ოდესმე გიფიქრიათ, რომ პური, რომელსაც ჭამთ, დიდი ალბათობით, რუსული ხორბლისგან ან ფქვილისგანაა გამომცხვარი? საქსტატის თანახმად, 2021 წელს იმპორტირებული ხორბლის 96% რუსეთიდან შემოვიდა. ხორბლის მთლიან რესურსებში კი იმპორტის წილი 76 პროცენტი იყო.
დაასკანერე ოკუპანტი
უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ანდროიდისთვის და iOS-ისთვის ახალი ქართული აპლიკაცია შეიქმნა. მისი წყალობით, ტელეფონით შეგიძლიათ დაასკანეროთ ნებისმიერი პროდუქტის შტრიხკოდი და გაიგოთ, ვინ აწარმოებს მას. რუსული პროდუქტი თუ შეგხვდათ (მისი შტრიხკოდის დასაწყისია რიცხვები 460-დან 469-მდე), აპლიკაცია გიჩვენებთ რუსეთის დროშას და ტანკს. უკრაინული პროდუქტის დასკანერებისას - უკრაინის დროშას და წარწერას “Слава Українi”.
მხოლოდ გუგლის მაღაზიაში აპლიკაცია ამ დროისთვის 10 ათასზე მეტჯერ გადმოწერეს. დამატებით დეტალებს აპლიკაციაზე ჯერჯერობით ვერ მოგიყვებით. მისმა შექმნელმა, Jok Entertainers-მა უპასუხოდ დატოვა რადიო თავისუფლების თხოვნა ინტერვიუზე.
უფრო მეტი და უფრო იაფი
რუსული პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადების იდეა ჯერ კიდე აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. იგივე მოხდა 6 წლის შემდეგაც, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე. თუმცა მასობრივი ხასიათი მას არასდროს მიუღია.
ბოიკოტის მორალურ ვალდებულებაზე მსჯელობების მიუხედავად, საქართველოში რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის ყოველწლიურად იზრდებოდა და რვა წელიწადში თითქმის გაორმაგდა.
აუცრუა გული ომმა მოსახლეობას რუსულ პროდუქტებზე? საქართველოს „არაქსელურ მაღაზიათა ასოციაციის” თავმჯდომარე, სანდრო სუბელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამაზე მსჯელობა ნაადრევია და საკმარისი მონაცემები მაისის ბოლოს თუ შეგროვდება.
ასოციაციის წევრ ხუთასამდე მაღაზიაში საქონლის ყოველი მეოთხე-მეხუთე ერთეული რუსეთიდან ან ბელარუსიდანაა. სანდრო სუბელიანი ამბობს, რომ რუსული სურსათი დაახლოებით 20%-ით უფრო იაფია ევროპულზე და, შესაბამისად, პოპულარულიც.
„მაინც შეიძენენ… მოსახლეობის დიდი ნაწილი მოკლებულია შესაძლებლობას, შეიძინოს [უფრო] ძვირადღირებული პროდუქცია. მაინც ყველა ორიენტირებულია იმაზე, რომ შედარებით იაფად მოახერხოს პროდუქტების შეძენა”, - ამბობს სანდრო სუბელიანი.
პურს რუსეთი “გვაჭმევს”
შარშან აპრილში, პანდემიის მეორე ტალღის დროს საკონსულტაციო კომპანია ACT დაინტერესდა, რომელ პროდუქტებს ყიდულობენ ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად. აღმოჩნდა, რომ პურს და პურპროდუქტებს (ანუ ყველაფერს, რაც ხორბლის ფქვილისგან ცხვება) თბილისელების 78% ყოველდღიურად მოიხმარს.
სულ ორი კვირის მანძილზე გამოიკითხა 401 ადამიანი. მათი თითქმის 75% ამბობდა, რომ გრძნობს საკვებზე ფასების ზრდას.
