ალყაშემორტყმულმა უკრაინელმა სამხედროებმა უარი თქვეს მარიუპოლის ჩაბარებაზე

საბრძოლო მოქმედებების კვალი მარიუპოლის ერთ-ერთი კვარტალში.

უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც მარიუპოლში რუსული ჯარებით არიან გარშემორტყმული, უარი თქვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებაზე, დაეყარათ იარაღი და ჩაბარებულიყვნენ, - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. მისივე თქმით, "ქალაქი ჯერ არ დაცემულა" და " უკრაინის ჯარები კვლავ აკონტროლებენ მარიუპოლის ზოგიერთ ნაწილს."

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანაში მოწყობილ სამალავს აფარებენ თავს. მანამდე სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის არმიის საფორტიფიკაციო ნაგებობებზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, უკრაინის გმირი ვოლოდიმირ ბარანიუკი. კიევს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის ჯარებმა და სეპარატისტებმა ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან" მარიუპოლზე მარტის დასაწყისში მიიტანეს იერიში. ამ დღიდან მიმდინარეობს ქალაქის გაწმენდა, რომელშიც, სხვადასხვა შეფასებით, ერთნახევარიდან სამ ათასამდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად "აზოვის" ბატალიონისა და 36-ე საზღვაო ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებიან. ბრიგადის ნაწილი რამდენიმე დღის წინ ტყვედ ჩაბარდა.

უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მარიუპოლში რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებების შედეგად, შენობების 90%-ზე მეტი განადგურდა. ჯერჯერობით შეუძლებელია მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის გამოთვლა, მაგრამ აშკარაა, რომ საუბარია ათასობით ადამიანზე.