ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ფეისბუკის კრიტიკული პოსტების გამო ძალოვანმა უწყებებმა, სუს-მა და შსს-მ უკვე სამი ადამიანი დაიბარეს გამოკითხვაზე იმის გასარკვევად, მათი „მოწოდებები“ რამდენად ისახავდა მიზნად „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობას“ და იცოდნენ თუ არა მათ, რომ მსგავსი მოწოდება დანაშაულია. მიშა მშვილდაძე და ზუკა ბერძენიშვილი სუს-ში დაიბარეს, საბა ჯაჯანიძე - შსს-ში.
„დამისვეს წინასწარ შედგენილი 15 კითხვა, სადაც პირველივე პასუხი პასუხობდა დანარჩენ 14-ს, მაგრამ არ დავზარდი და 14-ნაირად გადავმარცვლე“, - დაწერა ორიოდე დღის წინ, სუს-ში გამოკითხვიდან გამოსულმა სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფეისბუკის სტატუსის გამო დაიბარეს.
ეკითხებოდნენ, მართლა გეგმავს თუ არა კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობას (და თან ამას საჯარო პოსტში წერს, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავისივე ნებით „თაგავს“).
დიალოგის რამდენიმე ფრაგმენტი ზუკამ გაასაჯაროვა, სტილი დაცულია:
- განგვიმარტეთ, რას ნიშნავს და რა გზებითა თუ ხერხებით აპირებთ მთავრობის გადაგდებას, გადატრიალებასა და... ისა რა ჰქვია... გაჯ...ვინებას?
- გადაგდება, გადატრიალება, გაჯ...ვინება არის ლექსიკონი, რომელიც განაპირობა კონსტიტუციით განსაზღვრული ძალაუფლების წყაროს - ხალხის დაკვეთის ბოლო რამდენიმე არჩევნებზე უგულებელყოფამ და ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შენარჩუნებამ, შესაბამისად, მისი მართვის სადავეებისგან ჩამოშორება აშკარაა გვიწევს მისივე ნების საწინააღმდეგოდ, იძულების გზით. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულებას ვაპირებ მისთვის ხელშემშლელი ნებისმიერი არაძალადობრივი, მაგრამ რადიკალური გზით.
- გეგმავთ თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას და როგორ აპირებთ ხელისუფლების წარმომადგენლების ძვლებში დამტვრევას?
და ა.შ.
ზუკა ბერძენიშვილი იმ გრძელ საჯარო სტატუსში, რომლითაც სუს-ი დაინტერესდა, საქართველოს მთავრობის მისამართით წერდა:
„დღე და ღამე ვფიქრობ იმაზე, როგორ გ ა დ ა გ ა ტ რ ი ა ლ ო თ“.
შემდეგ ჩამოთვლიდა მიზეზებს, რაშიც, მისი აზრით, მოქმედ მთავრობას მიუძღვის ბრალი.
„მეტსაც გეტყვით, არამხოლოდ ვფიქრობ, ამაზე ველაპარაკები ყველას და აგერ საჯაროდაც მ ო ვ უ წ ო დ ე ბ ყველა მკითხველს, რომ მათაც მთელი დრო და ენერგია იმის მოფიქრებას დაუთმონ, თქვენ როგორ გ ა დ ა გ ა გ დ ო თ დაკავებული პოზიციებიდან და გაგებინოთ პასუხი ყველა საშინელებაზე, რაც ამ ქვეყანაში დაგიტრიალებიათ“, - წერს ის.
ზუკა ბერძენიშვილის აზრით, როგორც სტატუსების გამო „დაბარება“, ისე ხელისუფლების მიერ „არსაიდან მოტანილი აბსურდული ბრალდებების“ გამო, მისი თქმით, აბსურდული საქმეების აღძვრა, მხოლოდ შიშის დანერგვას ემსახურება და ერთი მიზანი აქვს: „მოვერიდოთ ასეთ "არაადეკვატურ და ყველაფერზე წამსვლელ" სისტემასთან დაპირისპირებას“.
