ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ უკრაინაში ვიზიტის თემაზე ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი არ შედგება.
როგორც დეპუტატმა თქვა, „ქართულ ოცნებას" ჰქონდა წინადადებები, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი - ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა წავა ცალკე. იყო გარკვეული შემოთავაზებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები, ვაჭრობასავით, არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იყო მყარი, რომ თავიდანვე დაგეგმილი იყო ოპოზიციის ვიზიტი ერთობლივად. ჩვენ წავალთ ერთად და, ალბათ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე“, - თქვა ხატია დეკანოიძემ.
„ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებას" ჰქონდა ხედვა, რომ „როგორც ზოგადად, სხვა დროს, ესპანეთსა თუ სომხეთში მიემგზავრება, ამ ტიპის ვიწრო დელეგაცია გაეკეთებინა. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ არის - უკრაინაში სწორედ ერთიანობა და ქართველი ხალხის წარმომადგენლობაა საჭირო".
როგორც უსუფაშვილმა თქვა, ძალაში რჩება ოპოზიციის გეგმა უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციით გამგზავრების შესახებ, ხოლო საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მოგვიანებით ჩავა.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი: მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან ასევე ნახეთ პაპუაშვილი და სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდნენ ასევე ნახეთ რადის თავმჯდომარე პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობას მიესალმებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დღეს, 13 აპრილს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.