აღდგომის ღამეს მეტროს მუშაობის საათები გახანგრძლივდა

აღდგომის ღამეს, 23 აპრილს, თბილისში მეტროს სამუშაო საათების რაოდენობა ერთჯერადად გაიზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მეტრო ღამის 12:00 საათის ნაცვლად, 04:00 საათზე დაიკეტება.

მერმა ასევე თქვა, რომ 24 და 25 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისში სასაფლაოებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის.

ავტობუსები იმოძრავებს:

  • მეტრო "დიდუბიდან" მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებამდე;
  • მეტროსადგურებიდან, "მარჯანიშვილისა" და "სადგურის მოედნიდან", ძველი და ახალი კუკიის სასაფლაომდე;
  • მეტროსადგურ "დელისიდან" საბურთალოს სასაფლაომდე;
  • მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან" ღრმაღელის სასაფლაომდე;
  • ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაომდე;
  • შუამთის ქუჩიდან და "ვარკეთილის" მეტროსადგურიდან ვარკეთილის სასაფლაომდე.

ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.