ციმბირში გადასახლება ან სიკვდილი - უკრაინელების გზა რუსეთისკენ საფილტრაციო ბანაკების გავლით  

„ბლოკპოსტთან, საიდანაც საევაკუაციო ავტობუსები გადიოდნენ რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ, ადამიანები საკუთარი ოჯახის წევრებს ეძებდნენ. თავისუფლად მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ, როცა საქართველოს საზღვარი გადმოვლახეთ. ძლივს ვიგრძენით თავი უსაფრთხოდ”, - იხსენებენ მარიუპოლიდან გამოსვლას ვადიმი და სვეტა. ისინი იმ ათასობით ადამიანს შორის აღმოჩნდნენ, ვინც იძულებული გახდა უკრაინაში ომს რუსული ჰუმანიტარული დერეფნებით გამოქცეოდა.

ვადიმი და სვეტა ახლა თბილისში არიან. მარიუპოლის დატოვების შემდეგ ცოლ-ქმარი ავტობუსით რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასში გადაიყვანეს. ათასობით ხიზანი ღამის გასათევად სამსართულიანი სკოლის შენობაში მიიყვანეს. დაურიგეს მწირი საკვებიც. პარალელურად რუსი სამხედროები უმოწმებდნენ საბუთებს, მობილურ ტელეფონებს, ეკითხებოდნენ უკრაინაში დარჩენილი კონტაქტების შესახებ და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებდნენ. ვადიმმა და სვეტამ ამ შენობიდან თავი 3 დღის შემდეგ დაიხსნეს, ისინი დონბასის ბინადრობის მოწმობებმა გადაარჩინა. დონბასში მანამ ცხოვრობდნენ, სანამ ამ ტერიტორიაზე კონტროლს რუსეთი დაამყარებდა. ვადიმი და სვეტა დეტალურად არ ჰყვებიან გზაზე, რომელიც საფილტრაციო ბანაკიდან ლარსის გამშვებ პუნქტამდე გამოიარეს, თუმცა ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი გაჩერება როსტოვი იყო და სანამ იქიდან ავტობუსით საქართველოში არ შემოვიდნენ, სულ ჰქონდათ შიში, რომ უსაფრთხო ადგილამდე ვერ მიაღწევდნენ.

მარიუპოლი, 12 აპრილი. ფოტო გადაღებულია რუსი სამხედროების მიერ ორგანიზებულ ტურზე ჟურნალისტებისთვის; ქალაქი თვეზე მეტია წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, მობილური კავშირის და საკვების მარაგების გარეშეა დარჩენილი

18 მარტს, უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპირებულ ან ალყაშემორტყმულ ქალაქებში მყოფ მოსახლეობას აფრთხილებდა რუსული ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელ განსაცდელსა და უბედურებაზე.

„არსებობს ორი ტიპის ჰუმანიტარული დერეფანი: ერთი ორგანიზებულია უკრაინის მთავრობის მიერ, მეორეს აორგანიზებს რუსეთის მთავრობა. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინელები, რომლებიც ევაკუაციისთვის რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარულ დერეფნებს იყენებენ, მძიმე შემოწმებას გადიან ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში, რომელიც შექმნილია საბჭოთა კავშირის დროს "ენკავედეს" ბანაკების ანალოგიით. აქ ადამიანებს ამცირებენ, ავიწროებენ, აწამებენ”, - ამბობდა დმიტრი გორდონი თითქმის ერთი თვის წინ გავრცელებულ ვიდეოში.

ამ დროს ხშირი იყო შემთხვევები, როცა რუსეთი უკრაინის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარულ დერეფნებს ცეცხლს უხსნიდა და „ალტერნატივად” სთავაზობდა „უსაფრთხო” ევაკუაციას რუსეთის ან ბელარუსის მიმართულებით. რუსეთმა უკრაინის 4 ქალაქიდან ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის შესახებ ოფიციალური განცხადება პირველად 7 მარტს გააკეთა. კიევის, ხარკოვის, სუმისა და მარიუპოლისთვის ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით კიევში მყოფებს ბელარუსში და იქიდან რუსეთში გამგზავრებას, მარიუპოლის, ხარკოვისა და სუმის ბინადრებს კი ტაგანროგსა და ბელგოროდში გადასვლას სთავაზობდნენ.

ასევე ნახეთ კიევის ოლქის ჰუმანიტარულ დერეფანში რუსებმა 7 ადამიანი მოკლეს, მათგან 1 ბავშვია

24 მარტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ათასობით ადამიანს ასახლებს რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, ეკონომიკურად ყველაზე „დეპრესიულ“ ადგილებში, სადაც სთავაზობენ დასაქმებას და საბუთებს იმ პირობით, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში რუსეთის დატოვების უფლება არ ექნებათ. უკრაინული დაზვერვა ასახელებდა კონკრეტულ ადგილებსაც: მათი ინფორმაციით, დეპორტირებულთა ნაწილი სახალინის კუნძულზეა გადასახლებული, საფილტრაციო ბანაკი კი მოქმედებს დონეცკის ოლქში, დოკუჩაევსკაში. ამ ბანაკში „ეფესბეს” ოფიცრები „მუშაობენ” ხალხთან იმისათვის, რომ იპოვონ უკრაინელი სამხედროები და შეიარაღებული ძალების მონაწილეები, ართმევენ მოქალაქეებს საბუთებს და აგზავნიან მათ როსტოვისა და კრასნოდარის მიმართულებით.

