აშშ რუსეთის გაფრთხილების პასუხად აცხადებს, რომ „მას ვერაფერი აიძულებს“ უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე

ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნედ პრაისი, აცხადებს, რომ „ვერაფერი აიძულებს“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე. ასე უპასუხა ამერიკელმა დიპლომატმა ტელეკომპანია CNN-ის შეკითხვას, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უკრაინისათვის იარაღის მოწოდების მოსალოდნელი შედეგების თაობაზე რუსეთის მიერ ამერიკის მთავრობისადმი გაგზავნილ გაფრთხილებას.

მანამდე გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინებოდა, რომ რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც მოუწოდებს „აშშ-სა და მის მოკავშირეებს, რომ შეაჩერონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებადი შედეგებით ემუქრება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“. რუსეთმა ასევე გააფრთხილა ვაშინგტონი უკრაინელი ნაციონალისტების ხელში ამ იარაღის მოხვედრის მოსალოდნელი საფრთხის გამო.

ნედ პრაისის თქმით, რუსეთის მხარემ „ზოგიერთი საკითხი პირად საუბარში, ზოგიერთი კი საჯაროდ წამოჭრა, მაგრამ ჩვენ ვერაფერი გვაიძულებს, რომ უარი ვთქვათ იმ სტრატეგიაზე, რომელიც ავირჩიეთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ იგი ვერ დაადასტურებს რაიმე „კერძო დიპლომატიური მიმოწერის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ასევე ნახეთ

პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცემენ კიდევ 800 მილიონის შეიარაღებას


„ვაშინგტონ პოსტის“ ვარაუდით, მოსკოვმა შესაბამისი გაფრთხილების წერილი აშშ-ის ადმინისტრაციას მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ვაშინგტონმა უკრაინისათვის დამატებით კიდევ 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პენტაგონში 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიარაღების ახალი პარტიის მიწოდება უკრაინისათვის დაუყოვნებლივ დაიწყება.

ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს.