უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ხშირად საუბრობენ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე. ამგვარი საფრთხის არსებობაზე მეტყველებს თუნდაც თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) წარმომადგენლის, ედუარდ ბასურინის სატელევიზიო მუქარა, რომ ქიმიურ იარაღს გამოიყენებდნენ მარიუპოლში, სადაც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თითქმის ორი თვეა უკრაინელი მებრძოლები (ბატალიონი „აზოვი“) არიან გამაგრებული.
საიდან უნდა ჰქონდეთ ან დონეცკელ სეპარატისტებს, ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ზუსტად 25 წლის წინ, 1997 წლის 29 აპრილს საერთაშორისო კონვენციით აკრძალული იარაღი? სავარაუდოდ, საუბარია ქიმიური იარაღის ძველ საბჭოთა მარაგზე, რომელიც შეიქმნა და ინახებოდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში, თუმცა აქაც „შეუსაბამობაა“. მოსკოვმა 2017 წლის 27 სექტემბერს საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ მთლიანად დაასრულა თავის შეიარაღებაში არსებული ყოველგვარი ქიმიური იარაღის განადგურება,
საბჭოთა არმიის შეიარაღებაში არსებობდა სპეციალური საცავები, დატენილი მომწამვლელი ნივთიერებებით სავსე ბალონებითა და ქიმიური ჭურვებით. ამ საცავებს მთელი 70 წლის განმავლობაში ავსებდნენ. ზოგიერთი მონაცემით, საბჭოთა კავშირი თავის ქიმიურ იარაღს 373 პუნქტში (ქარხნები, ქიმიური საბრძოლო მასალის საცავი, სამხედრო-ქიმიური პოლიგონები, საარტილერიო და საჰაერო გამოცდის ადგილები და ა.შ.) ინახავდა.
სსრკ-ს ქიმიური იარაღის მარაგი - დაახლოებით 40 ათასი ტონა - მსოფლიოში ყველაზე დიდად ითვლებოდა. მომწამვლელი ნივთიერების მნიშვნელოვანი ნაწილი დასაწყობებული იყო ციმბირში, სადაც 30-იანი წლებიდან დაწყებული ემზადებოდნენ „ქიმიის“ გამოსაყენებლად ჯერ იაპონელების, შემდეგ კი ჩინეთის ჯარების წინააღმდეგ.
შარფით განეიტრალებული გაზი
ზოგადად მიღებულია, რომ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების ისტორია იწყება 1915 წლის 22 აპრილიდან, ქიმიური იერიშით ბელგიის ქალაქ იპრთან, სადაც გერმანელებმა, ზურგის ქარის პირობებში, გახსნეს ნეიტრალურ ზონაში ჩამარხული ქლორის ბალონების სარქვლები და შხამიანი ღრუბელი ინგლის-საფრანგეთის ჯარებისკენ გაუშვეს. ვინაიდან ქარი არ იყო ძლიერი და მოწინააღმდეგე დაბლობში იყი განლაგებული, 160 ტონა მომწამვლელი აირი პირდაპირ თხრილებსა და ტრანშეებში ჩაიღვარა, რის შედეგადაც 1100 ადამიანი დაიღუპა. ჯარისკაცები დარბოდნენ სანგრებში, ძირს ეცემოდნენ და იკრუნჩხებოდნენ. ერთი საათის შემდეგ, როდესაც ღრუბელი გაიფანტა, გერმანიის ქვეითმა ბატალიონმა გასროლის გარეშე დაიკავა ნაცრისფერი გვამებით მოფენილი მტრის სანგრები. ეს ამბავი დააფიქსირეს წინა ხაზზე მყოფმა კორესპონდენტებმა და ფოტოგრაფებმა, გაზეთებმა კი მის შესახებ მთელ მსოფლიოს აცნობეს.
