"ყოველი დღე რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს" - მოსალოდნელია თუ არა "საშინელი, მასშტაბური ბრძოლა"?
საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს დაადგინოს, გამოიყენა თუ არა რუსეთმა ქიმიური ნივთიერება უკრაინის აღმოსავლეთით ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში. მოწამვლის ფაქტებზე ინფორმაცია ბატალიონმა „აზოვმა“ გაავრცელა, თუმცა დეტალების გარკვევა და შემთხვევის ადგილის შესწავლა ჯერ ვერ ხერხდება. რუსეთი მასირებულ შეტევებს განაგრძობს ქალაქზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ვარაუდობს, რომ რუსეთმა ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალები გამოიყენა. 11 აპრილის განცხადებაში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ, დონეცკის ოლქში გამოყენების შემდეგ, იზრდება ფოსფორიანი საბრძოლო მასალების მარიუპოლში გამოყენების ალბათობაც, „ქალაქისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად“.
ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალების გამოყენება მკაცრად შეზღუდულია სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებით და მათ შორის - ჟენევის კონვენციით.
რა ხდება ქალაქ მარიუპოლში? როგორია რუსეთისა და უკრაინის პოზიციები აღმოსავლეთ ფრონტზე? იქნება თუ არა მასშტაბური ომი? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.
საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინაში ერთობლივ ვიზიტს გეგმავენ
შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიცია და ხელისუფლება ერთობლივი საპარლამენტო ჯგუფით ჩავლენ უკრაინაში. ამის შესახებ უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, დაზუსტებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დელეგაციაში იქნებიან: უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო. ჯერჯერობით უცნობია, დელეგაციას უხელმძღვანელებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
უკრაინის რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა დაგეგმილ ვიზიტზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება. დღეს კი ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე სატელეფონო საუბარს გეგმავს.
ამ თემაზე ასევე ნახე:
სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ საღამოს გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომელიც 198 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს მოიცავს.
საქართველოს ნაწილში მოხვდა 5-6 ივლისის მოვლენები, ძალადობა ლგბტ თემის წარმომადგენლებზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სხვა.
ანგარიშში საუბარია სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლის კონტექსტშიც ნახსენებია ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე.
"სასამართლოს რეფორმის ოთხი ტალღისა და 2013 წლიდან კანონში შეტანილი სხვა ცვლილებების გაანალიზებისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ რეფორმები არ იყო ეფექტური დამოუკიდებელი სასამართლოს გასავითარებლად პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო. კანონში შეტანილი პოზიტიური ცვლილებების დიდი ურავლესობა ნაწილობრივ ან საერთოდ არ განხორციელდა", - წერია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც გაამახვილა ყურადღება. ის ნახსენებია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონტექსტში.
"11 ნოემბერს სახალხო დამცველმა მოუწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტებზე, მისი რუსთავი N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 ციხის ჰოსპიტალში ძალით გადაყვანის შესახებ, რასაც წინ უძღვოდა მისი ხანგრძლივი შიმშილობა. სახალხო დამცველის ოფისმა 2021 წლის 11 ნოემბერს დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის უფლება პატივსა ღირსებაზე, ასევე მისი კონფიდენციალურობა ვიდეო კადრების გავრცელებით, სადაც ნაჩვენები იყო მიხეილ სააკკაშვილის გადაყვანა N18 დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, დამამცირებელ პირობებში", - წერია ანგარიშში.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ცხინვალის საპატიმროს საქართველოს ერთი მოქალაქე უახლოეს ხანში დატოვებს
ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ქართულმა მხარემ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ისევ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 8 მოქალაქე.
ქართულმა მხარემ ასევე მოითხოვა განახლებული ინფორმაცია პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ.
