CIA-ის დირექტორი სერიოზულს უწოდებს მოსკოვის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს

უილიამ ბერნსი, CIA-ის დირექტორი.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი, მიიჩნევს, რომ არ შეიძლება არასერიოზულად მოეკიდონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს, „პრეზიდენტ პუტინის შესაძლო სასოწარკვეთის“ გათვალისწინებით, თუ ის ვერ შეძლებს ამ ომში გამარჯვების მიღწევას. ამის შესახებ უილიამ ბერნსმა ხუთშაბათს განაცხადა, ჯორჯიის შტატში მდებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ამასთან, მიუხედავად კრემლის "რიტორიკული განცხადებებისა" ბირთვული არსენალის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს არ აქვს პრაქტიკული მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვი რეალურად გეგმავს ასეთი უკიდურესი ზომების მიღებას, - აღნიშნა უილიამ ბერნსმა.

ახლახან რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ნატო გააფრთხილა, რომ მოსკოვი ბალტიის ზღვის სანაპიროზე, კალინინგრადში, ბირთვულ იარაღს და ჰიპერბგერით რაკეტებს განათავსებს, თუ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანდებიან.

2020 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგებმა გამოაქვეყნეს ახალი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მოსკოვის კონცეფცია იმის თაობაზე, თუ როდის არის გამართლებული მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება.

ასევე ნახეთ

დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ როდის შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი


მასში ლაპარაკია იმაზე, რომ ბირთვული იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც საპასუხო საშუალება სხვების მიერ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ასევე მაშინ, „თუკი საფრთხე ექმნება თავად სახელმწიფოს არსებობას“.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 22 მარტს CNN-თან საუბარში კვლავ ახსენა ეს ამოსავალი პრინციპები. მაგრამ, ამავე დროს, მან არ ისურვა იმის გამორიცხვა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა ამ იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა „ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის“ არსებობის შემთხვევაში.