ცისია, „პრინცესა“ გაგრიდან: ერთ ღამეში გამქრალი ოჯახის ამბავი

გაგრა, რესტორან "გაგრიფშის" შენობა, ფოტოები გაგრელი ცისია ბარამიას საოჯახო ალბომიდან

უკრაინის ომის მსხვერპლი ადამიანების ამბებმა, რუსეთის არმიის ჯარისკაცების მიერ ჩადენილმა განსაკუთრებით სასტიკმა ომის დანაშაულებმა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღე ვრცელდება, ბევრს გაახსენა ამბები, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს, 1992-93 წლებში ხდებოდა.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ადამიანები, მათთვის, ალბათ, ყველაზე მტკივნეული ამბების დეტალებს საჯაროდ იხსენებენ - ფეისბუკი მოიარა გაგრაში, ბიჭვინთაში, სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ქალაქებსა და დაბებში დახვრეტილთა სიამ. როგორც ილუსტრაციამ იმისა, თუ რა შეუძლია რუსეთს.

ამ სიაშია გაგრელი ალექსანდრე ბარამიას და ნათელა ნადარეიშვილის ოჯახიც, მათ შორის, მათი ერთადერთი ქალიშვილი, ცისია - ცისიკო, როგორც მას შინაურები სიყვარულით ეძახდნენ.

ეს კი ამ ერთ ღამეში გამქრალი ოჯახის თავგადასავალია.

გაგრა, ფოტოები ცისია ბარამიას საოჯახო არქივიდან

როცა ბარამიების ოჯახის ახლო ნათესავმა, შორენა მეუნარგიამ დახვრეტილთა სიაში ცისია ბარამიას და მისი ოჯახის გვარები ნახა, ისევ თავიდან გაცოცხლდა ამბავი, რომელიც 30 წელია მათი ოჯახისთვის ძველებურად მტკივნეულია. ამაზე ბევრს არ ვლაპარაკობდით, იმდენად დიდი ტრაგედია იყო, რომ ჩუმად გადავიტანეთო, დღეს გვეუბნება შორენა, რომელიც სულ პატარა გოგო იყო, როცა ომამდე, გაგრის ქუჩებში ცისიასთან ერთად დაქროდა.

შორენა და ცისია ერთი და-ძმის შთამომავლები არიან - ცისიას მამა შორენას ბებიის ძმა იყო. შორენას ოჯახი სამეგრელოში ცხოვრობდა, ცისია - გაგრაში, თუმცა კვირა ისე არ გავიდოდა, რომ ერთმანეთს სტუმრად არ სწვეოდნენ.

ცისიას მამა, ალექსანდრე ბარამია კურორტთა სამმართველოს ხელმძღვანელობდა, გაგრაში. დედა, ნათელა, პროფესიით ჟურნალისტი სოხუმის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. ცისია მათი ერთადერთი შვილი იყო. გაგრაში სკოლის დამთავრების შემდეგ, ლვოვის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, ისევ თავის ქალაქში დაბრუნდა და ომის დროს, გაგრის საავადმყოფოში მუშაობდა. მაშინ ის 26 წლისა იყო.

ცისიას მიერ გაგრიდან გაგზავნილი წერილი ბებიას და ბაბუას

ეს იყო ოჯახი, გვიამბობს შორენა მეუნარგია, სადაც უსტუმრო დღე თითქმის არ არსებობდა. არც იმ ღამით ყოფილან მარტო, როცა მთელი ოჯახი დახვრიტეს.

ომამდე ცისია ეროვნულ მოძრაობაშიც ყოფილა ჩართული, მიტინგებზეც ხშირად გამოდიოდა სიტყვით და თავის ლექსებს კითხულობდა. შეიძლება ესეც გახდა ფაქტორი, რის გამოც მის ოჯახს ასე მიზანმიმართულად მიადგნენო, ამბობს შორენა.

თუმცა ზუსტად არავინ არაფერი იცის. ამ ამბის ყველა დეტალი, რაც გაგრიდან გამოვიდა, გადმოცემით არის ცნობილი. თვითმხილველები თითქმის აღარ არსებობენ.

ერთადერთი, ვინც დახვრეტილი ოჯახი ნახა, ცისიას აფხაზი დეიდაშვილი იყო.

ბარამიების ოჯახს 1992 წლის 2 ოქტომბერს მიადგნენ სახლში. გაგრის დაცემის დღეს. ამბობენ, რომ მათთან არა შემთხვევით, არამედ მიზანმიმართულად მივიდნენ - წინ ვიღაც მიუძღოდა, ვინ - არ იციან, მაგრამ ვინც ზუსტად იცოდა ცისიას სახლის მისამართი.

იმ ღამით ზუსტად ასე, კიდევ რამდენიმე ცნობილი ოჯახი დახვრიტეს გაგრაში.

მომხდარიდან მეორე დღეს პირველები სახლში შევიდნენ ცისიას აფხაზი დეიდაშვილი და ოჯახის აფხაზი მძღოლი, რომლის ხელშიც ცისიკო გაიზარდა.

წლების შემდეგ ამ ბიჭმა შორენას უამბო, რომ ბინაში ოჯახის წევრების გარდა, კიდევ რამდენიმე დახვრეტილი ადამიანი დახვდათ - ბარამიების მეზობელი და ახლობლები. ცისია ცალკე ოთახში იპოვეს, შუბლში ერთი ტყვიით, დანარჩენები ავტომატის ჯერით იყვნენ დაცხრილულები.

კადრი აფხაზეთის ომიდან, შახ აივაზოვის ფოტო

დეიდაშვილს მეტი დეტალი უთქვამს, თუმცა წლების მერე, როცა თამაზ ნადარეიშვილი ამ საკითხით დაინტერესდა და მერე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო, გაირკვა, რომ ცისიას ერთი ტყვია არ აკმარეს. მასზე იძალადეს, აწამეს, სავარაუდოდ, მშობლების თვალწინ და შემდეგ მოკლეს.