„დავიწყებ მამუკა ჩხიკვაძით, როგორც ცხინვალელმა მონაწილეებმა გვამცნეს, ე.წ. მორიგი სასამართლო უნდა შედგეს ხვალ, 13 აპრილს და მათთვის უცნობია, ეს იქნება ბოლო ე.წ. სასამართლო თუ გაგრძელდება. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. რაც შეეხება ლევან მაჩაბელს, დაისვა საკითხი, ვინაიდან არ იყო გარკვეული მისდამი წაყენებული ე.წ. ბრალდებების შინაარსი, ისევე როგორც გიორგი ქუჯოშვილის შემთხვევაში, მივიღეთ განმარტება, რომ მათაც ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მარინ ლე პენი ეწინააღმდეგება ევროკავშირის აკრძალვებს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე
საფრანგეთის მემარჯვენე-რადიკალური „ნაციონალური გაერთიანების“ წარმომადგენელმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში ომის გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება რუსეთის ენერგომატარებლებს. ლე პენის თქმით, მას არ სურს, რომ ფრანგებს ზიანი მიადგეთ ნავთობსა და გაზზე სანქციებით.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და უკრაინაში ომის ფონზე ლე პენს მიუთითეს რუსეთთან მის ძველ კავშირებზე. ამასთან, პოლიტიკოსმა დაგმო მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესია.
არჩევნების მეორე ტურში ლე პენის მეტოქე იქნება მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. კენჭისყრა 24 აპრილს გაიმართება.
ძლიერ ქარს თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქალი, რომელსაც გუშინ თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა, გარდაიცვალა. 40 წლის ქალი სასწრაფომ კლინიკაში მრავლობითი დაზიანებით მიიყვანა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გუშინ ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები წააქცია, ხეებს ტოტები დაამტვრია და სახურავები დააზიანა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა", - აცხადებენ მერიაში.
უწყების ინფორმაციით, ძლიერი ქარი თბილისში ხვალ, 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. პრობლემების შექმნის შემთხვევაში მერია მოსახლეობას მოუწოდებს, დარეკონ ცხელ ხაზზე (032 2 72 22 22).
სანამ იქნება ომი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი - ინტერვიუ ქართველ სნაიპერ დარეჯან მაისურაძესთან უკრაინიდან
დარეჯან მაისურაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, დასავლეთ უკრაინაში, ტერიტორიულ დაცვაში მსახურობს.
"ომის დაწყების დღესვე გავფორმდი. დავურეკე უკრაინის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს. მიცნობენ დიდი ხანია და იცოდნენ, რომ სნაიპერი ვარ. ვუთხარი: გამომიყენეთ, რაშიც დაგჭირდეთ-მეთქი… ჯერ ასეთი საჭიროება არ არის, რომ 63 წლის ქალი პირველ ხაზზე გაგიშვათ, ტერიტორიულ დაცვაში დაგვეხმარეო, ბლოკპოსტებზე ვარ, ძირითადად", - ჰყვება დარეჯანი.
1992-1993 წლებში ის აფხაზეთის ომში იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ 4-კაციან დანაყოფში, რომელშიც მხოლოდ სნაიპერები იყვნენ.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს დარეჯან მაისურაძე ჩერნოვციში იყო, რუმინეთის საზღვართან ახლოს, დღეს დევნილებით გადავსებულ ქალაქში, სადაც თავად 2009 წლიდან ცხოვრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი ვიყავი და ვარ ამ ქვეყანაში, ყველა მეტად რამაც მე გამაოცა, ამ ერის თანადგომაა. არავინ არ ელოდა ამას, რუსებიც. მაგათ 3-4 დღეში ჰქონდათ უკრაინის აღება გათვლილი. ხალხი დგას, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან, ერთმანეთს უნაწილებენ ყველაფერს“, - ამბობს ქართველი მებრძოლი.
წაიკითხე მეტი ლანა კოკაიას ინტერვიუში.
კიევის წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში პატივი მიაგეს ქალაქ იზიუმთან ბრძოლაში დაღუპულ ორ ქართველ მებრძოლს.
სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ ნიკოლოზ შანავასა და დავით მენაბდიშვილის საქართველოში გადმოასვენებენ.