ბელგიური ქალაქის სახელი სამუდამოდ შევიდა ომის ისტორიაში, რადგან მისი სახელი - იპრიტი უწოდეს გამოყენებულ მომწამვლელ აირს.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ პირველად მომწამვლელი აირი ბრძოლის ველზე გამოიყენეს არა გერმანელებმა, არამედ ფრანგებმა, უბრალოდ კარგად არ გამოუვიდათ: 1914 წლის აგვისტოში, ომის პირველ დღეებში, ფრანგებმა გერმანელების წინააღმდეგ იხმარეს ცრემლსადენი გაზის ყუმბარები, ხოლო 1915 წლის ზამთრიდან შაშხანის ქლორიანი ყუმბარები. რა თქმა უნდა, გაზის ყუმბარაც უსიამოვნო და შხამიანია, მაგრამ მცირე მასშტაბით ის მაინც შეუმჩნეველი და ნაკლებად ეფექტიანია. იპრის შემდეგ კი ყველაფერი მყისიერად შეიცვალა და მეომარი ქვეყნების ჯარებმა დაიწყეს არა მხოლოდ ახალი მომაკვდინებელი აირების გაააფთრებული შექმნა, არამედ მათგან თავის დასაცავი საშუალებების გამოგონება.
აღმოჩნდა, რომ ქლორისგან თავის დაცვა არც ისე რთულია: საკმარისია ჰაერის ჩასუნთქვა წყალში დასველებული ნაჭრის მეშვეობით. ამის გამო, გერმანიის მომდევნო ქიმიური იერიში, რომელიც ორი დღის შემდეგ განხორციელდა ფრონტის მეზობელ სექტორზე, სადაც კანადელები იცავდნენ თავს, სრულად ჩაიშალა. მტრის ჯარისკაცებმა შეიტყვეს ახალი იარაღის შესახებ და ისიც, რომ თავად გერმანელები შეტევაზე გადასვლისას იყენებდნენ გარკვეული სითხით გაჟღენთილ სპეციალურ მარლის სახვევებს. კანადელებმა წვიმის წყალში დასველებული შარფები შემოიხვიეს სახეზე და ამით თითქმის ყველანი გადარჩნენ. როცა გერმანელები აუჩქარებლად და მშვიდად მიუახლოვდნენ კანადელთა თხრილებს, მათ უსიამოვნო სიურპრიზი დახვდათ - ტყვიამფრქვევებიდან და შაშხანებიდან გახსნილი მძლავრი ცეცხლი.
ახალი იარაღი ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა ობივატელის, სამოქალაქო პირის წარმოსახვაზე, მაგრამ ყოველთვის სათანადოდ ვერ ზემოქმედებდა მოწინააღმდეგეზე, რადგან საჭიროებდა ამინდის იდეალურ პირობებს, უკიდურესად შეუმჩნეველ მოქმედებასა და მოულოდნელობას. მიუხედავად ამისა, გენერლებს ძალიან მოეწონათ სიახლე. ბრიტანელ, ფრანგ და რუს ქიმიკოსებს დღე და ღამე ჰქონდათ გასწორებული ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შექმნაში. ცდას არ აკლებდნენ, მიეღოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც უკეთესად გაივლიდნენ სველ ნაჭრებში და შეაღწევდნენ ფილტვებში, დაწვავდნენ კანსა და თვალის ლორწოვან გარსს. მიიღეს კიდეც იპრიტზე ბევრად ძლიერი ბენზილბრომიდი, ფოსგენი და ასე შემდეგ...
ამავდროულად, ტექნიკოსები ცდილობდნენ ახალი და ახალი ტიპის გაზის ნიღბების (აირწინაღების) შექმნას, რათა ჯარისკაცებს მტრის შხამებისგან დაეცვათ თავი. ამასთან, აირწინაღები მზადდებოდა არა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, არამედ კავალერიის ცხენებისა და სამსახურებრივი ძაღლებისთვისაც! სრული აღჭურვილობით, კავალერისტები აპოკალიფსის ნამდვილ მხედრებს ჩამოჰგავდნენ.
იპრიტის ყველაზე სერიოზული ნაკლი
1918 წლის 15 ოქტომბერს, ბრიტანელების მიერ წამოწყებული ქიმიური იერიშის დროს,გერმანიის არმიის კაპრალი ადოლფ შიკლგრუბერი, იპრიტის მცირე დოზის ჩასუნთქვით არ გარდაიცვალა, მხოლოდ დროებით დაკარგა მხედველობა და ხმა. ეს გაზი ცოტა უფრო მომაკვდინებელი რომ ყოფილიყო, ევროპის ისტორია შესაძლოა სხვა გზით წასულიყო. ასე კი შიკლგრუბერმა, რომელსაც მსოფლიო ჰიტლერად იცნობს, ორი თვე დაჰყო საავადმყოფოში, სადაც სრულად მიეცა თავის ფიქრებს. მრავალი წლის შემდეგ დაწერა კიდეც: „როდესაც საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, მომივიდა რწმენა, რომ გავათავისუფლებდი გერმანიას და დიდებას მოვუტანდი მას“.