მან ეს პოსტი საგანგებოდ დაწერა, მისი გამოქვეყნების მიზანიც ხელისუფლების გამოწვევა იყო და სუს-ის ზარსაც ელოდა.
ამ ნაბიჯით ის სწორედ შიშის გაფანტვას შეეცადა.
„არ არის გამორიცხული, რომ საქმეს სერიოზული მსვლელობაც მისცენ, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობისთვის უნდა დამიჭირონ და ცხადია, ასეთი თავზეხელაღებული გადაწყვეტილება ჩემთვისაც გაცილებით მეტ და დიდი მასშტაბის შესაძლებლობას აჩენს მათი კარიკატურული ბუნების აბუჩად აგდებისთვის და ჩემი სათქმელის უფრო ფართოდ გავრცელებისთვის“, - ეუბნება ზუკა ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებას.
მისი დაკვირვებით, ერთი შეხედვით, ასეთი „თავგადასავლებისგან“ თითქოს უფრო მეტად ის ხალხია დაზღვეული, ვისაც მეტი წვდომა აქვს მედიასა და თავდაცვის სხვა საშუალებებზე, მაგრამ სტატისტიკა და ფაქტები იმასაც აჩვენებს, რომ იბარებენ მათ, ვინც „ახალ ამბავს“ შექმნის და ეს „იმისთვის, რომ ეს ბევრმა გაიგოს და ბევრიც დაშინდეს“.
ზუკა ბერძენიშვილი თვლის, რომ ამის საშუალება სუს-სა და სხვა სახელმწიფო უწყებებს არ უნდა მიეცეთ. რაც შეიძლება, მეტი ადამიანი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ვინც უსამართლობას წააწყდება, ხმა უნდა აიმაღლოს:
„სისტემა ხშირად ცდილობს შექმნას ილუზია, რომ მსხვერპლისთვის სიჩუმე უფრო უსაფრთხო გზაა, როცა პირიქით, თუკი რაიმეზე რეაგირებს ჩვენი ქვეყნის კოჭლი სამართალი, ეს სწორედ ხილვადობა და გახმაურებაა“.
ზუკა ბერძენიშვილს სუს-ში ადვოკატი არ ახლდა.
ამბობს, იმდენად არასერიოზულად გამოიყურებიან ჩემი სიმართლის წინაშე, რომ ზედმეტად არც არავინ შევაწუხე და ამ სპექტაკლში უფლებადამცველის როლიც თავად შევასრულეო.
თუმცა იმავეს ყველას არ ურჩევს, რადგან, მისივე სიტყვებით, „ყველას ყოველთვის თავაზიანად როდი ექცევიან“.
მას არ უკვირს „ბრაზიანი აზრების გამოხატვის დევნა“ იმ სისტემისგან, რომელიც სასამართლოზე ამბობს ხოლმე, რომ აქტივისტები უზნეოდ იქცეოდნენ და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ:
„ყველასთვის ცხადია რომ აზრის პოლიცია და ზნეობის სადარაჯოზე მდგომი პროკურატურა ყველაზე დიდი უზნეობისა და ბოროტების მსახურები არიან ხოლმე. ეს სტანდარტი იმდენად რუსულია, რომ ჩვენი პროცესები, ძალიან ხშირად, ერთგვარი დროში მოგზაურობის უნიკალური შესაძლებლობა ხდება“.
ზუკა იხსენებს, რომ სუს-ში გააპროტესტა შეკითხვაც, თუ იცოდა, რომ ძალადობრივი მოწოდებები ნებისმიერი არხიდან დასჯადი იყო.
