16 აპრილს უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დღეს, 16 აპრილს ცნობილი გახდა რომ ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა ქართველი მეომარი არკადი კასრაძე, მისი თანამებრძოლი ზურა მუშუქია კი მძიმედ დაიჭრა.

"რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ….. დიდება გმირებს", - წერდა ფეისბუკზე მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ კიდევ ორი მებრძოლი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა, დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია დაუდასტურეს და აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია და კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან. ჯერჯერობით მათთვის უცნობია, თუ სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები. დეტალების დაზუსტების შემდეგ დაღუპულებს გადმოასვენებენ.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

მათგან 15 აპრილს, გამთენიისას, ვარშავიდან თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული, 21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი. ისინი ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

დღეს, 16 აპრილს დაკრძალეს დავით მენაბდიშვილი, ხვალ კი ნიკოლოზ შანავას გამოემშვიდობებიან ოჯახის წევრები.

ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს.

მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან მისი ცხედრის გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.