სარდაფი, სადაც უკვე არც გვამები იყო და არც არაფერი.
რადიო თავისუფლება: თამარ ღვინიანიძეს ამის ასახსნელად დაურეკეთ?
ბექა ოდიშარია: თავიდან მე მას ვუთხარი, რომ თუ შენ გყავს მეუღლე და შვილები, მეც მყავს და უხერხულია, როცა ადამიანს ასეთ რამეს აბრალებ-მეთქი. ეს იყო კონტექსტი. ასევე ვუთხარი, რომ თუ შენ განაგრძობ ჩემს შეურაცხყოფას, მე განვაგრძობ შენს მხილებას-მეთქი. მიპასუხა, მაშანტაჟებო? მე ამაზე გამეცინა და ვუთხარი, ამას შანტაჟი არ ჰქვია, მაშინ მუქარა მითხარი-მეთქი.
რადიო თავისუფლება: ანუ ეს მუქარა არ ყოფილა თქვენი აზრით?
ბექა ოდიშარია: რა თქმა უნდა, არ ვემუქრები, ვის უნდა დავემუქრო. მე 14 წუთის განმავლობაში ვეცადე ამეხსნა, რა იყო სინამდვილე, იმ ინფანტილური იმედით, რომ შეცდომა დაუშვა და ამას მიხვდებოდა. მაგრამ რადგან თავიდანვე შეურაცხმყოფელი ჰეშტეგით გაავრცელა ეს ვიდეო, უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ჟურნალისტი კი არ არის, თავის კალამს ხმარობს იმისთვის, რომ ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა. მე ვფიქრობ ასევე, რომ ეს ადამიანი არის მხარე, და ამ პოსტის მიზეზიც, ალბათ, იყო ჩვენი წარმატებული ვიზიტისათვის ჩირქის მოცხება - შეგიძლიათ ეს ბოლო წინადადება სათაურად გამოიტანოთ. სამწუხაროდ, ჩემმა ცდამ, რომ ადამიანურად ამეხსნა რაღაც, შედეგად გამოიღო ის, რომ ის პოსტი კი წაშალა, მიხვდა, რომ იქ ტყუილი იყო ყველაფერი, მაგრამ ახალი პასკვილი გამოაცხო, რომ თითქოს მე, [ნაოპერაციები] ადამიანი, რომელსაც ლაპარაკი მიჭირს, ვხავი. და თურმე, როგორ გაბედა დეპუტატმა და დაურეკა ჟურნალიტს, რომ მიეწოდებინა ავთენტური ჩანაწერი.
„ღამის სამ საათზე მირეკავდა“
თამარის გარდა, ბექა ოდიშარია კიდევ ერთი ფეისბუკპოსტის ავტორს, ნინო დათაშვილს გამოეხმაურა საჯაროდ და, როგორც თავად ნინო წერს, მას პირადადაც მისწერა.
ნინო დათაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან ერთ-ერთი საჯარო პოსტის კომენტარებში ბექა ოდიშარია გააკრიტიკა და დაუწერა, რომ მან გადასახადების გადამხდელთა ფულით აიფონი იყიდა.
„ამის გამო პირადში შემოვარდნა და შეურაცხყოფის მოყენება დეპუტატის მხრიდან არ არის ნორმალური. მას თმენის ვალდებულება აქვს და კეთილი უნდა ინებოს, მიიღოს კრიტიკა და უპასუხოს ადეკვატურად. თუმცა, როგორც მერე გავიგე, ის ასე ურჩევს საქმეებს მათ, ვინც განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს და რომ მე არ ვარ პირველი შემთხვევა. ამდენის უფლებას თავს არ უნდა აძლევდეს, ის ვიღაცამ უნდა შეაჩეროს“.
ნინო დათაშვილი ჰყვება, რომ მესინჯერში შეურაცხმყოფელი მიწერ-მოწერის შემდეგ, ბექა ოდიშარია მას პასუხის მოსათხოვად, გვიან ღამით ურეკავდა. მან ოდიშარიას ზარს არ უპასუხა. ნინო დათაშვილი ფიქრობს, ღირს თუ არა, პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართოს.