პუტინი „ბირთვული ცდუნების“ ზღვარზე?

ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები წლებია ლაპარაკობენ ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებსა და შესაძლებლობაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პუტინმა ვრცლად და სერიოზულად ისაუბრა ამის შესახებ, მომდევნო წლებში კი შოკის მომგვრელად იხუმრა ბირთვულ ომში დაღუპულთა შორის განსხვავებაზე - ისინი ამოწყდებიან, ჩვენ კი სამოთხეში მოვხვდებითო. რუსეთის ხელისუფლება ბირთვული საფრთხის განეიტრალების შესახებ ლაპარაკობდა უკრაინაში შეჭრის წინ და ახლაც, როცა ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ჰელსინკისა და სტოკჰოლმს რეგიონში ბირთვული იარაღის განთავსებით დაემუქრა.

ბირთვული იარაღის ხშირი ხსენება და უკრაინის ტერიტორიაზე კონვენციურ ომში განცდილი წარუმატებლობა ხომ არ ზრდის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს?

აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს პრაქტიკული მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვი რეალურად გეგმავს ასეთი უკიდურესი ზომების მიღებას, რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ან დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არ უნდა იქნეს აღქმული არასერიოზულად.

CIA-ს დირექტორმა 14 აპრილს ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლისას ისაუბრა პუტინის "შესაძლო უგუნურებასა" და წარუმატებლობაზე, რომლის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს და კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

უილიამ ბერნსი

„ამ მიზეზების გამო, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია არასერიოზულად აღიქვას ტაქტიკური ან დაბალი სარგებლობის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების საფრთხე, თუმცა, მიუხედავად კრემლის რიტორიკული განცხადებებისა მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, ჩვენ არ გვინახავს ჯარების გაშლის ან განლაგების შეცვლის ისეთი პრაქტიკული მტკიცებულება, რამაც შეიძლება გააძლიეროს ეს შეშფოთება“, - დასძინა CIA-ს ხელმძღვანელმა, რომელიც 2005-2008 წლებში რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

რუსეთი ბირთვული იარაღის განთავსებით დაემუქრება ფინეთსა და შვედეთს, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს.

„მოგვიწევს საზღვრების გამაგრება. სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო თავდაცვის დაჯგუფების სერიოზული გააძლიერება და ფინეთის ყურეში მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ძალების განთავსება. არანაირ ბალტიის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი აღარ იქნება - ბალანსი უნდა აღდგეს“, - დაწერა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის მოადგილეა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში.

დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის საზღვარი დაახლოებით 1200 კმ-ია, თუმცა საზღვარის სიგრძე შეიძლება გაორმაგდეს, თუკი ორგანიზაციას შეუერთდებიან ფინეთი და შვედეთი.

რუსეთის მუქარას სამხედრო სფეროს ექსპერტებმა „უცნაური უწოდეს“ იმის გამო, რომ რუსული ბირთვული რაკეტები ისედაც განლაგებულია რეგიონში, კალინინგრადის ანკლავში. სწორედ ამ გარემოებაზე მიანიშნა შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კარლ ბილდტმა, როცა ტვიტერზე დაწერა:

„ნატოში გაწევრიანების მოსურნე შვედეთისა და ფინეთის დასაფრთხობად, დმიტრი მედვედევი საუბრობს ბალტიისპირეთში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რაც საკმაოდ ფუჭი მუქარაა, რადგან რუსეთმა ეს უკვე გააკეთა“.

კარლ ბილდტი

„ამერკის ხმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გერმანიის მარშალის ფონდის ექსპერტმა ჯონათან კაცმა (Jonathan Katz) აღნიშნა, რომ კრემლის მუქარა ახალი არ არის და, რომ სწორედ მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა უბიძგებს ქვეყნებს უარი თქვან ნეიტრალურ სტატუსზე:

„ეს საფრთხეები უბიძგებს შვედეთსა და ფინეთს უახლოეს კვირებსა და თვეებში ალიანსში გაწევრიანებისკენ. ამიტომ, თუ კრემლის გეგმა არის ამ ქვეყნების დაშინება ან შანტაჟი, მაშინ ეს გეგმა ჩაიშალა. ვფიქრობ, დასავლეთში ესმით, რომ ნაკლებსავარაუდოა კრემლმა შეაჩეროს ომი ან აგრესიული ქმედებები უკრაინაში. ამიტომაც ვხედავთ, რომ ფინეთსა და შვედეთში ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის დონე გაიზარდა“.

აშშ-ში მცხოვრები რუსი პოლიტოლოგი, ანდრეი პიონტკოვსკი კი ამბობს, რომ პუტინი წლებია არწმუნებს მსოფლიოს, რომ მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ხოლო უკრაინაში განცდილი წარუმატებლობა და დამარცხების შესაძლებლობა, პოლიტოლოგის ვარაუდით, პირდაპირ ამისკენ უბიძგებს რუსეთის ლიდერს, რადგან:

„პუტინს არ შეუძლია ომის წაგება. ეს ნიშნავს მის როგორც პოლიტიკურ, ასევე, ძალიან მოკლე ხანში, ფიზიკურ სიკვდილსაც. რუსეთის ვერცერთმა მეფემ ვერ შეინარჩუნა ტახტი სამხედრო მარცხის შემდეგ. ამით განსხვავდება პუტინი თავისი გარემოცვისგან. გარემოცვა თანახმა იქნებოდა მოვლენების ამგვარი განვითარებისა: ჯარები დაუბრუნდნენ 23 თებერვლის პოზიციებს, ხალხს კი მიჰყიდონ რაღაც მთიური გამარჯვება, მაგრამ, ვიმეორებ, პუტინისთვის ეს იქნება დამარცხების და ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასი. ამიტომ ეს ადამიანი წავა ბოლომდე“.

ანდრეი პიონტკოვსკი „ბოლომდე წასვლაში“ დაბალი მუხტის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას გულისხმობს:

ანდრეი პიონტკოვსკი

„პუტინი 10 წელია დაკავებულია ბირთვული შანტაჟით, რომლის მიზანია დასავლეთზე გამარჯვება, მაგრამ ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად, ცივილიზაციურად და კონვენციური შეიარაღებითაც კი ჩამორჩენილმა ქვეყანამ დაამარცხოს ყველაფერში ბევრად აღმატებული დასავლეთი, მით უფრო, რომ ყველამ ნახა, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაშია რუსეთის კონვენციური შეიარაღება და არამია? ცა რომ ჩაეკეტათ, უკრაინელები მოსკოვამდე გარეკავდნენ მომხვდურებს. რუსეთს არაფერი აქვს დასავლეთთან დასაპირისპირებლად გარდა ბირთვული იარაღით მუქარისა, მაგრამ ბირთვული იარაღი აქვს აშშ-საც. და რაში მდგომარეობს რუსეთის უპირატესობა პუტინის აზრით? იმაში, რომ პუტინი მზად არის გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. როცა გამოიკვეთება რუსეთის მარცხი კონვენციურ ომში, პუტინი დააყენებს ულტიმატუმს: ან უკან იხევთ და კაპიტულაციას აცხადებთ, ან ვუტევ ტაქტიკური ბირთვული იარაღით ევროპის რომელიმე ქალაქს. პუტინი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ დასავლეთი შეძრწუნდება და უკან დაიხევს. ეს არის მისი ომის გეგმა... უკრაინას რომ დავუბრუნდეთ. თუ ვიხილავთ მასიურ კონტრშეტევას და პუტინის ავანტიურის დასასრულის კონტურებს, პუტინი შეეცდება ასწიოს დაძაბულობის მუხტი, მაგალითად, უკრაიანისკენ მიმავალი შეიარაღების დაბომბვით პოლონეთის ტერიტორიაზე. ნატოს არ სურს, მაგრამ მოუწევს რამენაირად უპასუხოს და სწორედ გამოხტება პუტინი თავისი ბირთვული ულტიმატუმით, როგორც ბოლო იმედით“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ვარაუდით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ცდუნებამ კიდევ უფრო მოიმატა რუსეთის საზღვაო ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ.

„ბიჭს [პუტინს] ცუდად წაუვიდა საქმე და ახლა ალბათ ძალიან უნდა სადმე რამე ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბუთქოს. ყოველ შემთხვევაში, ამის საშიშროება არსებობს. ხედავს უკვე, როგორ ილანდება დამარცხება, რადგან „მოსკვას“ ჩაძირვა არის უზარმაზარი მნიშვნელობის სიმბოლური მოვლენა, რომელსაც შეუძლია პუტინის ძველბიჭური თავდაჯერებულობისგან არაფერი დატოვოს. როგორც პროფაილინგის მასწავლებელს, იმის მიხედვით, როგორ უთამაშებდა ფეხები აეროდრომ „ვოსტოჩნიში“, როგორ აცეცებდა ხელებს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან, ძაალიან შეშფოთებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ქცევა, ადამიანისა, რომელსაც აქვს დიდი შინაგანი კონფლიქტი. ასეთ დროს დიდია ცდუნება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისა, მაგრამ თუ ბუთქავს, სავარაუდოდ, ბუთქავენ პასუხადაც და საქმეში ჩაერთვებიან ისეთი ძალები, რომლებსაც ვერ გაუმკლავდება ვლადიმირ ვლადიმირის ძე. ყველა ქვეყანა მიხვდება, რომ საქმე აქვთ მანიაკთან, რომელიც არაფრის წინაშე არ იხევს უკან. პირველ რიგში მიმართავენ ჩინეთს, რომელსაც, ცხადია, არ მოეწონება სამყაროს ბირთვული საფლავის წინაშე დაყენება. ჩინეთს არ მოეწონება და დაიწყებს ღილაკებზე თითის დაჭერას. ჩინეთი დასავლეთი არ არის. დასავლეთთან კიდევ იბრძოლებდა პუტინი გმირულად, მაგრამ ჩინეთთან? პუტინს ასევე მოუწევს არჩევანის გაკეთება, დაარტყას თუ არა ჩინეთს. არ მგონია, იმდენად მანიაკი იყოს, რომ ჩინეთსაც დაარტყას. ვფიქრობ, ჩინეთი და დასავლეთი ერთად შეძლებენ საჭირო ბერკეტების გამონახვას. სი ძინპინმა თქვა, რომ მას ეს ომი არ სჭირდება. მით უფრო არ სჭირდება ბირთვული ომი. ჩინეთი დახურავს ამ საკითხს“, - თქვა ოლექსი არესტოვიჩმა იუტუბზე ФЕЙГИН LIVE-ის ეთერში.

ოლექსი არესტოვიჩი

თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების აზრით, ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობა რთული, მრავალგანზომილებიანი საკითხია. ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მაღალი ტემპით იზრდება: ჩინეთში ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ვაჭრობის მოცულობამ 26,43 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,5%-ით მეტია. ამასთან, ზრდა მოდის ორივე მხარეზე: რუსული ექსპორტი ჩინეთში გაიზარდა 35,8%-ით, ხოლო იმპორტი ჩინეთიდან - 41,5%-ით.

ჩინეთი ასევე ხეირობს იმითაც, რომ რუბლი იუანთან მიმართებით ეცემა (წლის დასაწყისიდან ვარდნამ 37% შეადგინა), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის უფრო მომგებიანი ხდება რუსეთში შესყიდვები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპამ გადაწყვიტა უარი ეთქვა რუსული ნახშირის იმპორტზე: Bloomberg-ის ცნობით, მარტში რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ იყიდა რუსული ქვანახშირი იუანში. რუსეთი ასევე არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი ჩინეთისთვის.

თუმცა, ჩინეთი იმასაც აცხადებს, რომ არ აპირებს მიზანმიმართულად გვერდი აუაროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ აშშ-ის სანქციებს, მაგრამ, არც იმას მალავს, რომ უარყოფითად არის განწყობილი სანქციების პოლიტიკის მიმართ.

ძნელი სათქმელია, იძლევა თუ არ ოპტიმიზმის საფუძველს ჩინეთის პოზიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. გერმანიის მარშალის ფონდის მიერ მოწყობილ „მრგვალ მაგიდაში“ ორგანიზაცია „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ ექსპერტმა ბრეტ შაფერმა (Bret Schafer) განაცხადა, რომ ომის მსვლელობისას ჩინეთი ფაქტობრივად იზიარებს რუსეთის ხედვას, მაგრამ, „ამავდროულად, ჩინეთმა არ გაიმეორა, მაგალითად, რუსული პროპაგანდის განცხადებები, რომ ბუჩაში მომხდარი დანაშაული დადგმულია. თუმცა, ჩინეთს არც გაუკრიტიკებია რუსეთი ამ ქმედებებისთვის, შემოიფარგლნენ მხოლოდ განცხადებებით, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ... მაგრამ ჩინეთის სახელმწიფო მედია იზიარებს იმავე ნარატივს, რითაც გაჯერებულია რუსული პროკრემლური მედია. ისინი ასევე იყენებენ „მოლაპარაკე თავებს“, რომლებიც ჩნდებოდნენ ექსპერტებად RT-სა და Sputnik-ზე“.

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი, 2022 წ. 4 თებერვალი, პეკინი

არსებობს თუ არა რამე „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში რუსეთი დაკარგავს ჩინეთის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ ომში?

ბრეტ შაფერს მიაჩნია, რომ ბუჩის ტრაგედიის შემთხვევაში ჩინეთმა უკვე აჩვენა, რომ არ არის მზად, რუსეთის კვალად გაიმეოროს დასავლეთის მიმართ ყველა ბრალდება:

„ალბათ, ასეთი „წითელი ხაზი“ შეიძლება იყოს, მაგალითად, ქიმიური იარაღის გამოყენება - ამ შემთხვევაში, ჩინეთი უბრალოდ იძულებული იქნება გააკეთოს რაიმე სახის განცხადება. თუმცა, საკითხი, როგორ მოიქცევა ჩინეთი, თუ რუსეთი გადალახავს რამე მნიშვნელოვან ეტაპს, ღია რჩება: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთი მზად არის გადავიდეს ბარიკადის მეორე მხარეს და რუსეთის დადანაშაულება დაიწყოს, თუმცა ეს მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს“.

პუტინის და სხვათა ბირთვული კუნთები

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი რობერტ გეითსი ამბობს, რომ ჯერჯერობით რუსეთის ბირთვული წყალქვეშა ნავები კვლავინდებურად რჩებიან თავიანთ პორტებში, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები კი არ დაფრინავენ პლანეტის თავზე.

„ასევე ვერ ვხედავთ, რომ გადაადგილდებიან მობილური სარაკეტო კომპლექსები და ა.შ. ჩემი აზრით, განცხადებები კეთდება პუბლიკისთვის, შესაძლოა ნატოს გასაფრთხილებლად, რომ არ ჩაერიოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში“, - განაცხადა რობერტ გეითსმა.

რობერტ გეიტსი

ვლადიმირ პუტინმა მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრით ჯერ კიდევ 2018 წელს, მორიგი საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაზაფრა, როცა ვლადიმირ სოლოვიოვის პროპაგანდისტულ ფილმში „მსოფლიო წესრიგი 2018“ დეტალურად ილაპარაკა, რა შემთხვევაში დააჭერდა თითს ბირთვულ ღილაკს:

„ბირთვული იარღის გამოყენების ჩვენი გეგმები, იმედი მაქვს, რომ ეს არასდროს მოხდება, გულისხმობს ე.წ. საპასუხო დარტყმას. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა არა მხოლოდ დააფიქსირებს რაკეტების გაშვებას, არამედ განსაზღვრავს ზუსტ პროგნოზს, ფრენის ტრაექტორიას და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქობინების სათავო ნაწილების ვარდნის დროს. ამას ჰქვია „საპასუხო დარტყმა“, ანუ თუ ვინმე გადაწყვეტს რუსეთის განადგურებას, მაშინ ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, ვუპასუხოთ. დიახ, კაცობრიობისთვის ეს იქნება გლობალური კატასტროფა, მსოფლიოსთვის იქნება გლობალური კატასტროფა, მაგრამ მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, მსურს, საკუთარ თავს დავუსვა კითხვა: „რაში გვჭირდება ისეთი სამყარო, სადაც რუსეთი არ იქნება?“

ვლადიმირ პუტინი

თუმცა ამ განცხადების მთავარი გზავნილი მაინც ის იყო, რომ მსოფლიომ შეიტყო: პუტინი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი არაჰიპოთეტურად. ეს ვარაუდი კიდევ ერთხელ გამყარდა, მათ შორის, ბირთვულ ომში დაღუპულთა დიფერენცირებაზე მოყოლილი ანეკდოტით, რომ რუსეთის მტრები უბრალოდ ამოწყდებოდნენ, რუსები კი სამოთხეში მოხვდებოდნენ. ფილმის ეთერში გაშვების შემდეგ, რომელიღაც რუსმა ბლოგერმა ენამოსწრებულად იხუმრა: „ჩვენთან არს ღმერთი და ბომბი“, თუმცა, როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ (BBC) და ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციამ (FAS) იანგარიშეს, ბომბი სხვა ერებსა და ქვეყნებთანაც არს, რაც განაპირობებს კიდეც შეკავების მოქმედი მექანიზმის ეფექტიანობას: 1945 წლის შემდეგ ბრძოლის ველზე არ ყოფილა გამოყენებული არც ატომური და არც ბირთვული ბომბი.

სარაკეტო სისტემა 9M729 რაკეტით (ნატოს კლასიფიკაციით SSC-8)

FAS-ის მონაცემებით, რუსეთს აქვს 5977 ბირთვული ქობინი, თუმცა, ამ რიცხვში შედის დაახლოებით 1500-მდე ჩამოწერილი და უტილიზაციისათვის გამზადებული ქობინიც. დარჩენილი 4500-დან, უმეტესობა განიხილება სტრატეგიულ ბირთვულ იარაღად, ანუ ბალისტიკურ რაკეტებად, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა დიდ დისტანციებზე. სწორედ ეს იარაღი ითვლება ბირთვული ომის იარაღად.

რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ქობინები:

  • საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები: 1185
  • წყალქვეშა ნავების შეიარაღებაზე არსებული ბალისტიკური რაკეტები: 800
  • სტრატეგიული ბომბდამშენების შეიარაღებაზე არსებული რაკეტები: 580

დანარჩენი არის ნაკლებად დამანგრეველი ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს გამოსაყენებლად მზად აქვს 4500-ივე ბომბი. ექსპერტების აზრით, დაახლოებით 1500 რუსული ბირთვული ქობინი უბრალოდ განთავსებულია ბაზებზე, აეროდრომებსა თუ წყალქვეშა ნავებზე.

სხვა ქვეყნების ბირთვული ქობინების რაოდენობა:

  • აშშ - 4428
  • საფრანგეთი - 290
  • დიდი ბრიტანეთი - 225
  • ჩინეთი - 350
  • პაკისტანი - 165
  • ინდოეთი - 160
  • ისრაელი - 90
  • ჩრდილოეთ კორეა - 20

ამერიკული რუკა სხვადასხვა ტიპის იმ საბჭოთა ბირთვული რაკეტების დიაპაზონის შესახებ, რომელთა განლაგებასაც მოსკოვი გეგმავდა კუბაში. ეს გარემოება გახდა მიზეზი 1962 წელს „კარიბის კრიზისისა“, რომელმაც მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანა.

რამდენად დამანგრეველია ბირთვული იარაღი?

ბირთვული იარაღის მთავარი ამოცანაა მაქსიმალური ზიანის მიყენება. ბირთვული იარაღის ძალა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის:

  • ქობინის ზომაზე
  • სიმაღლეზე, სადაც ეს ქობინი ფეთქდება
  • რელიეფის მახასიათებლებზე

100 კილოტონის სიმძლავრის ბირთვული მუხტის მოქმედების ზონები:

  • 1,8 კმ-მდე - ტოტალური ნგრევა
  • 3 კმ-მდე - ძლიერი ნგრევა
  • 5 კმ-მდე - სარიოზული ნგრევა
  • 8 კმ-მდე - ნგრევა

ბირთვულ აფეთქებას ახლავს:

  • სინათლის გამოსხივება - ანადგურებს შენობებსა და ცოცხალ არსებებს
  • დარტყმითი ტალღა - ანგრევს შენობებს, კლავს და ასახიჩრებს ადამიანებს
  • რადიაცია - კლავს ან იწვევს სხივურ დაავადებას
  • ელექტრომაგნიტური იმპულსი - მწყობრიდან გამოჰყავს ელექტრონიკა რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე
  • რადიოაქტიური ნალექი - რადიოაქტიური მტვერი და ნამსხვრევები, რომლებიც ვარდნას იწყებენ მიწაზე დაახლოებთი 15 წუთის შემდეგ, იწვევს მძიმე დაავადებებს

ბირთვული აფეთქება, კოლაჟი

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჰიროშიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე იყო „მხოლოდ“ 15 კილოტონა, მაგრამ დაიღუპა 146 ათასი ადამიანი.

თანამედროვე ბირთვული ქობინის სიმძლავრე შეიძლება აღემატებოდეს 1000 კილოტონას. ასეთი ქობინის აფეთქების უშუალო ზონაში პრაქტიკულად არაფერი რჩება. დამაბრმავებელი ნათების შემდეგ წარმოიქმნება გიგანტური ცეცხლოვანი ბურთი (ძალიან მაღალი ინტენსივობის სინათლის გამოსხივება) და დარტყმითი ტალღა, რომლებიც ჯამში ანადგურებს ყველა შენობას რამდენიმე კილომეტრის რადიუსში.