რა შეუძლია „სირიელ ყასაბს“?

რუსეთმა უკრაინაში თავისი შეიარაღებული ძალების სარდალი შეცვალა. მართალია, 61 წლის არმიის გენერლის, ალექსანდრ დვორნიკოვის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მოსკოვს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ საკადრო ცვლილების სინამდვილე დაადასტურეს როგორც დასავლეთის სპეცსამსახურებმა, ასევე რუსეთის პროპაგანდისტული მედიის საშუალებებმა. როგორც წესი, კრემლი არ ავრცელებს ხოლმე მსგავსი ტიპის ინფორმაციას. სწორედ ამის გამოა, რომ დღემდე უცნობია, თუ ვინ სარდლობდა უკრაინაში შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც, სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ვერანაირ ღირებულ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

რატომ ახლა?

რუსეთმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა უკიდურესად რთულ ვითარებაში, როცა რუსეთის ჯარმა დასახული მიზნების მიუღწევლად დატოვა სამი მნიშვნელოვანი რეგიონი ჩრდილოეთ უკრაინაში: კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები და დაიძრა აღმოსავლეთისკენ, სადაც, შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ბრძოლა გაიმართოს. პენტაგონის მონაცემებით, რუსეთი ახლა განკარგავს უკრაინაში შეჭრისას არსებული თავისი საბრძოლო სიმძლავრის დაახლოებით 80-85%-ს. პენტაგონი ამტკიცებს, რომ დაჯგუფებას შეიძლება დაემატოს კიდევ 60 ათასი ჯარისკაცი, შესაძლოა რეზერვისტი.

ჩამოგდებული რუსული ავიაგმანადგურებული Су-34

დასავლური და უკრაინული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ რუსული ჯარები თავს იყრიან დონბასისა და ხარკოვის რეგიონებში, რათა მძლავრი იერიშით ალყაში მოაქციონ და გაანადგურონ დონბასში განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალები და შემდეგ სრული კონტროლი დაამყარონ ერთმანეთთან დაკავშირებულ ლუგანსკზე, დონეცკზე, მარიუპოლზე, ზაპოროჟიესა და ყირიმზე.

როგორც ჩანს, სწორედ ამ გეგმით შეიცვალა თავდაპირველი, 24 თებერვალს გამოცხადებული "უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის გეგმა". ამასთან, რუსეთის ჯარმა წარმატებას უნდა მიაღწიოს 9 მაისამდე, როცა რუსეთში გამარჯვების დღე აღინიშნება და ქვეყნის მთავარსარდალი ვლადიმირ პუტინი „წითელ მოედანზე“ სამხედრო აღლუმს იბარებს ხოლმე. სწორედ ამ გარემოებით ხსნიან სამხედრო ექსპერტები როგორც დაჩქარებულ მზადებას დონბასზე იერიშისათვის, ასევე სარდლის შეცვლას.

დვორნიკოვის ფაქტორი

რუსეთის ხელისუფლებაში ასევე ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომის დროს წარმოქმნილი პრობლემები გამოწვეულია ოპერაციაში მონაწილე რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქის ჯარებს შორის ცუდი კოორდინაციით. გენერალმა დვორნიკოვმა ეს სიტუაციაც უნდა შეცვალოს და უკეთეს კოორდინაციას მიაღწიოს.

61 წლის არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სამხედრო მეთაურად მიიჩნევა: მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომში; ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარებს სირიაში და ბოლო დრომდე იყო რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური.

ალექსანდრ დვორნიკოვი, 2018 წ.

სირიაში წარმატებით დასრულებული სამხედრო ოპერაციისათვის მინიჭებული აქვს რუსეთის გმირის წოდება. 2016 წელს, გმირის „ოქროს ვარსკვლავის“ მიღების შემდეგ, ალექსანდრ დვორნიკოვმა რუსეთის მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ რა მასშტაბის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა რუსეთის ჯარმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.

„რუსეთის სამხედრო დაჯგუფება სირიის არაბთა რესპუბლიკაში 2015 წლის სექტემბერში ჩავიდა, რათა ადგილზე შეგვესწავლა არსებული სიტუაცია და სირიის არმიის მდგომარეობა. ვითარება აშკარად არ იყო დამასკოს სასარგებლოდ. ტერორისტებს, რომელთა საერთო რაოდენობა 60 ათასზე მეტი იყო, სირიის ტერიტორიის დაახლოებით 70 პროცენტი ჰქონდათ დაკავებული. სირიის ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ქვეყნის უდიდეს ქალაქებს: იდლიბს, პალმირასა და რაკას. ტერორისტები დათარეშობდნენ ჰომსისა და დამასკოს გარეუბნების უმეტეს ნაწილში, ახორციელებდნენ ფართომასშტაბიან შეტევას ლატაკიის პროვინციაში და ემზადებოდნენ ალეპოს ასაღებად. გარდა ამისა, სირიისთვის საკვანძო დამასკო-ალეპოს გზატკეცილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს, იმყოფებოდა ბოევიკების მიერ ბლოკირების მუდმივი საფრთხის ქვეშ. ოთხწლიანი ბრძოლების შემდეგ სირიის სამთავრობო ჯარებს ამოწურული ჰქონდათ შესაძლებლობები და დიდი გაჭირვებით აჩერებდნენ ტერორისტების წინსვლას. მოსახლეობა მასობრივად ტოვებდა ქვეყანას. ჩვენი სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები ახორციელებდნენ ობიექტების დამატებით დაზვერვას რუსული საჰაერო თავდასხმებისთვის, დაკავებულნი იყვნენ თვითმფრინავებისათვის შორეული სამიზნეების დაზუსტებითა და სხვა სპეციალური ამოცანების გადაჭრით“, - განაცხადა ალექსანდრ დვორნიკოვმა სირიიდან დაბრუნების შემდეგ.

ალექსანდრ დვორნიკოვმა სწორედ სირიაში „გაითქვა სახელი“, სადაც მას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი სისასტიკისათვის „სირიელი ყასაბი“ შეარქვეს. რუსი გენერალი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები არაერთხელ დაადანაშაულეს სამოქალაქო უბნებისა და საავადმყოფოების დაბომბვაში.

რამი აბდულრაჰმანმა, ლონდონში დაფუძნებული სირიის ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, New York Times-ს უთხრა, რომ ბაშარ ალ-ასადი არ არის ერთადერთი, ვინც პასუხი უნდა აგოს სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისათვის:

„ასევე პასუხისგებაშია მისაცემი რუსი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციებს მეთაურობდა და, რომელიც დგას სირიელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების უკან. სწორედ ის გასცემდა ბრძანებებს“.

აშშ-ის თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა რუსეთის არმიაში განხორციელებული ამ საკადრო ცვლილების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინაში დვორნიკოვისგან „უფრო უარესს უნდა ველოდოთ“.

ჯეიკ სალივანი

დასავლეთის სამხედრო-ანალიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ რუსეთის ავიაციამ 10 ათასამდე დაბომბვა განახორციელა სწორედ იმ თვეებში, როდესაც სირიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფებას ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებული სისასტიკით დაიბომბა ალეპო, ჰომსი და სხვა პატარა ქალაქებში. ამგვარი მეთოდებით შეძლო რუსმა გენერალმა მშვიდობიანი მოსახლეობის ნების გატეხვა მას შემდეგ, რაც საცხოვრებელ კვარტლებთან ერთად დაბომბა საავადმყოფოები და წყლის სათავე ნაგებობები.

ალექსანდრ დვორნიკოვის სარდლობით მოქმედი რუსი სამხედროები ასევე დადანაშაულებული არიან ქიმიური იარაღის გამოყენებაში.

ჰარი კაზიანისმა (Harry J. Kazianis), ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ეროვნული ინტერესების ცენტრიდან, ალექსანდრ დვორნიკოვის სარდლად დაწინაურება იმის ნიშნად მიიღო, რომ ვლადიმირ პუტინი შეეცდება ხელში ჩაიგდოს აღმოსავლეთი უკრაინა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

„ვშიშობ, რომ გენერალ დვორნიკოვს აქვს ბრძანება, რომ თუ ვერ აიღებს აღმოსავლეთ უკრაინას, გადააქციოს იგი გიგანტურ ალეპოდ“, - უთხრა ჰარი კაზიანისმა The Telegraph-ს.

გენერალთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება?

უკრაინის მთავრობასა და სამხედრო-ანალიტიკურ წრეებშიც ვარაუდობენ, რომ ალექსანდრ დვორნიკოვის სარდლად დანიშვნა უფრო სასტიკს გახდის რუსეთის არმიის მოქმედებას, თუმცა, საბოლოო ჯამში, არსებითად ვერაფერს შეცვლის. ოლეგ ჟდანოვი, უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ამბობს, რომ ალექსანდრ დვორნიკოვი უკვე ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და, მეტიც, სწორედ მისი, როგორც სამხრეთის ოლქის მეთაურის, დაგეგმილია ყველა შეტევა დონბასში:

ოლეგ ჟდანოვი, სამხედრო ექსპერტი

„ეს დაწინაურებაც ისეთივე საჩვენებელი ჯილდოა, როგორიც მათი გმირობები: გაანადგურეს ალეპო და დაიკიდეს მედლები, გადაწვეს ცხინვალი და დაიკიდეს მედლები... აბა, ახლა სცადონ იგივე უკრაინაში. რუსეთს აქვს ამ დიდი ბრძოლის წაგების ძალიან დიდი შანსი, რადგან მას არ აქვს მომზადებისთვის საჭირო დრო და ამას ვერაფერს მოუხერხებს ახალი სარდალი. სანამ ის შეცვლის მნიშვნელოვან თანამდებობებზე მყოფ პირებს, სანამ თავისიანებს დანიშნავს, სანამ ბოლომდე გაერკვევა ვითარებაში და გაიგებს, სად რა არის, დიდი დრო გავა. 1945 წლის მარტსა და აპრილში ჰიტლერიც ადანაშაულებდა თავის მხედართმთავრებს, იმედოვნებდა, რომ ყოველი ახალი სარდალი შემოატრიალებდა ომის ბედს, მაგრამ არაფერმა უშველა. მიმაჩნია, რომ აქაც იგივე იქნება. შეუძლებელია ოპერაციის გამოსწორება და შეცვლა მისი მიმდინარეობის პარალელურად. ასეთი რამ არავის გამოსვლია“.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანიც CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამა თუ იმ გენერლის ვერანაირი დანიშვნა ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთმა უკვე განიცადა სტრატეგიული მარცხი უკრაინაში, როცა ვერ შეძლო სწრაფად ვერც ქვეყნის დაპყრობა და ვერც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის დამხობა.

„ეს გენერალი უბრალოდ იქნება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სისასტიკის კიდევ ერთი წყარო“, - თქვა ჯეიკ სალივანმა.

რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი კი დარწმუნებულია, რომ ალექსანდრ დვორნიკოვის, მისი სიტყვებით, ცნობილი სამხედრო დამნაშავის სარდლად დანიშვნით, თვითონ ვლადიმირ პუტინი იმძიმებს თავის ისედაც მძიმე მდგომარეობას:

