მზიას რესტორანში - ქართველი, რომელიც უკრაინელებს უფასოდ აპურებს

მზია ტოროტაძე თავის კაფე-რესტორანში, კიევში, თავის თანამშრომლებთან ერთად

24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, კიევში მცხოვრებმა მზია ტოროტაძემ რესტორნის კარი, დაკეტვის ნაცვლად ფართოდ გააღო და ხალხს ჯერ პურით და ხაჭაპურით გაუმასპინძლდა უსასყიდლოდ, შემდეგ კი, მათთვის კერძების კეთება და დარიგებაც დაიწყო.

პირველ დილით, როცა რესტორანი ჩვეულებრივ, დილის ათ საათზე გახსნეს, მზია მხოლოდ შიშს გრძნობდა - ახლა რა იქნქება? რა მოხდება? მაგრამ ზუსტად ერთი საათის შემდეგ უკვე იცოდა რა უნდა ეკეთებინა. მეორე დღეს პირველი, რაც გააკეთა, პური გამოაცხო. დაბნეული და შეშინებული ხალხი სწორედ პურს ეძებდა მაღაზიებში.

24 საათის განმავლობაში მის რესტორანს ასობით ადამიანი სტუმრობდა - თავიდან კიეველები ან კიევის ახლოს მცხოვრებნი, მათ შორის, ისინიც, ვინც ქალაქს ტოვებდნენ. დღეს კი მათ რიცხვს უკრაინის სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ხალხიც აკითხავს.

თვეზე მეტია ეს ნაკადი არ წყდება - დღეში ერთხელ, ყველას, ვისაც სჭირდება, მზია უფასოდ აპურებს და ამბობს, რომ ეს მისი ვალია და ეს საქმე აძლიერებს.

ამ საქმეში მზიას არაერთი სხვა ქართველიც დაეხმარა. ზოგს ფქვილი მიჰქონდა, ზოგს ზეთი და მარილი, ზოგს საფუარი - პურის გამოსაცხობად, ზიგი თანხით ეხმარებოდა, რომ ეს ქველმოქმედება არ შეწყვეტილიყო. მათ შორის იყვნენ ნაცნობები და ახლობლები, უცხოებიც.

მზიას დამხმარეებად კი რესტორანში ის ადამიანებიც იქცნენ, ვინც გუშინ მის მიერ გაცემული უფასო საჭმლის რიგში იდგნენ. დღეში 300-ზე მეტ ადამიანს მასპინძლობენ.

ბათუმელი მზია ტოროტაძე და მისი ოჯახის წევრები კიევის დატოვებას არ აპირებენ. იქ რჩება მისი მეუღლე და შვილიც. მზია კი ამბობს, რომ საქმე, რასაც დღეს ემსახურება, ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც მას საქართველოს სახელით უკრაინისთვის შეუძლია.