შორენა იხსენებს, რომ გაგრის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი ბებია ძმას, ალიოშას ტელეფონით ესაუბრა და სთხოვა, ქალაქი დაეტოვებინა, მაგრამ ის პასუხობდა, რომ გაგრას ვერ დატოვებდა. ქალაქის და თავისიანების დატოვებაზე უარი თქვა ცისიამაც. ვერც კი წარმოედგინათ, რომ გაგრა დაეცემოდა - ცისია ხუმრობით იმასაც კი ამბობდა, გაგრაში მე ხელს ვინ მახლებს, ვინ გაბედავს ჩვენთან მოსვლასო.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა ქართველებსა და აფხაზებს შორის ბოლო პერიოდში აშკარა იყო.

შორენა გვიამბობს, რომ ბარამიების ოჯახს ამ სიმშვიდის საფუძველს, შესაძლოა, ისიც აძლევდა, რომ ქალაქში ბრძოლა ჯერ არ მიდიოდა. 2 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო შეტაკებები გაგრის შემოგარენში - ცისია იმ დღეებში საავადმყოფოში მორიგეობდა ხოლმე, სადაც კანტიკუნტად, მაგრამ უკვე მიჰყავდათ დაჭრილები.

2 ოქტომბრის ღამით, ქალაქში რუსული ჯარი ჩადგა,

შორენას ოჯახის ახლობლებმა ისევ გაგრელებისგან გადმოცემით იციან, რომ საავადმყოფოს პერსონალს ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიუღია, თან დაჭრილებიც უნდა წაეყვანათ. ცისიკოც იმ სასწრაფო დახმარების მანქანაში მჯდარა, თუმცა წლების შემდეგ, სასწრაფოს მძღოლი მოჰყვა ამბავს, როგორ გააჩერებინა ცისიამ მანქანა თავის სახლთან ახლოს და თქვა, რომ ის გაგრას და თავის მშობლებს ვერ მიატოვებდა და სახლისკენ გაიქცა.

მერე რა მოხდა ზუსტად, ამ ამბავს ბევრი თვითმხილველი არ შემორჩა, მაგრამ ისევ გადმოცემით არის ცნობილი, რომ სახლში მისულ ცისიას დაუპატიჟეპელი სტუმრები დახვდნენ, რუსები. ზუსტად არ იციან, შესაძლოა, მათ შორის აფხაზებიც იყვნენ, თუმცა, ვინც ამ ამბავს შემდეგ ჰყვებოდა, ყველა ამბობდა, გაგრელი აფხაზი ბარამიების ოჯახში ვერ მივიდოდა, ამას არ გააკეთებდაო - ამის დაჯერება არავის უნდოდა. შორენამ ასევე გადმოცემით იცის, რომ ცისიამ დედ-მამას ცოცხლებს მიუსწრო.

ერთი, რაც მოახერხეს ოჯახის აფხაზმა ნათესავებმა, თუმცკი დიდი ბრძოლით, დახვრეტილების ცხედრები სახლიდან გამოიტანეს და იმ დღესვე ყოველგვარი რიტუალის გარეშე, გუდაუთაში, მათ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს სასაფლაო დღესაც არსებობს. და ალბათ, ბარამიების ოჯახი ის გამონაკლისია, გაგრაში დახვრეტილი ადამიანებიდან, ვისი დროულად დაკრძალვა მაინც მოახერხეს.

მათი ბინა, რომელიც იყო ძველ გაგრაში, ისტორიული „გაგრიფშის“ რესტორნის უკან, მაშინვე სხვებმა დაიკავეს. ბინა გაძარცვეს. ბოლო ინფორმაციით, რაც შორენა მეუნარგიასთვის არის ცნობილი, დღეს იქ გაგრის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უნდა ცხოვრობდეს.

რესტორან "გაგრიფშის" წინა ფასადი ახლა

ოჯახის ნივთებიდან არაფერი გადარჩენილა - ყველაფერი გაზიდეს. ერთ ღამეში ყველაფერი გააქრეს. თითქოს ოჯახი არც არსებულა.

შორენას ახლაც ნათელ კადრად ახსოვს, ის და ცისია, 1902 წელს, პრინც ოლდენბურგის მიერ აშენებულ, მისივე ყოფილი რეზიდენციის და შემდგომ უკვე რესტორნად გადაკეთებული „გაგრიფშის“ შენობის კიბეებზე არბიან, ცისია იცინის და ამბობს, რომ ის ოლდენბურგის პრინცესაა.

„ცისიას სარაფანი ეცვა, ტრიალებდა და ამბობდა, მე ოლდენბურგის პრინცესა ვარ, ეს კი ჩემი სასახლეაო. მაგრამ არ მიკვირდა, რადგან ცისია მე ყოველთვის პრინცესა მეგონა“.

ასევე ნახეთ „გირლანდები“ სოხუმის ცაზე - დაუსჯელი დანაშაული

შორენა მეუნარგია წლების მერეც ხშირად ათვალიერებს ხოლმე გაგრის დღევანდელ ფოტოებს - რესტორანი „გაგრიფში“ ისევ მუშაობს, მისი ნაწილი, სანატორიუმი „ჩაიკა“ კი ჩამონგრეულია.

ბარამიების ოჯახის ამბავი მხოლოდ ერთი მაგალითია. დახვრეტილთა სია გრძელია. აფხაზეთის მთავრობის მონაცემებით, აფხაზეთის ომში, რომელიც 1993 წელს სოხუმის დაცემით დასრულდა, 5000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.