და მაინც, მთავარ მომაკვდინებელ აირად, რომელსაც ყველა მხარე აქტიურად იყენებდა, რჩებოდა იპრიტი („მდოგვის გაზი“), რომლის წარმოებაც ადვილი იყო, შენახვაც და გამოყენებაც (გინდა ბალონებში, გინდა ჭურვებში, გინდა საჰაერო ბომბებში).
1915 წლის ზაფხულში გერმანელებმა განახორციელეს გაზის შეტევების სერია რუსეთის ფრონტზე ბოლიმოვის მახლობლად, სადაც რამდენიმე ათასი ჯარისკაცი დაიღუპა. ერთი წლის შემდეგ, ბრუსილოვის გარღვევის დროს, რუსებმა უპასუხეს ქლოროპიკრინით (პრაქტიკულად იმავე იპრიტით) სავსე ქიმიური ჭურვებით. რუსებს არც ბრიტანელები და ფრანგები ჩამორჩნენ.
მალე პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, თუმცა რუსეთში, ომის დამთავრების შემდეგაც კი არ შეჩერებულა ქიმიური თავდასხმები. სამოქალაქო ომის დროს, ქიმიური იარაღის ნარჩენებს პერიოდულად იყენებდნენ როგორც თეთრები, ასევე წითლები. იყენებდნენ ქვეყნის შიგნით, ერთმანეთის წინააღმდეგ. 1921 წელს ტუხაჩევსკიმ იპრიტის უკანასკნელი მარაგი დახარჯა ტამბოვის გუბერნიაში გლეხთა აჯანყების ჩასახშობად.
საერთო ჯამში, პირველი მსოფლიო ომის წლებში გამოიყენეს დაახლოებით 124 200 ტონა ქლორი, რამაც 90 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რასაკვირველია, „ომის მათემატიკაში“ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მცირე ჩანს - იმ მილიონობით დაღუპულთან შედარებით, რომლებიც ძლიერმა ფუგასურმა ჭურვებმა იმსხვერპლა ან ტყვიამფრქვევის მძლავრმა ცეცხლმა მოცელა, თუმცა ბრძოლის ველზე პირველი მასობრივი განადგურების იარაღის გამოჩენას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა.
ჩუმი, მტანჯველი, გარდაუვალი სიკვდილი, რომელიც კვადრატულ კილომეტრებზე ფარავდა ყველა ცოცხალ არსებას ჰაეროვანი ღრუბლის სახით, ტრადიციულ ომს სრულიად უაზრო, კოლექტიური თვითმკვლელობის მსგავს საქმიანობად აქცევდა.
„ქიმიური ომი ცხენებით“
საბჭოთა არმიაში ქიმიური ჯარების შექმნა 1927 წლის შემოდგომაზე დაიწყო, 1928 წლის სექტემბერში კი, პირველმა ორმა ქვედანაყოფმა - 1-მა ქიმიურმა პოლკმა და მე-2 სასწავლო და ექსპერიმენტულმა ქიმიურმა ბატალიონმა - მონაწილეობა მიიღეს კიევის მახლობლად გამართულ საკავშირო მანევრებში.
„გაზის გაშვება მტრის კავალერიის რეიდის დროს“, „დაცვითი ზღუდეების მისადგომების ტოქსიკაცია“, „ეგრეთ წოდებული გაზის ჭაობის შექმნა“ და ა.შ. - ასეთი იყო სამხედრო ნაწილების წინაშე დასმული ამოცანები. მანევრების შედეგად საბჭოთა მეთაურებმა დაასკვნეს, რომ ქიმიური თავდასხმა „პრაქტიკულად მიზანშეწონილია“. დასკვნის საფუძველზე დაიწყო ქიმიური დანაყოფების შექმნა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
წითელი არმიის სამხედრო-ქიმიური სამმართველოს ხელმძღვანელმა იაკოვ ფიშმანმა ქიმიური ჯარების მთავარ უპირატესობად დაასახელა მათი დაბალი ღირებულება მაღალი ეფექტიანობის პირობებში. ომის დაწყების შემთხვევაში ეს თვისება შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო, ამიტომ 1936 წელს დაიწყეს ისეთი მძლავრი დანაყოფების შექმნა, როგორიცაა ქიმიური დივიზიები, მძიმე ავიაქიმიური ესკადრილიები და მთელი ქიმიური კორპუსიც კი. საბჭოთა არმია იმდენად ამაყობდა ამ მიღწევით, რომ სკკპ(ბ) მე-18 ყრილობაზე მარშალმა ვოროშილოვმა დასავლეთის შესაშინებლად თქვა, ბოლო ხუთწლედის განმავლობაში საბჭოთა ქიმიური ჯარების რაოდენობა გაორმაგდაო.
ავიაციას ქიმიურ ომში განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა. სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მუშაობდა „ქიმიური თვითმფრინავის“ შექმნაზე, რათა არმიას შეძლებოდა მოწინააღმდეგისთვის „აეროქიმიური ბომბების“ დაშენა და შხამიანი ნივთიერებების გაფრქვევა.
1935 წლის 4 აპრილს, სსრკ-ის შრომისა და თავდაცვის საბჭოს დადგენილებით („ქიმიური ომისათვის მზადების შესახებ“), გადაწყდა საბჭოთა კავშირის ყველა ტიპის თვითმფრინავის ქიმიური იარაღით აღჭურვა. იმ წლებში საავიაციო ქიმიური იარაღით გატაცება იმდენად ძლიერი იყო, რომ თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილემ მიხაილ ტუხაჩევსკიმაც კი დაწერა და არმიის რიგებში გაავრცელა სტატია სათაურით „ქიმიური ბრძოლა საცხენო ტრანსპორტით“.
თუმცა იაკოვ ფიშმანის დაპატიმრებამ ბოლო მოუღო შეტევითი ქიმიური ომის წარმოების ფართომასშტაბიან გეგმებს. 1937 წლის 5 ივნისს ფიშმანი დამნაშავედ ცნეს სამხედრო-ესერული ცენტრის შექმნის საქმეზე და 10 წელი მიუსაჯეს. „ქიმიური იარაღის მთავარი იდეოლოგის“ დაკარგვის შემდეგ, წითელი არმიის ხელმძღვანელობამ შეწყვიტა ქიმიური ჯარების გაძლიერება, თუმცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისთვის მზადება კვლავაც გაგრძელდა. 1938 წლის აგვისტოში, კრასნოიარსკის მახლობლად, სტარცევოს აეროდრომზე, ჩატარდა 1-ლი საავიაციო პოლკის ქიმიური წვრთნები იპრიტის გადმოღვრით, ხოლო 1939 წლის სექტემბერში - სახმელეთო წვრთნები იპრიტით დაბინძურებული ტერიტორიის გადალახვით.
"სიკვდილის ვარდი" და სხვა ჩინეთის უპირატესობის აღმოსაფხვრელად
საბჭოთა არმიის ხელძღვანელობას არ აშფოთებდა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების დიდი რაოდენობა, თუმცა მორიგი უბედური შემთხვევის შემდეგ, რასაც 7 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, გამოვიდა I არმიის მეთაურის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა სამხედრო პერსონალს, „შეეწყვიტათ იმგვარი უმსგავსობა, როცა მებრძოლები და მეთაურები საკუთარი ქიმიური იარაღით გამოდიოდნენ მწყობრიდან“. მალე ამ ბრძანებას მოჰყვა გენეარლ ივან კონევის საწინააღმდეგო შინაარსის სხვა ბრძანება, რომელიც მოითხოვდა: „ბოლო მოეღოს მშიშრობასა და ზედმეტ სიფრთხილეს, რომელიც მიზეზია იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა არ იციან საბრძოლო ქიმიურ იარაღთან მუშაობა“.
საბჭოთა ქიმიური შეიარაღება იზრდებოდა როგორც რაოდენობის, ასევე ასორტიმენტის თვალსაზრისითაც. ამიერბაიკალის სამხედრო ოლქში მდებარე ქიმიურ საწყობში იმდენი სახეობის ქიმიური ნივთიერება ინახებოდა, რომ მათი სახელების ჩამოთვლაც კი სულის ხუთვას იწვევდა.