ანდრეი პიონტკოვსკი

„რაც შეეხება საკითხის წმინდა წყლის სამხედრო მხარეს, ეს არის საჩუქარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რადგან ამ კაცის მთელი სამხედრო ხელოვნება შემოიფარგლება „ისლამურ სახელმწიფოზე“ ოთხჯერ გამარჯვებით (ამდენჯერ იზეიმეს) და ომის დანაშაულებებით. როგორც სამხედრო ხელმძღვანელი და სარდალი - არაფერს წარმოადგენს. ერთადერთი, რასაც აკეთებდა, ბომბავდა სირიის დაუცველ ქალაქებსა და აჯანყებულთა პოზიციებს, რომლებსაც არ ჰქონდათ არც ავიაცია და არც საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუმცა ამგვარი დაუცველი ხალხის დაბომბვითაც კი არ დაკმაყოფილდა და გამოიყენა ქიმიური იარაღი. ნიშანდობლივია, რომ მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის პირველ დღესვე გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ“.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) გადამდგარი პოლკოვნიკი გენადი გუდკოვი მიიჩნევს, რომ სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს რუსეთის არმიის რიგებში დაწყებული საკადრო გადაადგილებები, რაც აუცილებლად გულისხმობს როგორც დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას, ასევე მათ შეცვლას უკეთესი გენერლებით:

გენადი გუდკოვი

„ვინმეს ხომ უნდა დაბრალდეს მარცხი, უუნარობა და ჯარის დაქცევა? დაბრალდება მოქმედ გენერლებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ კიევის აღება ორ დღეში ქვეითთა პოლკით. ახლა იქნება რაღაც ცვლილებები, რომ იმას არ გამოუვიდა და იქნებ სხვას გამოუვიდეს. ამ ამხანაგმა სირიიდან თავი გამოიჩინა დაუცველი ადამიანების დაბომბვით. ახლა რისი შემოთავაზება შეუძლია, არ ვიცი. მასზე არ დადის კარგი ხმები სამხედრო ხელოვნების ფლობის თვალსაზრისით. მოკლედ, რაღაც ყარაულის შეცვლის მაგვარი ამბავია, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი დიდი მეიგავე კრილოვი არ ცდებოდა, როცა თავის „კვარტეტის“ პერსონაჟებს ათქმევინა, თუ მუსიკოსები არ ვარგიან, ადგილის შეცვლით დიდად არაფერი შეიცვლებაო:

საქმე ის კი არ არის,
სად და როგორ ზიხართო!
ის არის, რომ დამკვრელად
თქვენვე არ ვარგიხართო".

პრიმორიედან უკრაინამდე

ალექსანდრ დვორნიკოვი - არმიის გენერალი, დაიბადა 1961 წლის 22 აგვისტოს უსურიისკში, პრიმორიეს მხარეში.

დაამთავრა უსურიისკის სუვოროვის სახელობის სამხედრო სკოლა (1978), მოსკოვის რსფსრ უმაღლესი საბჭოს სახელობის უმაღლესი სამეთაურო სკოლა (1982), ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1991) და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია (2005).

მსახურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად და ბატალიონის შტაბის უფროსად. დასავლეთის მიმართულების დაჯგუფებაში მსახურობდა მოტომსროლელთა ბატალიონის მეთაურის ჯერ მოადგილედ და შემდეგ მეთაურად.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი

1995-2000 წლებში იყო პოლკის შტაბის უფროსი, პოლკის მეთაური მოსკოვის სამხედრო ოლქში.

2000-2003 წლებში მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში ჯერ დივიზიის შტაბის უფროსად, შემდეგ კი დივიზიის მეთაურად.

2005 წელს დვორნიკოვი დაინიშნა ციმბირის სამხედრო ოლქში ჯერ სარდლის მოადგილედ, შემდეგ შტაბის უფროსად, 2008-2010 წლებში კი მე-5 წითელი არმიის სარდლად შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში.

2011-2012 წლებში აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილეა. 2012 წლის აპრილიდან - ჯერ შტაბის უფროსი, შემდეგ ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის პირველი მოადგილეა გენერალ-პოლკოვნიკის ჩინში.

2015-2016 წლებში ხელმძღვანელობს რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციას სირიაში.

2016 წლიდან 2022 წლის აპრილამდე იყო რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალი.