არჩევითი საგანი, რეგიონული ენის სტატუსი თუ რამე სხვა - რა ვუყოთ სვანურს და მეგრულს?

როგორ გადავარჩინოთ მეგრული და სვანური და გადავარჩინოთ თუ არა საერთოდ? პრეზიდენტის ინიციატივას, ეს ქართველური ენები, როგორც არჩევითი საგანი, სკოლაში ისწავლებოდეს, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისათვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 14 აპრილს, დედაენის დღეს.

სალომე ზურაბიშვილი

გაქრობის ცხადი საფრთხე

იუნესკოს საფრთხეში მყოფი ენების ატლასში მეგრულსა და სვანურს მინიჭებული აქვთ კატეგორია Definitely endangered (ცხადად გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი), რაც განიმარტება ენად, რომელსაც ბავშვები სახლში, როგორც მშობლიურს აღარ სწავლობენ.

ის, რომ მეგრული და სვანური ენები გაქრობისა პირასაა, პირველად არ თქმულა. ამაზე თავად მეგრელები და სვანებიც ხშირად საუბრობენ. ისტორიკოსი ბუბა კუდავა ამბობს, რომ ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია ამ ენაზე სამი თაობა ლაპარაკობდეს, 25 წლამდე ახალგაზრდები კი მეგრულად და სვანურად თითქმის აღარ საუბრობენ. სუპერმარკეტებში, აფთიაქებსა და მომსახურების დაწესებულებებში პერსონალს ხშირად აფრთხილებენ, მეგრულად ან სვანურად არ ილაპარაკონ. ბუბა კუდავა იმასაც ამბობს, რომ სკოლის მასწავლებლები და დირექტორები მშობლებს მოუწოდებენ, სახლში შვილებს ამ ენებზე არ ელაპარაკონ, რადგან მათი მცდარი წარმოდგენით, ეს ბავშვს ქართულის ათვისებაში შეაფერხებს.

„ჩემს ბავშვობაში ქორწილები და ქელეხები მეგრულად და სვანურად მიჰყავდათ ხოლმე, ახლა ეს ცუდ ტონად მიიჩნევა და ქართულად მიჰყავთ. თუ სახლში არ ისაუბრებენ, მაღაზიაში, ქელეხში, ქორწილში არ ისაუბრებენ, ენა გაქრება. ბევრი ამბობს, ჩემ გარშემო ყველამ იცის მეგრული და სვანურიო. ცოდნაზე არაა, გამოყენებაზეა. არსებობს სტატისტიკა, რომ მსოფლიოში კვირაში საშუალოდ ერთი ენა ქრება. ჩვენ ხომ შეგვიძლია ეს შევაფერხოთ“, - ამბობს ბუბა კუდავა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლები ბავშვებს სვანურსა და მეგრულს აღარ ასწავლიან, არის აქცენტი.

„ბევრი განათლებული ადამიანიც კი ფიქრობს, რომ აქცენტი სამარცხვინოა. ამ დროს ამაში არაფერია დასაძრახი. თანაც, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადამიანმა შეიძლება ენა საერთოდ არ იცოდეს, მაგრამ აქცენტი მაინც დარჩეს“.

უშგული, 2020 წელი.

როგორ შეიძლება მოხვდეს მეგრული და სვანური სასწავლო პროგრამაში?

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია საგნობრივი ჯგუფები, რომელიც სავალდებულო და არჩევით საგნებს აერთიანებს. მაგალითად, სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში ქართული ენა და ლიტერატურა სავალდებულო საგნად შედის, არჩევით საგნებად კი: „ფოლკლორი და მითოლოგია“, „XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა“, „მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენები“.

როგორ შეიძლება, მეგრელი ადამიანი ჩიოდეს, ჩემს ენას მხარდაჭერა სჭირდება, რომ არ დაიკარგოსო და ჩვენ ამას ყურადღება არ მივაქციოთ.
თამარ მოსიაშვილი

როდესაც ვსაუბრობთ მეგრულისა და სვანურის, როგორც არჩევითი საგნის სწავლებაზე, ისინი სწორედ რომელიმე საგნობრივ ჯგუფში უნდა განთავსდეს. რის შემდეგაც მშობლები და მოსწავლეები გადაწყვეტენ, მაგალითად, „XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა“ აირჩიონ თუ სვანური ენა.

ანუ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოსწავლის წინაშე ასეთი არჩევანი დადგება - ისწავლოს ინგლისური ან ისწავლოს მეგრული. ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირში არ არის. უცხო ენა ასევე სავალდებულო საგანია, და იქ არჩევანი ქართველურ და უცხო ენას შორის ვერ იქნება შესაძლებელი.

განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ თუ საგნის სკოლაში შეტანა გადაწყდა, აუცილებელია დაიწეროს საგნის გეგმა, კრიტერიუმები მასწავლებლისთვის, შეიქმნას კურიკულუმი. უნდა გადაწყდეს, ეს ენები რომელ კლასში და რა პერიოდის განმავლობაში ასწავლონ, რას შეიტანენ სახელმძღვანელოებში, რა ცოდნა მოეთხოვება მასწავლებელს და ასე შემდეგ.

„ეს დღეს და ხვალ, ცხადია, ვერ მოხერხდება, მაგრამ სადღაც ორ წელიწადში უკვე შესაძლებელია. რაც მთავარია, საზოგადოებას უნდა აუხსნან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სხვა რეგიონშიც - მაგალითად კახეთში - იცოდნენ უფრო მეტი ამ ენებზე, ვიდრე ახლა იციან. ჩემთვის ეს არის ქვეყნის ერთიანობა. როგორ შეიძლება მეგრელი ადამიანი ჩიოდეს, ჩემს ენას მხარდაჭერა სჭირდება, რომ არ დაიკარგოსო და ჩვენ ამას ყურადღება არ მივაქციოთ, - ამბობს თამარ მოსიაშვილი, - მე მესმის შიშები ჩვენი ქვეყნის ძალიან ცუდი წარსულის გამო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ კუთხეებზე მიდგება საქმე, სამეგრელო ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ფარია. მათ ძალიან ბევრი დარტყმა მიიღეს, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების კუთხით“.

ამავე დროს, მოსიაშვილის თქმით, ქართულ რეალობაში ხშირად სკოლა ამა თუ იმ საგანს იმის მიხედვით ირჩევს, თუ რომელი საგნის მასწავლებელი ჰყავს და რა რესურსი გააჩნია. მომავალშიც შესაძლოა, ერთ სკოლას მეგრულის მასწავლებელი ჰყავდეს, მეორეს - სვანურის.

აირჩევენ კი?

თუ მეგრული და სვანური ენები სკოლის პროგრამაში შევიდა, მოუნდება თუ არა მშობელს ან მოსწავლეს მისი არჩევა? როგორია პასუხი კითხვაზე - „კარგი, ვთქვათ, ვისწავლე, რაში გამოვიყენებ?“

„ახლა, ამ ენების შესწავლას რომ მთავაზობდნენ, რამდენად მენდომებოდა? ჩემი გულწრფელი პასუხი იქნება, რომ ალბათ, არა, ვერ მოვიცლი. მაგრამ სვანეთში, რომელიმე სოფელში რომ ვცხოვრობდე, ვინმე ენის მცოდნეს აუცილებლად მივებარებოდი და იმ გარემოში ვისწავლიდი, - ამბობს ნინი ლომიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, - ჩემი შვილების მამა არის სვანი. ჩემი შვილები თბილისში დაიბადნენ და არ იციან სვანური. მაგრამ ვინც სვანეთში დაიბადა და გაიზარდა, ის ბავშვებიც უკვე ნაკლებად საუბრობენ ამ ენაზე. ამიტომ დაკარგვის საფრთხე ნამდვილად არის, რაღაც ნამდვილად უნდა მოვიფიქროთ. თუმცა, სასკოლო სივრცეში ნაკლებად წარმომიდგენია, შესაძლოა მოხალისეობრივმა ცენტრებმა და მსგავსმა ინიციატივებმა უფრო გაამართლოს“.