ბოროდიანკა, 6 აპრილი

29 მარტს, აქტივისტების პლატფორმაზე Activatica.org გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც არაიდენტიფიცირებადი ადამიანი შეცვლილი ხმით ჰყვებოდა საფილტრაციო ბანაკის გამოცდილებას. როგორ წამოვიდა მარიუპოლიდან ოჯახთან ერთად რამდენიმე კვირის წინ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში და შემდეგ რუსეთში.

„დონეცკის რესპუბლიკაში” ამ დროისთვის მოქმედებს “საფილტრაციო ბანაკი” - ამ სახელს იყენებენ თავად რუსი სამხედროები. რა არის “საფილტრაციო ბანაკი?” - ეს არის ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცები იღებენ შენი თითის ანაბეჭდებს, გიღებენ ფოტოებს შენ შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განსათავსებლად, იწერენ ინფორმაციას შენი მობილური ტელეფონიდან. ისინი არ გეუბნებიან, სად წაგიყვანენ აქედან და გექცევიან ისე, როგორც ტყვეებს. არ შეგიძლია იმ ავტობუსის დატოვება, რომლითაც მგზავრობ, რუსეთის საზღვართან კი გხვდებიან “ეფესბეს“ თანამშრომლები, რომლებიც გიწყობენ დაკითხვას”, - ჰყვება ამ ვიდეოს გმირი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 26 მარტს საფილტრაციო ბანაკებზე საუბრისას თქვა, რომ ადამიანების დახარისხება „სანდოებად” და „არასანდოებად” იგივეა, რასაც ნაცისტური რეჟიმი აკეთებდა. ის ფიქრობს, რომ საფილტრაციო ბანაკები უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მოწმეების თავიდან მოშორებას, რუსების წინააღმდეგ მებრძოლებისა და მათთან დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებას და დასჯას ისახავს მიზნად. სხვა ცნობებით, "საფილტრაციო ბანაკებსა" და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უკრაინიდან ევაკუირებულ მოსახლეობას უმოწმებენ ტატუებს და სიმბოლიკასაც კი. პრორუსი ექსპერტები ამგვარი შემოწმების ნორმების არსებობას ადასტურებენ მაგრამ თვლიან, რომ ეს რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება.

მარიუპოლიდან რუსეთში ევაკუირებული ვალენტინა ბოლოცკიხი მას შემდეგ, რაც რუსეთში დევნილის სტატუსის მიღებაზე უარი თქვა და ესტონეთში ჩავიდა ოჯახთან ერთად, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მათი ტელეფონებს ყველა გამშვებ პუნტქზე ამოწმებდნენ იმისათვის, რომ არ ჰქონოდა არც ერთი ფოტო ან ვიდეო დაბომბილი ქალაქიდან, არანაირი მტკიცებულება ან დოკუმენტური მასალა მარიუპოლში მომხდარი ომის შესახებ.

რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციაზე საუბრობდა ახალგაზრდა ქალი, მარიანა ვიშემირსკაია 2 აპრილს კრემლისტური მედიების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოინტერვიუში. ის მედიის ყურადღების ცენტრში მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვისას გადაღებული ფოტოთი მოექცა. ვიდეოში კი, რომელიც მარიუპოლიდან ევაკუაციის შემდეგ არის ჩაწერილი, ჩანს, რომ გადამღები ჯგუფი მისგან ითხოვს 9 მარტს მარიუპოლის სამშობიარო სახლის საჰაერო დაბომბვის ფაქტის უარყოფას. მარიანა ვიშემირსკაია ერთადერთი არ არის, რომელსაც რუსეთი პროპაგანდის მიზნებისთვის იყენებს: youtube-ზე არაერთი ვიდეო იძებნება, სადაც ძირითადად მარიუპოლიდან რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეები ყვებიან ამბებს "აზოვის ბატალიონის" სისასტიკისა და რუსეთის არმიის მხრიდან გაწეული დახმარების შესახებ, საუბრობენ იმაზე, როგორ დატოვა უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეები უყურადღებოდ და აჩვენებენ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ იღებენ ქალები და ბავშვები პროდუქტებს რუსული სამხედრო მანქანებიდან.

