თბილისის საკრებულო საპატრიარქოს პარკირებისთვის მიწას გადასცემს

ფოტო არქივიდან, ქუჩების კურთხევის პროცესი

თბილისის საკრებულომ გაითვალისწინა საქართველოს საპატრიარქოს წერილი და სოფელ დიღომში ეკლესიასთან პარკირებისთვის 244 კვადრატული მეტრი მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა. საპატრიარქოს მხოლოდ 1 ლარის გადახდა მოუწევს. ეკლესია სოფელ დიღომში, აღმაშენებლის #45-ში მდებარეობს.

საპატრიარქოს წერილი თბილისის მერიას

"გთხოვთ, ზემოხსენებული მიზნით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად (საფასურის გადახდა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში) საკუთრებაში გადმოსცეთ აღნიშნული ფართი", - წერდა თბილისის მერიას პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი.

livo.ge-ში, რომელიც ქვეყანაში უძრავი ქონების ფასებს სწავლობს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სოფელ დიღომში, ზუსტად ამ ქუჩაზე მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრი დაახლოებით 200 დოლარი ღირს. აღმაშენებლის #45-ში მდებარე მიწის ამ ფასად გაყიდვის შემთხვევაში, ბიუჯეტი დაახლოებით 48800 დოლარს მიიღებდა შემოსავალს.

იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო ამ ერთ ლარს არ გადაიხდის, ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის გადახდა მოუწევს.