ვინც დღეს ფიქრობს, რომ თუ ორი და სამი ენა გაქვს, ესე იგი ერი უკვე აღარ ხარ, ისევ სტალინის პრინციპებით აზროვნებს.
გიგი თევზაძე

ბუბა კუდავა ამბობს, რომ სვანური და მეგრული ენების სკოლაში სწავლება კარდინარულად შეცვლის ამ ენებისადმი დამოკიდებულებას, რომელიც ახლა გარკვეულწილად ირონიულია. თუმცა, როდესაც საქმე არჩევაზე მიდგება, კუდავაც ვარაუდობს, რომ ამ ენების სწავლა შეიძლება მაინც არ აირჩიონ, მათ შორის, სამეგრელოსა და სვანეთშიც კი.

„გამოსავალი არის ის, რომ შესაბამის რეგიონებში ეს ენები სავალდებულო საგნებად გამოცხადდეს. ვიღაცა იტყვის, რატომ ავალდებულებ, იქნებ არ უნდაო. ამ ლოგიკით, ეროვნულ გეგმაში შეტანილი საგნების დიდი ნაწილიც არ უნდა ბევრს. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, აქ სხვადასხვა მოდელი შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, ზოგ ადგილას, სადაც მეგრელების, სვანების კომპაქტური დასახლებებია, არჩევითი იყოს.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, ეს ვერსია უფრო მომწონს, ინტეგრირდეს ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამასთან. იყოს გარკვეული გაკვეთილები, გარკვეული თემები. შესაძლოა მათი მეშვეობით მოსწავლემ სვანურად და მეგრულად გამართული საუბარი ვერ შეძლოს, მაგრამ ეს ენები მისთვის უცხო აღარ იქნება“, - ამბობს ბუბა კუდავა.

სოფელი ნაგვაზავო, მარტვილის რაიონი.

ბუბა კუდავას აზრით, სვანურ და მეგრულ ენებს სჭირდებათ გარკვეული სტატუსი, მაგალითად, რეგიონული ენის სტატუსი, ქართულ ენასთან ერთად, და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ცვლილების გამო ხვალ-ზეგ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჩამოიშლება.

იმავე აზრისაა ილიაუნის პროფესორი გიგი თევზაძეც. მისი თქმით, მიდგომა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ენა უნდა იყოს, სტალინური ეპოქის გადმონაშთია, რადგან სწორედ სტალინმა განსაზღვრა ოთხი კრიტერიუმი, რომლისგანაც ერი შედგება: საერთო ენა, საერთო ეკონომიკური სტრუქტურა, საერთო განწყობა (ეროვნული ხასიათი) და საერთო ტერიტორია.

„დიდი ხანია სოციოლოგები შეთანხმდნენ, რომ ეროვნების განსამარტად და ჩამოსაყალიბებლად ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს. ეს არის იდენტობა. ვინც ეს ბოლოს ჩამოაყალიბა, იყო სტალინი და მანაც ეს საგანგებოდ გააკეთა იმისთვის, რომ ხალხები ერთმანეთისთვის გადაეკიდებინა. მან თქვა, რომ თუ ერთი ენა არა გაქვს, ერი არ ხარ. ვინც დღეს ფიქრობს, რომ თუ ორი და სამი ენა გაქვს, ესე იგი ერი უკვე აღარ ხარ, ისევ სტალინის პრინციპებით აზროვნებს“.

და მაინც, რატომ ენა და არა დიალექტი?

მეგრულიც და სვანურიც მიეკუთვნება ქართველურ ენათა ჯგუფს, აქედან მეგრული ზანურ ენათა ქვეჯგუფში შედის. რაც შეეხება სვანურს, მას ახასიათებს თავისებურებები, რომლებიც არც ქართულსა და არც მეგრულ-ლაზურში არ გვხვდება. სვანური ენის სპეციალისტი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ სვანური არქაული ენაა და ქართულის რეკონსტრუქციის თვალსაზრისით, მან შესაძლოა გადამწყვეტი როლიც შეასრულოს.

ბუბა კუდავა ამბობს, რომ როდესაც თავად ენის მატარებლებს დაეკითხები, ყველაფერი ცხადი ხდება:

„როდესაც კახელი ქართულად საუბრობს, ამბობს, რომ საუბრობს ქართულ ენაზე. ხევსური, რომელსაც მკვეთრად სხვა დიალექტი აქვს, მაინც ამბობს, რომ საუბრობს ქართულ ენაზე. მეგრელი და სვანი მეგრულად და სვანურად რომ ლაპარაკობს, ქართულიაო არ ამბობს“.