უკვე მოძველებული, მაგრამ ამავე დროს იაფფასიანი და პრაქტიკული „მდოგვის აირი“ (იპრიტი), რომელიც ათიათასობით ტონა დაგროვდა, ინახებოდა კიდევ უფრო მეტ ბევრად უფრო მომაკვდინებელ ლუიზიტთან („სიკვდილის ვარდი“, როგორც მას სამხედროები უწოდებენ რომანტიკულად), ზარინსა და ზომანთან ერთად. ამ ყველაფერს, ჩინეთთან ომის შემთხვევაში, მტრის რაოდენობრივი უპირატესობა უნდა დაებალანსებინა. და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, შხამების სია გვირგვინდებოდა ბევრად უფრო საშიში ქიმიური იარაღით, რომელიც ინახებოდა უნივერსალურ ორტონიან კონტეინერებში. ეს იყო ამერიკული V-გაზის საბჭოთა ვერსია და თითოეული ეს პატარა კონტეინერი შეიცავდა იმ რაოდენობის ტოქსოდოზებს, რომლებიც საკმარისი იყო მთელი პლანეტის მოსახლეობის ნახევრის დასახოცად. საერთო ჯამში, სსრკ-ს 400-მდე ასეთი კონტეინერი ჰქონდა და მათი უმეტესობა ციმბირში ინახებოდა.
ამასთან, ცოტამ თუ იცის, რომ სსრკ იყო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც რეგულარულად იყენებდა ნამდვილ საომარ ქიმიურ ნივთიერებებს ჩვეულებრივი, კომბინირებული წვრთნების დროს.
ისევ ჰიტლერი - როგორ არ გაუშვა გაზი
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბევრი ქვეყანა მეტ-ნაკლებად დარწმუნებული იყო, რომ მათი სიდიადე დამოკიდებული იყო მომწამვლელი ნივთიერებებისა და აირწინაღების რაოდენობაზე. ბრიტანელებმა, ამერიკელებმა და რუსებმა სწრაფად გაზარდეს ქლორის წარმოება, შექმნეს ნაღმმტყორცნები „გაზის“ ჭურვებისთვის და დაამონტაჟეს გაზის გამფრქვევი ქვემეხები თვითმფრინავებზე. და მიუხედავად იმისა, რომ 1925 წლის ჟენევის პროტოკოლით აკრძალული იყო ქიმიური აგენტების სამხედრო გამოყენება, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ შემდეგი მსოფლიო ომი გაზის აპოკალიფსი იქნებოდა.
გერმანელებისთვის იპრიტი - მდოგვის გაზი მალე იქცა გუშინდელ დღედ, რადგან 1936 წლის 23 დეკემბერს ლევერკუზენის IG Farben-ის ლაბორატორიაში შეიქმნა ახალი, ბევრად უფრო მომაკვდინებელი გაზი Tabun-ი, პირველი ნერვული აირების ოჯახიდან, მოგვიანებით კი იქვე სინთეზირებულ იქნა უაღრესად ტოქსიკური საბრძოლო ქიმიური ნივთიერებები ზარინი და ზომანი, რომლებიც მილიონჯერ უფრო შხამიანი იყვნენ, ვიდრე იპრიტი და, რომლებიც იწვევდნენ გარდაუვალ და სწრაფ სიკვდილს, თუნდაც კანზე მოხვედრილიყო მათი უმცირესი წვეთი.
ომის დაწყებისას გერმანიის ქიმიური მრეწველობა აწარმოებდა 100 000 ტონაზე მეტ საბრძოლო ქიმიურ ნივთიერებას წელიწადში (მათ შორის, ტონობით ნერვულ აირს, რომლის მსგავსი მსოფლიოში არცერთ სხვა არმიას არ გააჩნდა), სამხედროების განკარგულებაში კი იყო მილიონობით ქიმიური ჭურვი და ბომბი, თუმცა, მიუხედავად ამისა, არცერთი ეს ჭურვი გერმანელებს არასოდეს გამოუყენებიათ. არც ომის დასაწყისში ინგლისის წინააღმდეგ და არც გახურებული საომარი მოქმედებების დროს სსრკ-ის წინააღმდეგ. ასევე არ გამოუყენებიათ ომის ბოლო ფაზაში საბჭოთა ჯარებისა და ამერიკელი მოკავშირეების წინააღმდეგ, როდესაც ისე ჩანდა, რომ ჰიტლერს, რომელიც ოცნებობდა „შურისძიების იარაღზე“, დასაკარგი არაფერი ჰქონდა.
რატომ არ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რომლის შექმნასა და დაგროვებას ასე გამალებით ეშურებოდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნები? ისინი ხომ წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ომისთვის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სისხლისმღვრელი და უკომპრომისო შეტაკებებების მიუხედავად, ქიმიური იარაღი არ გამოიყენეს. რატომ?
რაც უნდა უცნაური იყოს, ამ კითხვაზე ისტორიკოსებს ჯერ კიდევ არ აქვთ ცალსახა პასუხი. შეიძლება ამის მიზეზი იყო ინგლისის ასევე მძლავრი ქიმიური შეიარაღება გერმანულის საპირწონედ; ისტორიკოსები ასევე არ გამორიცხავენ ჰიტლერის პირადი გამოცდილების ფაქტორსაც: ჰიტლერმა, როგორც ქიმიური იარაღის მსხვერპლმა და მისი შედეგების საკუთარ თავზე გამომცდელმა, ვერ გაბედა გერმანიისა და ევროპის ქიმიურ აპოკალიფსში ჩაძირვა. ცხადია, ამ სადავო ვერსიის დადასტურება ძალიან რთულია.
ბირთვული იარაღით ჩანაცვლებული „გაზის აპოკალიფსი“
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ, „ქიმია“ აღარ მოჩანდა აპოკალიფსის მთავარ იარაღად. შესაბამისად, განახევრდა ახალი ტოქსიკური ნივთიერებების შექმნის ძალისხმევა და ტემპი. სამხედრო თეორეტიკოსები ერთმანეთს უმტკიცებდნენ, რომ ქიმიური იარაღი უკიდურესად არახელსაყრელი, მოუხერხებელი და არაეფექტიანი იყო. „შენახვა რთულია, გამოსაყენებლად საჭიროებს ამინდის იდეალურ პირობებს და დამოკიდებულია ცვალებადი ქარის მიმართულებაზე, - ამბობდნენ ისინი, - ჯარისკაცებს ადვილად შეუძლიათ მისგან თავის დაცვა, მაგრამ სამაგიეროდ სასიკვდილოა ბუნებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის“.
პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებამაც აჩვენა, რომ საარტილერიო დაბომბვა ათჯერ უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე ქიმიური შეტევები. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამიტომ არ გამოიყენეს ქიმიური იარაღი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას.
რა თქმა უნდა, სამხედროებს არ უყვართ თავიანთ მომაკვდინებელ სათამაშოებთან განშორება, თუნდაც აღიარებდნენ, რომ ისინი უსარგებლოა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფიზიკოსებმა სამხედროებს ბირთვული და შემდეგ თერმობირთვული ბომბები აჩუქეს, ქიმიური იარაღი მტვრიან კუთხეში მიგდებული აღმოჩნდა.
1974 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ნიქსონმა და სსრკ-ის კომპარტიის გენმდივანმა ბრეჟნევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, რაც 1976 წელს ჟენევაში პრეზიდენტმა ფორდმაც დაადასტურა. დაიწყო ლამის ყველა კონტინენტზე დაგროვილი ეგზოტიკური და ლამაზი სახელების მქონე გაზის რეზერვების თანდათანობით განადგურება. 1991 წელს კი სსრკ დაიშალა - ბევრად უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე სასიკვდილო ქიმიური ნაერთები იშლებოდნენ. დიდი ქიმიური ომი არ შედგა, მაგრამ საბჭოთა კავშირმა თავისი არსებობის ბოლომდე არ დათმო ქიმიური იარაღი. 1990-იანი წლებისთვის რუსეთის ქიმიური იარაღის მარაგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარაგად ითვლებოდა. საუბარია 39 ათას 967 ტონაზე, თუმცა 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დახმარებით, დაიწყო ამ მარაგების განადგურება, რისთვისაც საჭირო გახდა რთული ქარხნებისა და საწარმოების, მთელი ინდუსტრიის აშენება.
1996 წლის 21 მარტს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მიიღო ფედერალური პროგრამა „რუსეთის ფედერაციაში ქიმიური იარაღის მარაგების განადგურების შესახებ“.
ერთ-ერთი არსენალი, სადაც საბჭოთა წლებში ქიმიური იარაღი ინახებოდა, იყო ქალაქი შჩუჩიე ყურგანის ოლქში. 2009 წელს იქ გაიხსნა ქიმიური იარაღის განადგურების რიგით მეხუთე ქარხანა. 2015 წლის 22 სექტემბერს ამ ქარხანაში ბოლო საბრძოლო ქიმიური მასალა განადგურდა, თუმცა შჩუჩიეს მოსახლეობამ მემკვიდრეობით მიიღო დაახლოებით 40 ტონა ნარჩენი - ტოქსიკური ბიტუმ-მარილის მასა.
ხანმოკლე სიხარული
2017 წლის 27 სექტემბერს მოსკოვმა ყველას გასახარად გამოაცხადა, რომ მთლიანად დაასრულა თავის შეიარაღებაში არსებული ყველა სახის ქიმიური იარაღის განადგურება, მაგრამ, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის სრული განადგურებით გამოწვეული სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა: სულ რაღაც 6 თვეში, 2018 წლის 4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში გამოყენებულ იქნა „ნოვიჩოკი“ - სამხედრო შხამი საბრძოლო ქიმიური ნივთიერებების ოჯახიდან, რომელიც რუსულ ლაბორატორიებში შეიქმნა. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთის, როგორც ქიმიური იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად არადამაჯერებლად გამოიყურება.
როდესაც დონეცკელი სეპარატისტების წარმომადგენელმა ბასურინმა მიანიშნა ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე მარიუპოლში (სადაც „აზოვსტალის“ მიწისქვეშეთში გამაგრებულია ბატალიონი „აზოვი“), ცოტას თუ შეეპარა ეჭვი ამ საფრთხის ნამდვილობაში, არადა, რუსეთს ოფიციალურად აქვს გამოცხადებული, რომ აღარ ფლობს ქიმიურ იარაღს. მეტიც, ასევე „ოფიციალურად“ 80 წელზე მეტია, რაც მომწამვლელი გაზი ბრძოლის ველზე არ გამოუყენებიათ.
სხვათა შორის, ბოლოს ეს მოხდა მარიუპოლიდან არცთუ ისე შორს, ყირიმში, სადაც 1942 წელს ათასობით საბჭოთა ჯარისკაცმა, რომლებმაც უკან დახევა ვერ მოასწრეს, თავი შეაფარეს ქერჩის მახლობლად მდებარე აჯიმუშკაის ქვის მიუდგომელ სამტეხლოებს. სწორედ ამ ადგილას, პირველად და უკანასკნელად მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, გერმანელებმა გამოიყენეს იპრიტი - აბვერის არსენალში არსებულ ქიმიურ იარაღთა შორის არცთუ ყველაზე მომაკვდინებელი ნივთიერება, მეტზე გერმანელები არ წავიდნენ და გაზის ეს იერიში (რომლის დროსაც რამდენიმე ასეული საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა) იქცა მხოლოდ ერთ ეპიზოდად ქერჩის დამცველებისა და საოკუპაციო ძალების მრავალთვიან დაპირისპირებაში.
...ახლა კი ისევ აშინებენ სამყაროს ქიმიური იარაღის გამოყენებით, თანაც, როგორც ჩანს, სერიოზულად. მაგრამ, როგორ, როცა ქიმიური იარაღი, ოფიციალურად აღარ არსებობს?
თუმცა, რუსეთი უცნაური ქვეყანაა. რუსეთში ოფიციალურად არსებობს არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში არაფერი მსგავსი არ არსებობს. ცხადია, პირიქითაც ხდება. როგორც, მაგალითად, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, თუ ვინმე განაგრძობს „ნოვიჩოკის“ დამზადებას (სტრუქტურით ის ტაბუნის, ზარინის და სხვა მსგავსი მომწამვლელი აგენტების ახლო ნათესავია), მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთს საკმაო რაოდენობით ჰქონდეს ზარინისა და იპრიტის მარაგები. კარგი, შეიძლება არა რუსეთს, არამედ იმავე ДНР-ს, სადაც ქიმიკოსებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ასი წლის წინანდელ ამოცანას და მოამზადონ ქლორზე დაფუძნებული არცთუ ისე რთული შხამიანი საზიზღრობა.
ამის გაკეთება ზუსტადაც რომ არ არის რთული. უფრო რთულია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში მსოფლიო აშანტაჟო ქიმიური იარაღის გამოყენებით.
ჯიმშერ რეხვიაშვილი Сибирь.Реалии-ს მასალების მიხედვით