იყიდება რუსეთი - ფული უკრაინაში მიდის

10 დღეში რუსეთის 20 ადმინისტრაციული ერთეული გაიყიდა

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უკრაინას მხარს არამხოლოდ იარაღით და საკვებით უჭერენ. რუსეთის თავდასხმის შემდეგ ქვეყანამ უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მიიღო. NFT-ების გაყიდვით მას საქართველოდანაც ეხმარებიან.

აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციული ოლქის ყიდვაზე ხომ არ გიოცნებიათ? ან იქნებ პერმის ოლქის სამხრეთში მდებარე ქალაქი, გორნოზავოდსკი გიზიდავთ?

9 აპრილს კომპანია „ლივინგსტონმა” გასაყიდად გამოიტანა რუსეთის ციფრული რუკა. რუსული მიწის ყიდვა NFT-ის სახით შეიძლება. ანგარიშსწორება - კრიპტოვალუტა ეთერიუმით. შემოსავალი კი მთლიანად ჩაერიცხება უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს. გასაყიდად სულ გამოტანილია 2500 ადმინისტრაციული ერთეული. დედაქალაქი უკვე გაყიდულია. მოსკოვი თითქმის 15 ათას დოლარად „ერთმა ქართულმა კომპანიამ” შეიძინა.

„ლივინგსტონის” თანადამფუძნებელი, ლევან ლეფსვერიძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ იდეის ხორცშესხმას თვეზე ოდნავ მეტი დასჭირდა და მასზე „დაახლოებით 10-15 ადამიანი მუშაობდა”. თავიდანვე ცხადი იყო, რომ რუსეთის ნაწილ-ნაწილ გაყიდვა ბევრს გულს მოფხანდა.

„მაგაში დავინახეთ პოტენციალი, რომ უმრავლესობას მოუნდებოდა ჩართვა რუსეთის დანაწევრებაში”, - იხსენებს იგი.

10 დღეში 20 ადმინისტრაციული ერთეული გაიყიდა, თითქმის 18 ათას დოლარად.

NFT, როგორც ქველმოქმედება

NFT რაიმეს ფლობის ციფრული სერტიფიკატია. მის ნამდვილობას ადასტურებს ათიათასობით კომპიუტერი, რომელიც ბლოკჩეინის ქსელზეა მიერთებული.

ვრცლად NFT-ებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

ასევე ნახეთ შევარდნაძის ყვირილი 22 000 დოლარად - რა დოზანაა ეს NFT?

„ლივინგსტონის” გარდა, ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო თანამშრომლობს კიდევ ორ NFT პროექტთან.

ერთი ომის ციფრული მუზეუმია, სადაც მოვლენების ქრონოლოგია ტვიტების მეშვეობითაა დალაგებული. თითო ტვიტი - თითო NFT.

მეორე პროექტი კი ყიდის უკრაინელი ხელოვანის მიერ შექმნილ „მშვიდობის ქვებს”.

ეს "მშვიდობის ქვა" 0.1 ეთერიუმი, ანუ დაახლოებით 311 დოლარი ღირს.

უკრაინაში ომზე ათეულობით NFT პროექტი იქმნება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გასაყიდად გამოიტანეს კრემლის დაპატიმრებული მხარდამჭერის, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო, რომელიც ენდი უორჰოლის პოპარტის სტილშია გაფორმებული. ​

7 აპრილს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფიოდოროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ჩაბმულია „პირველ მსოფლიო კიბერომში”.

უკრაინელები მასში მარტოები არ იბრძვიან. ომის დაწყებისთანავე, უკრაინას კრიპტოვალუტით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ეხმარებიან.

მათ შორის, რუსეთიდანაც. ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში რუსული აქციონისტური მოძრაობის, „პუსი რაიოტის“ წევრებმა უკრაინული დროშის NFT 6.7 მილიონ დოლარად გაყიდეს.

18 აპრილს, მინისტრმა მიხაილ ფიოდოროვმა დატვიტა, თუ რაში დაიხარჯა ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთვის ჩარიცხული 45 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა.

თანხის თითქმის მესამედით, 14 მილიონით, უკრაინამ სამხედრო დრონები იყიდა.

უკრაინაში კრიპტოშემოწირულებებს აგროვებს არა მხოლოდ ციფრული სამინისტრო, არამედ ათეულობით საქველმოქმედო ფონდიც. ყველაზე პოპულარული ვალუტებია ეთერიუმი და ბიტკოინი.

ჯერ კიდევ 17 მარტს „ევრონიუსი“ წერდა, რომ უკრაინას თითქმის 100 მილიონი დოლარის ღირებულების „ციფრული ფული” შესწირეს.

იქამდე ერთ დღით ადრე, უკრაინისთვის კრიპტოვალურის მიღება კიდევ უფრო გამარტივდა - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრიპტოვალუტა 16 მარტს ლეგალური გახადა. მაგრამ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს უკრაინამ შექმნა კრიპტოვალუტის სახელმწიფო ფონდი.

565 მილიარდი დოლარი

კრიპტოვალუტის შეძენა მხოლოდ ქაღალდის ფულის შოვნის გზა როდია.

ეკონომისტები მის პოტენციალზე ბოლომდე ვერ თანხმდებიან.

ბევრი სხვა ციფრული სიახლის მსგავსად, სასწორის ერთ პინაზე თავისუფლება და სიმარტივეა, მეორეზე კი, საფრთხე - მისი ანონიმურობის წყალობით, კრიპტოვალუტას ფარული ანგარიშსწორებისთვის ტერორისტები და ადამიანებით მოვაჭრეები იყენებენ.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კრიპტოინდუსტრია ჯერაც ე.წ. რუხ ზონაშია, ანუ კანონი მას არ არეგულირებს, მაგრამ არც კრძალავს.

თუმცა უკრაინას ამაზე ბევრი ფიქრის დრო არ აქვს. სხვადასხვა გათვლით, რუსეთთან ომი ქვეყანას დაახლოებით 565 მილიარდი დოლარი დაუჯდება.