საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, წინასწარი ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციაში არიან:

ვიცე-სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე („ქართული ოცნება");

ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო („ქართული ოცნება");

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება");

ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი („მოქალაქეები");

ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე;

პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი („გირჩი");

პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი („ლელო");

პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი (პარტია „საქართველოსთვის").

იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის პირისპირ შეხვედრა, დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ ქალაქ ბუჩაში ჩასვლას.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია".

"ევროპელ სოციალისტებს" დელეგაციის წევრობის სურვილი არ გამოუთქვამთ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მის დელეგაციაში შესვლა 14 აპრილს ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.

მანამდე, გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებდა და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.

როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.