„და ამ დროს წარბიც არ უტოკდებოდათ იმ ოპერაციის ავტორებს, რომელმაც ლექსო ლაშქარავა შეიწირა. თუ არც რამდენიმეთვიანმა ძალადობრივმა კამპანიამ, მოწოდებებმა და მუქარამ, როგორც ტელევიზიით, ისე სოციალური ქსელებით, ფიზიკურად შეკრებილი ხალხის ხმის გამაძლიერებლით მართვამ და დაუფარავად ძალადობრივი მიზნების განხორციელებამ არ შექმნა დანაშაულის არც პრევენციისა და არც პოსტ-ფაქტუმ პასუხისგების საფუძველი, მე არ ვიცი, რამ შეიძლება შექმნას. ასეთ ველურ ორმაგ სტანდარტებზე თავის მორიგი გასულელება და ჩემთვის ამ შინაარსის კითხვის დასმა რომ შეურაცხმყოფელი იყო, ეს იქ არავისთვის დამიმალავს და კონკრეტულად სუს-ის როლი რა იყო 5-6 ივლისის მოვლენებში, ამასთან დაკავშირებული 1000 არგუმენტის ჩამოთვლა რომ შევთავაზე, ხმა არავის გაუღია და თავებიც ჩახრილი ჰქონდათ“, - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.
რისთვის დაიბარეს მიშა მშვილდაძე?
ფეისბუკის პოსტის გამო დაურეკეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და წამყვანს, მიშა მშვილდაძესაც - ის სუს-ში 4 აპრილს გამოქვეყნებული პოსტის გამო დაიბარეს, რომელშიც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს, „ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, თუ ვინმე დაიჩაგრებოდა ომით, იქნებოდა უკრაინაო“.
მშვილდაძე წერდა:
„ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას.... არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა“.
მიშა მშვილდაძის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ, გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროცესი ასე შეაფასა:
„მიშა მშვილდაძის გამოკითხვა 7 წუთი გაგრძელდა. სუს-ის გამოძიებამ გამოკითხვის შედეგად დაადგინა მიშას ტელეფონის ნომერი, რომელზეც მანამდეც ურეკავდა გამომძიებელი და მამის სახელი“.
თუმცა სუს-ში დაბარება არ არის სასიამოვნო პროცედურა, სულ ცოტა, იმიტომ, რომ მაინც გეფიქრება - შეიძლება დაგიჭირონ.
მიშა მშვილდაძე გვიზიარებს, რომ დამთრგუნველი სწორედ ის არის, როცა აბსურდის გამო შეიძლება მოხვდე ციხეში.
„განსაკუთრებით გარეჯის საქმის მერე მაქვს ეგ განცდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი საქმისთვის შეიძლება დაიჭირონ და მას ვერავინ დაიცავს. თუმცა ამ ამბის მეორე, ნათელი ფაქტორია, რომ ეს მათი სისუსტის ნიშანია და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება“.
მიშა მშვილდაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ პირადი დისკომფორტის გარდა, თავისთავად საჯარო სტატუსის გამო გამოკითხვაზე დაბარება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ნაბიჯია, რადგან ამის შემდეგ, ადამიანი მაინც აკონტროლებს იმას, თუ რას დაწერს ხვალ.
„რეალურად, ამას გეუბნებიან, დაფიქრდი რა, რას დაწერ. არ დაწერო. მიზანი არის რაც შეიძლება ნაკლები მათთვის უსიამოვნო სტატუსი“.
მიშა მშვილდაძე მაგისტრმა მოსამართლემ გამოკითხა. თავიდან, დასმული კითხვებით ცდილობდნენ დაედგინათ, ხომ მართლა მან დაწერა ეს სტატუსი და უკვე ბოლოსკენ ჰკითხეს, იცით თუ არა, რომ ეს მოწოდება კანონით ისჯებაო?
რადიო თავისუფლება: თქვენ რა უპასუხეთ?
მიშა მშვილდაძე: მე ვუპასუხე, რომ ეს იყო განსჯა. მაგალითად მოვიყვანე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სადაც წერია, რომ კანონი უნდა ემყარებოდეს სამართლიანობის პრინციპს, რომ სამართლიანი მართვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი... რომ არსებობს რაღაც თეორიული ვითარება, სადაც ადამიანებს ეძლევათ აჯანყების კანონიერი უფლება. ხოლო განსჯა ამისა, ეს სწორედ ის მომენტია თუ არა ახლა, თუ მას კონკრეტული მყისიერი მოქმედება არ მოჰყვება, აბსოლუტურად ლეგიტიმური რამეა. ამაზე „დაბარება“ აბსოლუტური სიგიჟეა.
მიშა მშვილდაძე აღნიშნავს, რომ ვერანაირი სტატუსი ვერ ჩაითვლება მოწოდებად, თუ მას არ ახლავს თან მისი განხორციელების მყისიერი საფრთხე - როცა ადამიანები სადღაც დგანან მზადყოფნაში და შემდეგ ამას მოჰყვება ქმედება. როგორც ეს, მისი სიტყვებით, მოხდა, მაგალითად, 5 ივლისს.
„თან, მე დამიბარეს არა მხოლოდ ამ სტატუსის გამო, რომელსაც რეალურად არაფერი მოჰყვა, არამედ ნოემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, - გვითხრა მიშა მშვილდაძემ.
სუს-ი და ნოემბერში დაწყებული დიდი გამოძიება
სუს-ში ჩვენც დაგვიდასტურეს, რომ გამოკითხვაზე ამ ადამიანების დაბარება სწორედ ნოემბერში დაწყებული დიდი გამოძიების ნაწილია, რომელიც აღძრულია სახელმწიფო წყობილების დამხობის მუხლით.
„თუ კონკრეტული სტატუსი შეიცავს გადატრიალების მოწოდებას, მაგ შემთხვევაში ხდება სტატუსის ავტორების გამოკითხვა“, - გვითხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე, ამ გამოძიების ფარგლებში დაკავებული არავინ არის.
ბოლო ორ ფაქტზე (ბერძენიშვილი-მშვილდაძე) კი ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა.
ასევე ნახეთ სუს-ი: მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისკენსუს-ში ასევე გვითხრეს, რომ გამოძიების ფარგლებში მათი გამოკითხვაზე დაბარება არ ნიშნავს იმას, რომ მათ გამოხატვის თავისუფლებას ვინმე ზღუდავს. მათთვის არავის აუკრძალავს ღიად საკუთარი აზრის გამოხატვა.
2021 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ავრცელებდა ინფორმაციას, რომელსაც სუს-ი აღიქვამდა რევოლუციისკენ მოწოდებად, რომელიც, შესაძლოა, ყოფილიყო სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ისჯება 3 წლამდე პატიმრობით.
განცხადებაში ასევე ეწერა, რომ სუს-ი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატარებდა კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად“.
საბა ჯაჯანიძის „დაბარება“
ფეისბუკსტატუსის გამო გამოკითხვაზე დაბარებულთა შორის ცოტა ხნის წინ ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი საბა ჯაჯანიძეც მოხვდა.
2022 წლის 1 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში ეწერა, რომ მისი პოსტი „შეიცავდა ძალადობის ნიშნებს“ და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყებოდა.
ასევე ნახეთ "კანცელარიის ფანჯრები უნდა ჩაილეწოს" - ფეისბუკსტატუსი შსს-მ ძალადობისკენ მოწოდებად მიიჩნიასტატუსში კი, რომლის გამოც შსს-მ საბა ჯაჯანიძე გამოკითხვაზე დაიბარა, ეწერა:
„ქართული ოცნება“ და ბიძინას მონები მიგვაქანებენ რუსეთში. იმედია, დღევანდელი ამბები უკვე საკმარისია ამის აღსაქმელად. ჰოდა, მარტო დგომა და პლაკატები არ შველის. როგორც მინიმუმ კანცელარიის ქვედა სართულის ფანჯრები უნდა ჩაილეწოს.
იდი ნ**ით, არ მინდა რუსეთში”.
ამ სიტყვების ავტორი არ არის ერთადერთი, ვისთვისაც უკრაინასთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მიუღებელია. კრიტიკას ღიად ბევრი ადამიანი გამოხატავს და ხელისუფლებისგან მეტ სოლიდარობას და უკრაინისადმი მკაფიო მხარდაჭერას მოითხოვს.