ასევე ნახეთ ახალგაზრდა დედა მარიუპოლიდან სავარაუდოდ რუსების ტყვეობაშია და მას პროპაგანდისთვის იყენებენ

მარიუპოლის საკრებულო ჯერ კიდევ 29 მარტს, ტელეგრამის ოფიციალური არხით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქალაქის მე-2 სამშობიარო სახლის პაციენტები და ექიმები იძულებით დეპორტაციას დაექვემდებარნენ და 70-ზე მეტი ადამიანი საფილტრაციო ბანაკებში გააგზავნეს.

ამ დროისთვის მარიუპოლიდან რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 000-მდე ადამიანი იყო იძულებით დეპორტირებული. 8 აპრილს მარიუპოლის მერმა თქვა, რომ ამ ქალაქიდან უკვე 30 000-ზე მეტი ადამიანია იძულებით გადაყვანილი დონეცკში და რომ მათ საფილტრაციო ბანაკების გავლით ანაწილებენ ტომსკში, ტამბოვში, ასტრახანსა და რუსეთის სხვა ქალაქებში.

„დღევანდელი მდგომარეობით, 500 000 უკრაინელი იძულებით არის დეპორტირებული. წარმოიდგინეთ, ეს რამდენია. ეს იგივეა, ოკუპანტებს რომ ტალინის მოსახლეობა გაესახლებინათ იძულებით. მთელი ქალაქი! ეს თქვენი მოსახლეობის ერთი მესამედია”, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეების იძულებით რუსეთსა და მის კონტროლირებად ტერიტორიებზე გაყვანის შესახებ ეს განცხადება ესტონეთის პარლამენტში ვიდეოჩართვისას გააკეთა 13 აპრილს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დეპორტირებული უკრაინელების გადაყვანას ქვეყნის შორეულ რეგიონებში, ბავშვებს მშობლებს აშორებენ, ზრდასრულებს კი ართმევენ საბუთებს, პირად ნივთებს, მათ შორის, მობილურ ტელეფონებს.

„მხოლოდ 13 აპრილს მარიუპოლიდან ოკუპანტებმა გაიყვანეს 447 მოქალაქე, მათ შორის, 69 ბავშვი “დახმარების პუნქტებში”, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “საფილტრაციო ბანაკებში”, - ეს უკრაინის სახალხო დამცველის, ლიუდმილა დენისოვას 14 აპრილს გავრცელებული ინფორმაციაა. დენისოვა ამბობს, რომ მათ იპოვეს ამ ფაქტების მტკიცებულებები ოკუპანტების მიერ მარიუპოლის ევაკუაციის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებში. ამავე დღეს დენისოვა წერდა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანილია 150 ბავშვი. მათ, ვინც უკრაინულად ლაპარაკობს, აიძულებენ ისწავლონ რუსული ენა. უკრაინის სახალხო დამცველის ბოლო ცნობებით, უკრაინიდან რუსეთში 700 000-მდე ადამიანია გადაყვანილი, მათგან 150 000 ბავშვი.

უკრაინელი ბავშვების მიმართ რუსეთში გადაყვანის შემდეგ სასტიკ მოპყრობაზე, მათ შორის, რუსული ენის სწავლების დაძალებაზე განცხადება 13 აპრილს სახელმწიფო ენის დაცვის კომისარმა, ტარას კრემინმაც გაავრცელა.

„მათ სურთ ჩვენი ბავშვების სრული რუსიფიკაცია. არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს ცალკე კოლონიები ჩვენი გოგონებისა და ბიჭებისთვის, სადაც მათ შეიძლება ამცირებდნენ და აწამებდნენ. ეს უპრეცედენტო დანაშაულია უკრაინელი ბავშვების მიმართ. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რანაირი “სკოლები” შეიძლება იყოს იქ და რა გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი ბავშვები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ბავშვების რუსების ტყვეობისა და მონობისგან გასათავისუფლებლად”, - ნათქვამია ტარას კრემინის განცხადებაში.

რუსეთსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იძულებით დეპორტირებულების შესახებ წერს ეუთოც 13 აპრილს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია დეპორტაციის ფაქტებზე საუბრისას უკრაინის ომბუდსმენს ეყრდნობა და ამბობს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიაზე ევაკუაცია იძულებითად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა საომარი მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა რუსული ჰუმანიტარული დერეფნები იყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ოკუპანტის ქვეყანაში დეპორტაცია ჟენევის კონვენციის დარღვევა და ომის დანაშაულია.

12 მარტს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა გამოსცა სამთავრობო დადგენილება, რომელიც უკრაინიდან ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გაგზავნილი მოსახლეობის განაწილების პროცესს არეგულირებს. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინიდან მიღებული 95 909 ადამიანიდან არცერთს არ განათავსებს დიდ ქალაქებში: მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სევასტოპოლში. დევნილების ნაწილი ჩრდილო-კავკასიაში, მათ შორის, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში განაწილდება, 11 568 ადამიანი წავა ციმბირში, 7 318 კი - შორეულ აღმოსავლეთში.