კვლევის ავტორი, ეკონომისტი ლიკა გოდერძიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ ინფლაციის, სიღარიბისა და დაბალი შემოსავლის გამო, ბოიკოტი გაუსაძლისი ტვირთი იქნება უმრავლესობისთვის.
„ადამიანებს ყოველთვის განკარგვადი შემოსავლიდან გამომდინარე უწევთ გადაწყვეტილების მიღება - რომელი პროდუქტია პრიორიტეტული და რომელი შეიძლება შეიძინონ”, - ამბობს იგი.
ეშმაკი სხვა დეტალებშიც იმალება. ვთქვათ, მომხმარებლები მასობრივად იტყვიან უარს რუსულ პროდუქტებზე - ფქვილზე, ბურღულეულზე, მაკარონზე, ზეთზე… ამ შემთხვევაში ან მეტის გადახდა მოუწევთ უცხოურში, ან ქართული უნდა იყიდონ, რომელიც უბრალოდ ყველა მსურველს არ ეყოფა.
„გადმოვწერე ეს აპლიკაცია, და როცა კი მახსენდებოდა, პროდუქტების დიფერენცირებას ვცდილობდი. დამერწმუნეთ, ყველა პროდუქტი, რომელიც არ იყო რუსული და მჭირდებოდა, გაცილებით ძვირი იყო [რუსულზე]”.
დღეს ფუფუნებაა. ზეგ აღარ?
იმავე აზრზეა „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ივა ჭყონიაც.
მისი თქმით, რუსეთიდან პროდუქტის ჩამოტანა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მაგალითად ევროპიდან. მოსახლეობას უბრალოდ „იმის ფუფუნება არ აქვს, რომ რუსულ პროდუქციას უარი უთხრას”, მოკლე დროში კი შეუძლებელია, მისაღები ალტერნატივა შესთავაზო.
„მე რომ შემოვიტანო ზეთი, პირობითად, არგენტინიდან, რომელიც ეღირება 10 ლარი და ამ დროს კონკურენტის ღირს 6-7 ლარი, ხომ ვერ გავყიდი, ხო ლოგიკურია?
რთულია ისეთ ქვეყანაში, სადაც შემოსავალი არის ძალიან დაბალი, იმაზე ფიქრი, რო ჩავანაცვლოთ პროდუქტით, რომელიც ბევრად ძვირია”, - ამბობს ივა ჭყონია.
ლიკა გოდერძიშვილი კი დარწმუნებულია, რომ მთლიანობაში, საქართველოს შეუძლია ჩაანაცვლოს რუსული პროდუქტები, ან სულ ცოტა - საგრძნობლად შეამციროს მათი წილი ბაზარზე. ოღონდ ეს არ მოხდება ხვალ და იოლად.
„პირობითად, თუ ვიცით, რომ გაგვიძვირდება ფქვილი, რომელიც რუსეთიდან შემოდის, უკვე სიგნალია, რომ ვისაც საშუალება აქვს, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს, ვისაც რესურსები აქვს, იფიქროს იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება დაიწყოს. ხორბლის მოყვანა დაიწყოს… პარალელურად კი სხვა არხები ვეძებოთ”, - ამბობს იგი.
***
საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს - უფრო მეტი პროდუქცია შემოაქვს, ვიდრე გააქვს.
იმპორტი 2021 წელსაც გაიზარდა. მთლიანობაში საქართველომ რუსეთს 1 მილიარდი დოლარი გადაუხადა შემოტანილ საქონელში. აქედან ყველაზე მეტი, 135 მლნ აშშ დოლარი - საწვავში. მეორე ადგილზე გაზია - 97 მლნ აშშ დოლარი. მესამეზე კი ხორბალი. 319 ათასი ტონის ღირებულებამ 87 მილიონი შეადგინა.
იმპორტირებული საქონლის ტოპ ხუთეულში მზესუმზირას ზეთიც მოხვდა. 32.6 ათასი ტონა საქართველოს $48.3 მილიონი დაუჯდა.