საბა ჯაჯანიძე გამოკითხვაზე არ მისულა. საქმეს შემდგომი მსვლელობა არ მისცემია, თუმცა თავად წერდა, რომ მას მერე, რაც მან ტელეფონს არ უპასუხა, სახლში დედამისს მიადგნენ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში საბაც შენიშნავს, რომ მას არ ეშინია და რომ პოლიციაში დაბარება არ არის ის მიზეზი, რის გამოც მეორედ აღარ დაწერს იმას, რასაც ფიქრობს: ეს უფრო დისკომფორტია, ამბობს ის, - გაიძულონ, ამ ყველაფერზე ენერგია დახარჯო:
„თუმცა მე ვფიქრობ, რომ მათთან (შსს, სუს-ი) ურთიერთობაში საუკეთესო თავდაცვა საჯაროობაა. ყველა პატარა შეტყობინებაზე იძულებული ხარ საჯაროდ წერო. ეს, გარკვეულწილად, მათ მიზანსაც ემსახურება - თუ გვეწინააღმდეგები, მაშინ გაწვალებთ. შესაძლოა მსგავსი რამ ჩემზე ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ სხვა, ვინც ამას ხედავს, ფიქრობს: ხედავ? ადამიანი რაღაცას წერს, ამისთვის კი მას პოლიციაში იბარებენ, ესე იგი, ჯობს გავჩერდე. ეს ნაცადი მეთოდია - ზუსტად იმავენაირი, რასაც რუსები იყენებენ“, - გვეუბნება საბა ჯაჯანიძე.
მისი თქმით, საკმარისია წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელსაც არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან აკავშირებს განსაკუთრებული ნაცნობობა, არც სამოქალაქო აქტივისტებთან, ჟურნალისტებსა თუ ადვოკატებთან და უცებ, ერთ საღამოს, მისი პოსტის გამო, პოლიციიდან ურეკავენ:
„ეს ხომ ტერორია? ამ ადამიანმა, შესაძლოა, ისიც კი არ იცოდეს, რომ არ არის ვალდებული, ასე უცებ მივიდეს. როცა რეკავენ, პირდაპირ ასე გეუბნებიან, დღეს უნდა მოხვიდე! და ეს დიალოგი ძველბიჭურ გარჩევას ჰგავს ხოლმე. მაგრამ როგორც კი ამას საჯაროს ხდი, მერე ოფიციალურ წერილს იღებ, რომ თურმე, მისვლა ნებაყოფლობითია. ვინც ეს არ იცის, ის პოლიციაში შეშინებული მიდის, იქ კი კიდევ უფრო აშინებენ სპეციალურად ასეთი გამოკითხვისთვის დატრენინგებული პოლიციელები“.
გამყინავი ეფექტი
სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კანონით დასჯად საჯარო მოწოდებას შორის ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ?
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სწორედ ასეა მითითებული, რომ მსგავსი საჯარო მოწოდება დანაშაულია. თუ ასე ფორმალურად მივუდგებით, ამბობს მარიკაშვილი, მაშინ საჯარო სივრცეში გაკეთებული ნებისმიერი გაცხადება შეიძლება ჩაითვალოს ამ მუხლის შემადგენლობად და დანაშაულად, რაც ასე არ არის.
„მთავარი არის სტანდარტი, რომ მოწოდება შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ქმნის რეალურ, იმწუთიერ და მყისიერ საფრთხეს ამ მოწოდების რეალობად ქცევისთვის. ამიტომ ამ ფეისბუკსტატუსების გამო დაბარება არ არის სამართლებრივად გამართლებული. ისინი არ ქმნის რეალურ საფრთხეს“.
მაგალითად, თუ მსგავსი მოწოდებები გაისმის დიდ აქციაზე, სადაც არის მყისიერად მისი განხორციელების საფრთხე, მაშინ შეიძლება გამოძიება ამით დაინტერესდეს.
