ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის უსაფრთხოების სავარაუდო გარანტი ქვეყნები

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აცხადებს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტ ქვეყნად ყოფნის სურვილი გამოხატეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და თურქეთმა, თუმცა, საბოლოო პასუხი არცერთისგან არ მიუღია.

„საუბრის პირველი წრე ჩვენ გვექნება ხუთეულის ფორმატში (დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი). შემდეგ სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან. მაგრამ სხვებისგან დადასტურება არ მიმიღია. მაგრამ აქ არსებობს რთული საკითხები, რაც ჩვენ გვინდა და რაც მათ შეუძლიათ შემოგვთავაზონ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინმედიასთან შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ ექნება პრობლემა იარაღის მიწოდების ან აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების მხრივ, მაგრამ შეკითხვები იქნება სამხედრო კომპონენტთან დაკავშირებით, რაც უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

ტელეკომპანია CNN-ი, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, შეერთებულმა შტატებმა და მისი მოკავშირეებმა უკრაინას შესთავაზონ უსაფრთხოების ის გარანტიები, რაც მას სურს; მაგრამ ისინი განიხილავენ, თუ რა შეუძლიათ შესთავაზონ უკრაინას იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კურსზე.
გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, გერმანიამ და თურქეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შეუქმნან. დიდმა ბრიტანეთმა აღიარა უკრაინის უსაფრთხოების გარანტად გახდომის შესაძლებლობა, თუმცა გამორიცხა იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ნატოს წევრებს ალიანსის ფარგლებში აქვთ.