„რუსეთმა, რაც სასიკვდილო იარაღი ჰქონდა, ყველაფერი ამოალაგა“

ხარკოვში ისევ პოულობენ რუსულ, ნელი მოქმედების ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ამის შესახებ ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სიგნეგუბოვი ჰყვება. საბრძოლო მასალა, რომელსაც პლასტმასის კორპუსი აქვს და დაახლოებით 1,5 კილოს იწონის, ერთბაშად არ ფეთქდება. ისინი სახლებში, ეზოებში, ქუჩებში აღმოაჩინეს. ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაცია Airwars-ი თავის ანგარიშში წერს, რომ შესაძლოა რუსეთმა ხარკოვში კასეტური იარაღი გამოიყენა, რადგან ქალაქი ძლიერ არის დაზიანებული.

სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში ამ იარაღსა და მისი გამოყენების მიზნებზე საუბრობს.

- ეს კასეტური იარაღია, რომელიც რუსეთმა ბრძოლის დროს გამოიყენა, აკრძალულია მისი გამოყენება. ელემენტებზე, რომლებიც კასეტურ ჭურვში არის მოთავსებული, ყენდება აფეთქების დრო. ეს ელემენტები გარშემო იფანტება და გარკვეული დროის შემდეგ ფეთქდება, იმისდა მიხედვით, თუ რა დრო არ მითითებული. დროის ხანგრძლივობა შესაძლოა 48 საათსაც აღწევდეს.

- ანუ ის არ რეაგირებს მოძრაობაზე, შეხებაზე, ეს უბრალოდ დაპროგრამებული ტაიმერია?

- დიახ. ის, რაც მოძრაობასა და შეხებაზე რეაგირებს და ფეთქდება, არის ნაღმი. ნაღმი ან ტანკსაწინააღმდეგოა, ან ქვეითსაწინააღმდეგო. მათ ცოტა სხვა ფორმა აქვთ, ძნელად შეამჩნევ, განსაკუთრებით ქვეითსაწინააღმდეგოებს - ამ შემთხვევაში, როგორც წესი, გამოიყენება ნაღმი „ფოთოლი“. ის მწვანეა, ან სხვა ფერის, რომ გარემოსთან იყოს შეხამებული. პატარაა, ბალახში დევს, თითქმის არ ჩანს. თუ ვინმე წამოედო, ძალიან მძიმედ დაშავდება.

ოლეგ ჟდანოვი

- ხარკოველები ჰყვებიან, რომ იმ საბრძოლო მასალებიდან, რომლებსაც ისინი პოულობენ, ზოგიერთი რამდენჯერმე ფეთქდება. ეს რაღა არის?

- ისეთი ჯერ არაფერი მოუფიქრებიათ, რომ რამდენჯერმე აფეთქდეს. ეს ალბათ ორი ელემენტი ერთმანეთის გვერდით დაეცა, ერთი უცებ აფეთქდა, მეორე - მოგვიანებით.

- რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ამგვარი იარაღის გამოყენება?

- როგორც ჩანს, რუსეთმა, რაც კი სასიკვდილო იარაღი ჰქონდა დარჩენილი, ყველაფერი ამოალაგა. კასეტური იარაღი ხარკოვში ლამის პირველი კვირიდან გამოიყენება. უფრო ძველებიც და უფრო მარტივებიც. ეს ვიდეოზეც არის ასახული და ფოტოებზეც. ყველაფერს იყენებენ, რაც აქვთ. აღარაფერს უწევენ ანგარიშს, არანაირ საერთაშორისო ნორმებს. მათი მთავარი მიზანი ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს განადგურებაა.

- ამით რამე სამხედრო სარგებელი აქვთ, ხალხის დახოცვის მეტი?

- ამ გზით ისინი ცდილობენ, თავიანთ მთავარ მიზანს მიაღწიონ - უკრაინის დანებებას. ცდილობენ გაგვანადგურონ და ჩვენი სახელმწიფო ჩაყლაპონ.

- როგორ ფიქრობთ, კიდევ შეეცდებიან რუსები ხარკოვის აღებას?

- ეს ძალიან დიდი სისულელე იქნებოდა. თუ მათ ვერ შეძლეს აეღოთ ქალაქი, რომელიც ალყისთვის მზად არ იყო, ახლა ის უკვე ციხე-ქალაქია. იმ ძალებით შეტევა, რომელიც მათ აქვთ, უბრალოდ თვითმკვლელობაა, სიგიჟე. ამიტომ მგონია, რომ არა.

თუ დონბასში წარმატებას მიაღწევენ, მაშინ ვფიქრობ, შეიძლება შემობრუნდნენ კიევისკენ, მდინარე დნეპრის გასწვრივ ან საპირისპირო მიმართულებით, რომ ხარკოვს ორი მხრიდან შემოარტყან ალყა - დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან. მაგრამ ამისთვის დონბასი უნდა გაიარონ, რაც მათთვის ახლა შეუსრულებელი ამოცანაა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ რამდენი ხანია ვიცდით? 3 კვირა ვიცდიდით. სადაა დამრტყმელი ძალა, სადაა ერთობლივი, ჯავშანში ჩამჯდარი „მუშტი“, რომლითაც ჩვენთვის მეორე დარტყმა უნდა მიეყენებინა აღმოსავლეთის მიმართულებით? ყველა ძალას მოუყარეს თავი, რაც კი დარჩათ, გარდა სამხრეთის მიმართულებისა, ის ისედაც დონბასთანაა. შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოიყვანეს ჯარი. მათ არ შეუძლიათ უკრაინაში ერთიანი დამრტყმელი ძალის სახით შევიდნენ. დროს წელავენ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ცეცხლი დროულად გავუხსნათ, იმისდა მიხედვით, როდის რომელი შენაერთი ჩაერთვება ბრძოლაში.

ხარკოვი, მარტი, 2022 წელი.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთს რესურსი სანამდე ეყოფა? კიდევ რამდენი თვე გააგრძელებს ქვეითად გადაადგილებას?

- მგონია, რომ ქვეითად გადაადგილება დიდი-დიდი თვე გაგრძელდება. რესურსები მცირდება, საწვავით კი ჯარს დიდად ვერ ამარაგებენ. რისი ფორმირებაც მოახერხეს, ეს არის 16 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი - 10-12 ათასი ადამიანი. ახლა მათი დაჯგუფება იმაზე ნაკლებია, ვიდრე პირველი ეშელონი იყო. არადა, წარმატებისთვის საჭიროა, რომ მეორე ეშელონი პირველზე დიდი გამოვიდეს.

- საჰაერო დარტყმები მართლა შემცირდა? თუ ასეა, რატომ?

- ფაქტობრივად ავიაციის ნახევარი მწყობრიდან გამოვიყვანეთ. კი, მათ 500-ზე მეტი თვითმფრინავი აქვთ, მაგრამ მათგან მხოლოდ 330 იყო ისეთი, რომელსაც საბრძოლო დავალების შესრულება შეეძლო. ჩვენ 150 ჩამოვაგდეთ.

მფრინავები, რომელთაც ბრძოლის გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა, მგონია, რომ ეს გამოცდილებაც საკმაოდ შეზღუდული იყო, რადგან სირიაში ისინი ისე დაფრინავდნენ, რომ მათ წინააღმდეგ თავს არავინ იცავდა. ისინი დაფრინავდნენ, როგორც პოლიგონზე, არავისი ეშინოდათ. ეს მფრინავები ყველა ჩამოვაგდეთ. ახლა, როგორც ერთი ფილმის პერსონაჟი ამბობს, ბარტყები დაფრინავენ, ანუ ნაკლებად გამოცდილი მფრინავები.

თუმცა, ავიაციასთან დაკავშირებით, მე არ მოვდუნდებოდი, რადგან არსებობს დაზვერვის ინფორმაცია, რომ ათეულობით თვითმფრინავს ამზადებენ ვორონეჟის, ბელგოროდის აეროპორტებში. ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ავიაციასთან ბრძოლა, თუ რამდენად შედეგიანად, ამას თავად ბრძოლა გვიჩვენებს. მაგრამ დღეის მონაცემებით, ამ ავიაციის საბრძოლო პოტენციალი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე „პირველი“ ავიაციის იყო, ის კი პრაქტიკულად მიწაზე დავაწვინეთ.