როცა ეს კომპონენტი არ არის გათვალისწინებული, მაშინ უკვე მსგავსი ჩარევა - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად უნდა შეფასდეს.
ედუარდ მარიკაშვილი გვეუბნება, რომ მსგავსი მოწოდება, ზოგადად, შესაძლოა, გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რომ მას რაიმე სახის პასუხისმგებლობა მოჰყვეს.
გამოხატვის თავისუფლებას, მისი თქმით, აქვს კიდევ ერთი კომპონენტი - სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც სხვა ადამიანების გამოხატვაზე გამყინავ ეფექტს ახდენს - შედეგად მოქალაქეებს ეშინიათ და ერიდებიან ღიად საკუთარი აზრის გამოხატვას, რაც ასევე არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
გაფრთხილება სატელეფონო ზარით - ფეისბუკპოსტისთვის
ყოფილა ისეთი ფაქტებიც, როდესაც სამთავრობო გვერდების ქვეშ წაუშლიათ მოქალაქეების კრიტიკული მოსაზრებები და დაუბლოკავთ ამ მოსაზრების ავტორი ფეისბუკმომხმარებლები.
მაგალითად, ასეთი შემთხვევები მოხდა პრემიერ-მისისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუკის ოფიციალური გვერდზე.
ასევე ნახეთ ხელისუფლება გბლოკავთ კრიტიკისთვისშსს-ს ან სუს-ის მიერ გამოკითხვაზე დაბარების გარდა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წევრმა, შესაძლოა, მისთვის უსიამოვნო ღია სტატუსის გამო, საქმე ავტორს ტელეფონითაც გაურჩიოს. მსგავსი რა მოხდა ორიოდე დღის წინ, როდესაც პარლამენტარმა ბექა ოდიშარიამ, ჟურნალისტ თამარ ღვინიანიძეს მისი ფეისბუკსტატუსის გამო დაურეკა და პასუხი მოსთხოვა.
სტატუსი ეხებოდა უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი ვიდეოს ნაწყვეტს, სადაც ისმის ბექა ოდიშარიას ხმა, როცა მას ომის შედეგების სანახავად წასვლას სთავაზობენ: „არ მინდა, რა უნდა ვნახო“, - ამბობს ის ამ ვიდეოს ნაწყვეტში.
მისი ეს ფრაზა ზოგმა ნანახით გამოწვეულ შეძრწუნებად მიიღო, ზოგმა კი გულგრილობად შეაფასა და ეს ღიად გამოხატა, ისე, როგორც, მაგალითად, თამარ ღვინიანიძემ.
დეპუტატის ზარის შემდეგ მან სტატუსი წაშალა, თუმცა ამბავი საჯაროდ გააზიარა.
„...პოსტს ვშლი. რადგან სრულიად გადაფსიხებული ადამიანის გაუგებარ ცოტა ძველბიჭურ, ცოტა მუქარით სავსე მონოლოგში დავინახე აღელვება, რომელიც იმედია მხოლოდ "ვიღაცამ გააშავა"-ს არ უკავშირდება. და რომ კონკრეტულ მომენტში რაღაც რომ ჩაილაპარაკა, არა გულგრილობით, არამედ დაღლით ან საზარელი სურათის ნახვისგან თავის არიდებით იყო გამოწვეული. მე მომეჩვენა, რომ აგდებული ტონი ჰქონდა. ასე მეჩვენება ახლაც. მაგრამ რადგან აღქმა სუბიექტურია, ამიტომ დავუტოვებ ამ ვიდეოს ინტერპრეტაციის საშუალებას“, - დაწერა თამარ ღვინიანიძემ.
მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისად რადიო თავსუფლება შეეცადა პარლამენტართან ტელეფონით დაკავშირებას. ბექა ოდიშარიასთან კომენტარის თხოვნა გაგზავნილია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც. პასუხის მიღების შემთხვევაში, რადიო თავისუფლება მის პოზიციას დაუყოვნებლივ ასახავს.